2024 - რისი წელი მოდის აღმოსავლური ჰოროსკოპით და რა გველოდება
აღმოსავლური, ანუ ჩინური ჰოროსკოპი 12 ცხოველისგან შედგება და თითოეული სიმბოლო გარკვეულ წელს უკავშირდება. თითოეულ ცხოველს თავისი დახასიათება აქვს. ცხოველის თვისებებს ბუნების ელემენტები ავსებს – შეფერილობა და სტიქიასთან დაკავშირებული მდგომარეობა. 2024 ხის მწვანე დრაკონის წელია. დრაკონის წელი 2024 წლის 25 იანვარს დაიწყება და 2025 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
ჩინურ ფილოსოფიაში დრაკონი საპატიო მითოლოგიური არსებაა, რომელშიც შერწყმულია ზრდის, განვითარებისა და ჰარმონიის ენერგია. ის განასახიერებს ძალას, სიბრძნეს, კეთილშობილებას.
მწვანე ფერი დრაკონის მეომარ ბუნებას აღმშენებლობასთან აწონასწორებს: ეს ფერი აყვავებასა და სულიერი განვითარებისკენ სწრაფვას ნიშნავს. ცხოვრებაში წარმატებისა და იღბლის მოსაზიდად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს ფერი ტანსაცმელში, ინტერიერში ან სხვა ელემენტებში.
ხე, თავის მხრივ, სტაბილურობის, სიმტკიცისა და მუდმივობის სიმბოლოა. ასე რომ, მწვანე ხის დრაკონის წელი მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, ხის მწვანე დრაკონი ყველა დრაკონს შორის ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია.
დრაკონის წელი ჰარმონიული და ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვინც მზადაა, მიიღოს გამოწვევები და გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები. ბავშვები, რომლებიც 2024 წელს დაიბადებიან, იქნებიან ძლიერი ხასიათის მქონენი, კეთილი, ბრძენი, ექნებათ თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.
დრაკონის წლის მახასიათებლებს გააძლიერებს ის, რომ 2024 წელი იქნება ნაკიანი, ანუ წელიწადში 365 დღის ნაცვლად იქნება 366 დღე.
როგორც აღვნიშნეთ, ჩინური ზოდიაქო 12-წლიან მთვარის ციკლს ეფუძნება. დრაკონის წელს მასში მეხუთე ადგილი უკავია – კურდღლისა და გველის წლებს შორის.
არსებობს ლამაზი ლეგენდა იმის შესახებ, თუ რატომ არის ძლიერი დრაკონი მხოლოდ მეხუთე და არა პირველი ჩინურ ჰოროსკოპში. ნეფრიტის იმპერატორმა იუი-დიმ ცხოველებს შორის გარბენი მოაწყო, რათა განესაზღვრა ზოდიაქოს ნიშნების რიგითობა.
როდესაც დრაკონი ფინიშს მიუახლოვდა, დაინახა სოფელი, რომელიც გვალვისგან იტანჯებოდა. ის ღრუბლებში აიჭრა და წვიმა გამოიწვია, რათა მშიერ ხალხს დახმარებოდა. დრაკონმა განაგრძო გზა, მაგრამ სხვა სოფელი დაინახა – მას წყალდიდობა ემუქრებოდა. მან შეიცოდა ხალხი, გადაყლაპა წყალი და მხოლოდ ამის მერე განაგრძო გზა.
უკვე ფინიშთან მისულმა დრაკონმა დაინახა კურდღელი, რომელსაც მგელი მისდევდა. კურდღლის გადასარჩენად დრაკონმა ის თავის წინ ჩააყენა. ასე გამოვიდა, რომ ძლიერი და მძლავრი არსება ფინიშთან მეხუთე მივიდა ვირთხის, ხარის, ვეფხვისა და კურდღლის შემდეგ.
აღმოსავლეთში წელი დრაკონის ეგიდით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ხელსაყრელ წლად მიიჩნევა.
დრაკონი ერთადერთი მითოლოგიური არსებაა სხვა ნიშნებს შორის, რომელშიც მიწისა და ცის სულია შერწყმული. ჩინეთში სწამთ, რომ ის ყველაზე ენერგიული და მძლავრი ცხოველია. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს შეუძლიათ ქარის, წვიმის მართვა, გავლენის მოხდენა ამინდზე, მოსავალზე.
თითოეული წელი აღმოსავლურ ჰოროსკოპში ხუთიდან ერთ-ერთ ელემენტს უკავშირდება: ოქროს, წყალს, ხეს, ცეცხლს ან მიწას. თითოეული ციკლი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება. ანუ ხის დრაკონის წელი იყო 1964 წელს.
დრაკონის წელს დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:
ბრუს ლი, სალვადორ დალი, ჯონ ლენონი, ჟანა დ’არკი, მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი, ფრედი მერკური, მონიკა ბელუჩი, სტენლი კუბრიკი, ადელი, პატრიკ სუეიზი და სხვ.
sputnik-georgia.com