რომელი დაავადებების სიმპტომია შუილი ყურებში ანუ ტინიტუსი?
ტინიტუსი სამედიცინო ტერმინია იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, როცა ყურებში ხმაური გვესმის ისე, რომ ბგერების გარე წყარო არ არსებობს. ტინიტუსს ხშირად უწოდებენ „შუილს ყურებში“. ის შესაძლოა ჟღერდეს, როგორც ზუზუნი, წკრიალი, გუგუნი ან სტვენა.
ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი გიორგი ალიშანიძე batumelebi.netgazeti.ge-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თავად ტინიტუსი არა დაავადება, არამედ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის სიმპტომია, რომელიც შესაძლოა მკურნალობის არქონის შემთხვევაში პროგრესირდეს და სმენის დაქვეითებით გართულდეს.
ტინიტუსი ზოგადი მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტს აწუხებს და მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ, თუმცა, პირველ რიგში, თავისთავად მოწმდება ყური. ამიტომ ასეთ დროს, პირველ რიგში, მიმართავენ ოტორინოლარინგოლოგს.
ყურის პრობლემებიდან ტინიტუსის მიზეზი შეიძლება იყოს გოგირდის საცობი გარეთა სასმენ მილში, რომელიც ყველაზე მარტივად მოგვარებადი პრობლემაა. გოგირდის საცობის ამოღების შემდეგ ხმაურიც გადადის ყურიდან და აღარ აწუხებს პაციენტს.
ტინიტუსი შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს გარეთა სასმენი მილის ანთებით; მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, შუა ყურის ანთება, ექსუდატი იგივე შუა ყურში სითხე, ან ჩირქი.
რაც შეეხება შიგნითა ყურს, რომელიც თავის მხრივ სადიაგნოსტიკოდ უფრო რთულია, აქ ლოკოკინაში, ყურის აპარატში არის ძალიან მგრძნობიარე ნეიროეპითელიუმი, რომლის ტრავმის დროსაც ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შუილი, შიშინი და სმენის დაქვეითება/დაკარგვა.
ტინიტუსი ხშირად ვითარდება ბაროტრავმისა (დისკომფორტი ყურში წნევის ცვლილების გამო) და მაღალი ხმით ყურზე ზემოქმედების შედეგად.
ტინიტუსი შეიძლება წარმოიშვას ან უფრო შესამჩნევი გახდეს სისხლძარღვოვანი დარღვევების დროს (ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია, ათეროსკლეროზი). ასეთ შემთხვევებში, როცა ჩვენ გამოვრიცხავთ ყურის ორგანოს, ვამისამართებთ პაციენტს შესაბამის სპეციალისტთან.