„არის შემთხვევები, როდესაც გოგოები დედის პარტნიორისგან ფეხმძიმდებიან“ - იურისტი
„სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც გოგოები შვილებს დედის პარტნიორისგან აჩენენ“ - ამის შესახებ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ იურისტმა, მანანა ფურცხვანიძემ TIA.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
- ბავშვების იდენტიფიცირება რომ არ მოხდეს, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ გეტყვით, რომ საუბარია დედის პარტნიორის მხრიდან გაუპატიურებაზე და შედეგად ფეხმძიმობაზე. ეს უმძიმესი შემთხვევებია და უფრო უარესია, რომ ზოგ შეთხვევაში, დედა ცდილობს პარტნიორს ხელი დააფაროს და პასუხისმგებლობისგან იხსნას.
_ გამოდის, რომ ბავშვის ინტერესები დედის პირადი ცხოვრების უფლებას ეწირება?
_ ვერ ვიტყვი, რომ დანაშაული ქალის უფლებებმა გამოიწვია, მაგრამ დაუშვებელია საზოგადოების პოზიცია, რომ სხვისი ოჯახის საქმე არ ეხება, სათანადო სტრუქტურების მხრიდან რაღაცეებზე თვალის დახუჭვა და ასეთი დედის გვერდით შვილის დატოვება, თუმცა მარტო იმ სტრუქტურებსაც ვერ დავადანაშაულებთ, რომლებსაც რეაქცია უნდა ჰქონდეთ - ვიღაცამ იქამდე ხომ უნდა მიიტანოს? სახლში, სადაც პატარა გოგონა იზრდება, გარკვეული რისკია, როცა დედას თავისზე ახალგაზრდა პარტნიორი მოჰყავს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, რომ თავისზე ახალგაზრდა ან უფროსი პარტნიორი ჰყავდეს, მაგრამ მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ ბავშვი ყველანაირად დაცული იყოს. საზოგადოებაში ასეთი შემთხვევები არსებობს და ამის გამეორებისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ ბავშვების მიმართ ყურადღება ყველა სტრუქტურიდან და პირველ რიგში, იმ საზოგადოებიდანაა საჭირო, რომელიც ბავშვის გარშემოა - ნათესავი, მეზობელი და ა.შ. არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ეს მისი საქმე არაა, მას არ ეხება და და ა.შ.
_ პარტნიორთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უყურადღებო დედებს რაიმე პაუხისმგებლობა თუ ეკისრებათ?
_ ასეთი ოჯახი აუცილებლად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. სოც-მუშაკი უნდა აფასებდეს დედა რამდენად ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანია, შვილს როგორ უვლის და ა.შ. საბოლოოდ, დედის პასუხისმგებლობა იმ სოციალური მუშაკის დასკვნაზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ოჯახთან იმუშავებს. სახელმწიფო უნდა ხედავდეს როგორ იზრდებიან ეს ბავშვები, სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახია თუ უზრუნველყოფილი. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი რამ და უარესი უზრუნვეყოფილ ოჯახებშიც მოხდეს. ასე, რომ სოციალურ სამსახურებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მათ შეუძლიათ და ევალებათ, რომ მშობლის უფლება შეუზღუდონ მშობელს, რომელიც საკუთარ მოვალეობებს ვერ უმკლავდება.