რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში მარხვის დროს
ზომიერება ყოველთვის და ყველაფერში – ეს არის პრინციპი, რომლის დაცვას ერთხმად გვირჩევენ ექიმებიცა და სასულიერო პირებიც. მარხვის შემდგომ პერიოდში სწორედ ზომიერების დაცვაა აუცილებელი, მით უფრო, რომ მარხვის უკანაკსნელი კვირა ყველაზე მკაცრია.
ზომიერების დაცვა, გარდა იმისა, რომ წმინდა ზნეობრივი კუთხით არის მნიშვნელოვანი, აუცილებელია მარხვის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოც. ხანგრძლივი დროით მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება და ერთფეროვანი რაციონი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზე აისახება. რაკი ორგანიზმი ცხოველური ცილებითა და ცხიმებით აღარ იტვირთება, ქვეითდება პანკრეასის მიერ იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც ამ კომპონენტების გადამუშავებაში მონაწილეობს. თუ სიმსუნაგეს ვერ ვძლიეთ და ერთბაშად მივეძალეთ ცხოველურ საკვებს, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ძლიერი დისკომფორტი გარდაუვალია: მოსალოდნელია მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა და სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებას ახლდეს თან.
რა იწვევს ასეთ მძიმე სურათს მაშინ, როცა ადამიანი ჩვეულ კვებას უბრუნდება? ზემოთ აღწერილი დისპეფსიური ჩივილები იმ პირებს შორის არის ხშირი, ვინც ერთბაშად მიეძალება მარხვის პერიოდში აკრძალულ სურსათს. როგორც უკვე ვთქვით, მთელი მარხვის განმავლობაში ცხოველური საკვებისგან თავშეკავების გამო ორგანიზმში მისი გადამუშავებისთვის საჭირო ფერმენტების ოდენობა შემცირებულია. ფერმენტთა ის რაოდენობა, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი მარხვის შემდეგ გამოიმუშავებს, საკმარისია მხოლოდ მცირეოდენი ცხოველური საკვების მოსანელებლად. სამედიცინო ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, მარხვის შემდეგ ორგანიზმში ცხოველური სურსათის გადამუშავებაში მონაწილე ფერმენტების შედარებითი დეფიციტი ვითარდება. ტერმინი "შედარებითი" აღნიშნავს, რომ ორგანიზმს ამ ფერმენტების გამომუშავების უნარი შესწევს, უბრალოდ, მათი ოდენობაა შემცირებული, ვინაიდან საკვებს, რომლის მონელებისთვისაც ხდება მათი პროდუქცია, ადამიანი გარკვეული ხნის განმავლობაში არ იღებდა. შესაძლოა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ მარხვა საჭმლის მონელებას არღვევს. ასეთი საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება - როდესაც ცხოველური საკვების მიღება განახლდება, თანდათან მოიმატებს ფერმენტების გამომუშავებაც. მთავარია, ადამიანი თანდათან, ნელ-ნელა დაუბრუნდეს ჩვეულ რაციონს, რათა აღნიშნული პროცესი უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად წარიმართოს.
მადის აღმძვრელი სუფრა, ნაირგვარი საკვები კუჭის წვენისა და მარილმჟავას სეკრეციის მკვეთრ მატებას იწვევს, ეს კი განსაკუთრებით არასასურველია, როდესაც ადამიანს კუჭის წყლული აქვს. გარდა ამისა, ზომაზე მეტად იტვირთება პანკრეასი - სწორედ მას აკისრია ცხოველური საკვების მონელებაში მონაწილე ფერმენტების გამომუშავება. თუ უხვ საკვებს დიდი ოდენობით ალკოჰოლიც დაემატა, დიდია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკი.
საფრთხე ნაღვლის ბუშტსაც ემუქრება: ცხოველური ცხიმით მდიდარი საკვები შესაძლოა ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავების მიზეზად იქცეს. ყოველივე ეს კი ნაწლავის გაღიზიანებასაც იწვევს.
მეტისმეტად ტვირთავს სადღესასწაულო სსუფრა გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მეტადრე - თუ ადამიანი არტერიულ ჰიპერტენზიას ან გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიას უჩივის. რისკი განსაკუთრებით იმატებს, როდესაც მეტისმეტად ნოყიერი ცხოველური საკვების მიღება ფიზიკურ დატვირთვას (მსვლელობა ლიტურგიისას, ღამისთევა) მოსდევს. ზედმეტი საკვების მიღების გამო საჭმლის მომნელებელ სისტემას უფრო მეტი სისხლი მიეწოდება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სისხლისა და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. სწორედ ეს გახლავთ სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის - რისკის მატების მიზეზი. დიდი ოდენობით მარილიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება კი არტერიული წნევის მატებას განაპირობებს და ჰიპერტონიული კრიზის წინაპირობას ქმნის.
წყარო: მკურნალი.გე