თეგებით ძიება

20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მაკო გომური საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

2019 წლის 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მაკო გომური საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„სარჩელი 2 წლის წინ შევიტანე და დღეს ჩაინიშნა პირველი სასამართლო“ – შსს-ს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, მაკო გომური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

სარჩელით – „მაია გომური საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“,  მაკო გომური „პოლიციის შესახებ“ კანონის და შს მინისტრის ბრძანების იმ ნორმების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე რეზინის ტყვიის გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში გომურის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს.

როგორც საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს „სამართალდამცავი საქმიანობისას ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების შესახებ“ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სახელმძღვანელო დებულებებს.

„1 საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული რეზინის ზედაპირის მქონე ფოლადის ტყვიის გამოყენება, რაც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. ამასთან, გასაჩივრებული ნორმა არ კრძალავს რეზინის ტყვიის სროლას შემაღლებული ადგილიდან, რაც აჩენს მისი ადამიანის თავის არეში მოხვედრის საფრთხეს. საქართველოს კანონმდებლობით ასევე, არ არის აკრძალული იარაღიდან რეზინის ტყვიის ჯერის სროლა, ასევე, რეზინის ტყვიის გასროლა არაპირდაპირ რიკოშეტის ეფექტით, როცა რეზინის ტყვიის საფანტი მყარ ზედაპირზე მოხვედრის შედეგად შეიძლება გაიშალოს. თოფიდან ერთდროულად რამდენიმე რეზინის ტყვიის სროლა აჩენს ძალადობრივი ქმედების ჩამდენ პირთან ერთად ადგილზე შემთხვევით მოხვედრილი ადამიანის დაზიანების საფრთხეს, ისევე როგორც ტყვიის გაფანტვა შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების საფრთხეს.

საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არავითარ გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, რომ რეზინის ტყვია გამოყენებული იქნეს როგორც უკანასკნელი საშუალება ძალადობრივი ქმედების აღსაკვეთად, როცა სხვა უფრო ნაკლებად დამაზიანებელი საშუალებით ვერ ხდება ძალადობრივი ქმედების აღკვეთა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ჯერ გამოიყენოს რეზინის ტყვია, ხოლო შემდეგ აკუსტიკური საშუალება, მაშინ როდესაც რეზინის ტყვია უფრო დამაზიანებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ვიდრე – აკუსტიკური საშუალება“, – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიმართა.

ცნობისათვის, 2019 წლის 19-20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლის დროს, მაკო გომურმა თვალი დაკარგა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა