ეს ისტორიული დღეა, სწორედ ისეთი დღეა, როგორი დღეებისთვისაც ღირს ცხოვრება - გიორგი ტყემალაძე
მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა გულშემატკივარს, რადგან დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას საკრებულოში, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში შეეგებნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული ევროპული სახელმწიფო, ისეთი, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ანწუხელიძე და ის გმირები, რომლებმაც საქართველოს შესწირეს თავიანთი სიცოცხლე.
„გილოცავთ ყველას, დღეს ისტორიული დღეა, სწორედ ისეთი დღეა, როგორი დღეებისთვისაც ღირს ცხოვრება. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნენი, არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ისევე როგორც ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებითა და მუხლჩაუხრელი შრომით მოხდა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობას, „ქართულ ოცნებას“, მის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს გადაუხადა.
„მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც, ჩვენთან ერთად, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან და ტრიბუნიდან, მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.