თოვლის ბაბუების, ხიდების, სადილის, სიყვარულის შიში – უცნაური და სახალისო ფობიები
არ ვიცი, როდიდან მაქვს მწერებისადმი შიში, მაგრამ დღემდე მახსოვს ჩემი ყველა ემოცია, როდესაც ბუნებაში ყოფნისას ობობობა „უწყინრად“ ჩამომაჯდებოდა მხარზე… მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ „უცნაურობას“, რასაც მედიცინის ენაზე თურმე ინსექტფობია ჰქვია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საყოველთაოდ გავრცელებული ფობიების გარდა, არსებობს ისეთებიც, რომელიც ფსიქოლოგების გაოცებასაც კი იწვევს. მათ შესახებ ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი რუსუდან მხეიძე გვესაუბრება:
_ ფობიების სახეობა შეიძლება იმდენი იყოს, რამდენი რამის ან ვინმეს შიში აქვს ადამიანს. მეცნიერულად, უცნაური ფობიების 1000-ზე მეტი ჩამონათვალი არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვლევა დასრულებულია… რამდენიმე ისეთი ფობიის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც კონკრეტული პრობლემით შეწუხებული პაციენტი მოვიდა ჩემთან. თითქოს სახალისოა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს „სახალისო აკვიატება“ სულ თან დასდევს ადამიანს და ცხოვრებას უმწარებს…
ჩემს პრაქტიკაში შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ. მნიშვნელობა არ აქვს, თოვლისგან არის გაკეთებული, სათამაშოა, „გამოძახების“ სერვისში მომუშავე ხელოვნურ წვერიანი ადამიანი თუ უბრალოდ ნახატი. ბევრს ეს შიში დიდობაშიც გაჰყვა. პაციენტები მიყვებოდნენ, – ჩემთვის ტრაგედიაა ზამთარი, რადგან თოვლის ბაბუებს ლამის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებითო. ძალიან ცუდ დღეში არიან იმ პატარების მშობლებიც, რომელთაც ეს ფობია აწუხებთ, – საახალწლოდ ზღაპრის ამ პერსონაჟების ბუმია და ჩემს შვილს მათ დანახვაზე პატარებს სპაზმი ეწყებაო.
ამ დროს იქაურობას თუ არ მოაშორეს, შეიძლება ემოციური შოკი მიიღონ. ეს მოზარდებსაც ემართებათ, მაგრამ პატარებისგან განსხვავებით, მათთვის ემოციებს კონტროლი ადვილია. ჩემს პაციენტები აღმოვაჩინე, ადრე ამრიკაში ძალზედ გავრცელებული უცნაურობა, ქოულროფობია, – მათ არანორმალურად ეშინიათ კლოუნებისა და ჯამბაზების, – ქუჩაში, ტელევიზორში ან ინტერნეტში რომ ვნახულობ, ისეთ დღეში ვვარდები, ერთი საათი ვსულიერდებიო, – მეუბნებიან ჩემი პაციენტები. ამ დროს ადამიანს სპაზმი და კანკალი ეწყება, ცივი ოფლი ასხამს და იქაურობას თუ არ გაერიდა, შესაძლოა შოკში ჩავარდეს.
ამ ბოლო დროს, რამდენიმე პაციენტისგან გავიგე, რომ მათ თეატროფობია სჭირთ. რთულად ასახსნელია, მაგრამ მათ თეატრის შიში აქვთ. ვურჩიე, – არ წახვიდეთ-მეთქი. არა, არც მივდივარ, მაგრამ თეატრის შენობებთან რომ გავლის დროსაც კი დისკომფორტი მაქვსო, მიპასუხეს.ასევე ბევრმა შემომჩივლა დიკეფობიაზე, რაც სადილის მიმართ შიშს ნიშნავს.
–სადილის მიმართ შიში რას ნიშნავს?
-მათ ეშინიათ, რომ ჭამის დროს, ლუკმა არ გადასცდეთ და არ დაიხრჩოს. როდესაც საკვებს მივირთმევ, მტანჯავს იმის შიში, რომ ეს ჩემი ბოლო სადილია, საუზმე ან ვახშამია, რადგან ხომ შეიძლება ლუკმა გადამცდეს და დავიხრჩო… ნებისმიერი მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, მაგრამ მაინც ვურჩევ, რომ ნებისმიერი საკვები ფრთხილად, ნელა და ყურადღებით მიირთვას.
ძალიან გავრცელებულია კიბერეფობია, – ანუ კომპიუტერის შიში, ასევე ნემოფობია, – მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტკავშირის გარეშე დარჩენის შიში. ერთი პაციენტი მიყვებოდა, შესაძლოა, დღის განმავლობაში არც კი ვისარგებლო სოციალური ქსელებით, მაგრამ სახლში შესვლისთანავე ვრთავ კომპიუტერს და თუ ინტერნეტი გათიშული დამხვდა, შეიძლება კედლებზე გავიდეო.
-მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა?
– დიახ. არ მჭირდება, მაგრამ ინტერნეტი აუცილებლად უნდა იყოს. სხვანიარად სახლში ვერ გავჩერდები. ჩემს საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ ის მაინც მჭირდებაო… ასევე მყავს რამდენიმე პაციენტი, რომელთაც პლიტოფობია, ანუ სიმდიდრის სტანჯავთ, ამას ორი მიზეზით ხსნიან; – ერთ ნაწილს ეშინია, რომ მას ფულის გამო მოკლავენ, მეორე კი მიიჩნევს, რომ ადამიანებს მის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გაუჩნდებათ და მასთან მხოლოდ ფულის გამო იქნებიან. წლებია მყავს ერთი პაციენტი, რომელიც მიწისძვრის შიშით იტანჯება.
სპიტაკის დროს, თბილისშიც მოხდა მიწისვძრა და მას შემდეგ მუდმივად მაწუხებს შიში, – ვაითუ, ისევ მოხდესო. საერთოდ, ყველა ფობიას ყოველთვის რაღაც წინაპირობა აქვს, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ. ერთ ჩემს ერთს პაციენტს ხიდების მიმართ პანიკური შიში, გეფიროფობია აქვს. – ბავშვობაში სოფელში რომ დავდიოდოით, ბებიას სასაფლაოზე დავყავდი. 4-5 წლის ვიქნებოდი, მაგრამ ახლაც მახსოვს ის შიში, – სოფლის სასაფლაოსკენ მიმავლებს, გზად პატარა ნაკადული უნდა გაგვევლო, რომელზეც ხის რამდენიმე მორი იყო გადებული.
ამ „ხიდის“ ყოველ გადასვლა-გადმოსვლისას საშინელი განცდა მქონდა. მას შემდეგ, რამდენიმე ათეული წელი გავიდა და ნებსმიერი მასშტაბის ხიდზე გადასვლისას იმდენად ცუდად ვხდები, რომ თვალებს ვხუჭავ და თვალდაჭუხულიც კი ვგრძნობ იმ მძიმედ გასავლელ მონაკვეთსო.
_ უცნაური ფობიების ჩამონათვალი მატულობს?
_ დიახ, ერთი ახალგაზრდა პაციენტი მყავდა, რომელსაც შიდსოფობია ჰქონდა. ერთხელ დილაუთენია დამირეკა – სასწრაფოდ უნდა გნახოთო და რამდენიმე წუთში ფერდაკარგული მოვიდა, თავი უნდა მოვიკლაო, – რატომ-მეთქი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ვიყავი და ხომ შეიძლება შიდსი ჰქონოდაო. გამოვკითხე, რა სახის ურთერთობა გქონდათ-მეთქი, – ვაკოცეო.
დავიწყე იმის ახსნა თუ რა გზებით ვრცელდება ეს ვირუსი, მან საუბარი შემაწყვეტინა და ამ დაავადების ისტორიაზე სრულფასოვანი ლექცია წამიკითხა. გაოცებულმა ვკითხე, – ყველაფერი გცოდნია და მაშ რისი გეშინია-მეთქი. მაინც იგივეს მეუბნებოდა. ბოლოს ვუთხარი, – სისხლის ანალიზი გაიკეთე-მეთქი. წავიდა და იმავე დღეს დამირეკა, უარყოფით პასუხი მოვიდაო. დამშვიდდი-მეთქი? – კი, მაგრამ ხომ შეიძლება, იქ გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტებიდან გადამდებოდა ვირუსიო და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი…
ხშირია, როდესაც ადამიანებს ამა თუ იმ დაავადების შიში აქვთ, მაგალითად, ქრომეტოფობია, ფულის შიში. ფულს ხელ ვერ კიდებენ, რადგან ბინძურია და რამ დაავადება არ დაგვემართოსო. ეს უფრო ქალებს აქვთ, მაგრამ მამაკაცებს აქვთ ფილემაფობოა, ანუ კოცნის შიში. ახალგაზრდები ამ პრობლემას ძალიან სახალისოდ, ოდნავ დარცხვენილი მიყვებიან, – ძალიან მომწონს ერთი გოგო, მინდა ვაკოცო, მაგრამ ბოლო მომენტში უკან ვიხევ, – ვაითუ მისგან მიკრობები გადმომედოსო. ამ დროს ძნელია არ გაგეცინოს…
სრაც უფრო „სტაჟიანია“ ფობია, უფრო ძნელად ინკურნებიან. სხვათა შორის, ახალგაზრდებს ასევე ხშირად აწუხებთ ფილოფობია, ანუ სიყვარულის შიში. ვაითუ შემიყვარდეს და მერე დავკარგოო. ამიტომ, თავიანთ გრძნობებს „ბლოკავენ“ და თავიანთ თავში იკეტებიან.