თეგებით ძიება

როგორია ბიჭვინთის აგარაკის ისტორია, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეზიდენციად გადაკეთდება

ბიჭვინთის აგარაკი, რომელსაც „ხრუშჩოვის აგარაკიც“ ჰქვია, 186 ჰექტარი რელიქტური ფიჭვის ტყე-პარკითა და საზღვაო აკვატორიით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთს გადასცა. უკვე ცნობილია, რომ აგარაკი გარემონტდება და ვლადიმერ პუტინის რეზიდენციად გადაკეთდება.

აღნიშნული ადგილი საქართველოსა და საერთოდ საბჭოთა მთავრობისათვის განკუთვნილი საყვარელი დასასვენებელი სააგარაკო კომპლექსი იყო. ამ სანაპიროზე არცთუ იშვიათად ნახავდით ქვეყნის ცენტრალური კომიტეტის მდივნებს და სხვა მაღალჩინოსნებს.

საუკეთესო ქვიშიანი სანაპიროს, თბილი ზამთრისა და ზომიერად ცხელი ზაფხულის გამო, საკურორტო კომპლექსის მშენებლობა აქ 1959 წელს დაიწყო და რამდენიმე წელს გასტანა.

აქ ისვენებდა საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი 1964 წლის შემოდგომაზე, როდესაც შეატყობინეს, რომ ის ცკ-ის პირველი მდივანი აღარ იყო. 1974 წელს, საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი საფრანგეთის პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს სწორედ ბიჭვინთაში შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის იდეა პირველად 12 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ მაშინ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვის გამო ეს თემა დღის წესრიგიდან გაქრა.

1995 წლის ხელშეკრულებით, კომპლექსი რუსეთს უვადო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული, მაგრამ აფხაზეთის საკუთრებად რჩებოდა. საბჭოთა კავშირის ლიდერების საზაფხულო რეზიდენციას, რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა შეხვედრისა და ღონისძიებისთვის სწორედ 1995 წლიდან იყენებს.

2017 წლის აგვისტოში, ამ აგარაკზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა, თუმცა ეს ცნობილი მხოლოდ 11 ივლისს გახდა, როდესაც დოკუმენტის განხილვა დე ფაქტო პარლამენტში დაიწყეს. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო აგარაკის შენობა-ნაგებობები რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო მიმდებარე 186 ჰექტარი რელიქტური ფიჭვის ტყე-პარკი და 115 ჰექტარამდე საზღვაო აკვატორია რუსეთს 49-წლიანი იჯარით, წელიწადში 1 ლარად გადაეცემა.

ფარულად გაფორმებული შეთანხმება ამ დრომდე აფხაზების პროტესტის გამო ვერ ამოქმედდა. დე ფაქტო მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, აგარაკი უკვე სრულად რუსების მფლობელობაშია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.

მალევე, ასლან ბჟანიას ხელმოწერით კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის რატიფიკაციის შესახებ“ ძალაში შევიდა.

რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდეს.

წყარო : bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა