ზოდიაქოს ყველაზე ეჭვიანი ნიშნები
ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეჭვიანობის გრძნობა. ზოდიაქოს ნიშნებიდან ზოგი ძალიან ეჭვიანია, ზოგი -ნაკლებად. თუ იცით თქვენი საყვარელი ადამიანის ნიშანი, გაერკვევით, რამდენად ეჭვიანია იგი.
ვერძი
საზოგადოებაში საკუთარ თავში თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საკმაოდ ეჭვიანი ნიშანია. ყველაზე უმნიშვნელო საბაბის გამო შეიძლება ეჭვიანობის ცეცხლი ააგიზგიზოს. ეჭვიანობით ტვინდაბინდულმა შეიძლება სამაგიეროს გადახდის მიზნით პარტნიორს უღალატოს კიდეც; ეს უკანასკნელი უდანაშაულო რომ იყოს, მაშინაც. უნდა იცოდეთ, რომ ვერძთან თანაცხოვრების დროს მოსაწყენად არ გეცლებათ. თუ თავად ხართ ვერძი, აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ გადაწყვეტილება ცხელ გულზე კი არა, ცივი გონებით მიიღოთ; პარტნიორთან ურთიერთობა კი მშვიდად(!) გაარკვიოთ.
კურო
მისი ცხოვრება რაციონალურია, მუდამ მყარად დგას მიწაზე. პარტნიორს დიდხანს არჩევს. ფრაზა: ”ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ და ერთ დღეს გარდაიცვალნენ” - კუროების მოგონილია. თუ მან ეჭვიანობა დაიწყო, ეს გრძნობა უსაფუძვლო არ იქნება. კუროს არ უყვარს გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება. ამიტომ, თუ მისი ეჭვები გამართლდა, დაშორებაც მშვიდი, ხმაურიანი სცენების გარეშე იქნება.
ტყუპი
ურთიერთობის დასაწყისშივე გამოგიტყდებათ, რომ ძალიან ეჭვიანია. მათთვის ერთგულება შეუძლებელია. ურთიერთობაში პერპექტიულობა ხიბლავთ. თუ ძლიერი გრძნობა აქვთ, მეორე ნახევრის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ბუნებით ლაღია, უყვარს ურთიერთობა და მისი უმნიშვნელო საუბარიც შეიძლება ფლირტად მოგეჩვენოთ. თავად კი, თუ საყვარელი ადამიანი ღალატში ამხილა, არ ჩქარდება. იგი მოქმედებს პრინციპით: ”სამაგიერო ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიართვა”.
კირჩხიბი
ეჭვიანობის გრძნობით იშვიათად იტანჯებიან. როცა სამომავლოდ პარტნიორს ირჩევენ, მასში ბოლომდე იხსნებიან. შეუძლებელს შეძლებენ, ოღონდ ურთიერთობა ბედნიერი და ხანგრძლივი იყოს. პარტნიორს ეჭვიანობა რომც შეამჩნიონ, დიდი ხნის განმავლობაში ბოღმას გულში შეინახავენ, სანამ მოთმინების ფიალა არ აევსებათ. შემდეგ აგრესიულები გახდებიან. თუ კირჩხიბს უღალატეთ, მისგან პატიებას ვეღარ ეღირსებით.
ლომი
ცეცხლოვანი ნიშანი თავბრუს დაგახვევთ და მის დავიწყებას დიდხანს ვერ შეძლებთ. ლომზე მუდმივად უნდა იფიქროთ, მუდმივად აღფრთოვანებული უნდა იყოთ მისით, მუდამ ავლენდეთ სიყვარულს მის მიმართ. ნუ დაგავიწყდებათ, ის მეფეა! თავად ლომი ეჭვიანი იშვიათადაა, რადგან საკმაოდ თავდაჯერებული და დამოუკიდებელია. ამასთანავე, საოცარი მესაკუთრეა და ღმერთმა დაიფაროს ის, ვინც მისი "სამკაულისკენ” ხელს გაიწვდენს. ეჭვიანობისას არ სჩვევია ემოციების მოთოკვა. ამიტომ, უფრთხილდით.
ქალწული
მშვიდი და გაწონასწორებული ქალწული საკუთარ ემოციებს მუდმივად აკონტროლებს. მისთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორთან საერთო ინტერესები აკავშირებდეს. მუდამ კრიტიკულია და მცირე იმედგაცრუებებს საჭირო დროისთვის აგროვებს. ეჭვიანობის მიზეზი რომ ექნება, პრეტენზიებს მანამ არ გამოხატავს, სანამ ბოლო დეტალში არ იქნება დარწმუნებული. თუ ქალწულს ერთხელ მაინც მოატყუებთ, მისი ნდობის იმედი აღარ გქონდეთ.
სასწორი
სასწორს ცხოვრებაში ორი რამ სჭირდება: სიყვარული და უკონფლიქტობა. თუ პარტნიორის გვერდით თავს დაცულად, უსაფრთხოდ არ გრძნობს, ეჭვიანობას იწყებს. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაგირბით. ამიტომ თამამად ჰკითხეთ მიზეზის შესახებ. ეს ერთადერთი ნიშანია, რომელიც ყველაფერს გაგებით ეკიდება და თუ პარტნიორი "გზას ასცდა", არის შანსი, რომ ყველაფერი გამოსწორდეს.
მორიელი
ყველაზე ეჭვიანის ტიტულზე აქვს პრეტენზია და არის კიდეც ასეთი. აქვს დღეები, როცა საეჭვიანო კბენის გარეშე დღეს არ დააღამებს. ასევე სჩვევია პარტნიორის წარსულზე ეჭვიანობა. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ მოუყვეთ ბაღის ან სკოლის შეყვარებულზე. მორიელს სურვილი აქვს, პარტნიორის ყოველი ნაბიჯი აკონტროლოს, როგორც ფარულად, ასევე ღიად. თუ მისი ეჭვები გამართლდა, დაუნდობლად დაგგესლავთ.
მშვილდოსანი
იშვიათად ეჭვიანობს, თუმცა, არც აღიარებს. ერთი საშიშროებაა, შეიძლება საკუთარი მოსაზრებები ისე ააწყონ, რომ მიატოვონ პარტნიორი, ეს უკანასკნელი უდანაშაულო რომ იყოს, მაშინაც. თუ მშვილდოსანმა ეჭვიანობაში დაგადანაშაულათ, მიატოვეთ ყველა საქმე და ყველა დეტალი განიხილეთ. ამასთანავე, ეს ნიშანი ერთადერთია, ვინც პარტნიორს სრულ თავისუფლებას ანიჭებს ურთიერთობაში. თუმცა, იმავეს ითხოვს მისგანაც.
თხის რქა
ეჭვიანობა მისთვის პერმანენტული მდგომარეობაა, რომელშიც არათუ გარშემო მყოფებს, საკუთარ თავსაც არ უტყდება ხოლმე. ძუნწია, როგორც გრძნობების გამოხატვაში, აგრეთვე, მეტყველებაში. ამიტომ პარტნიორი ვერასდროს მიხვდება, რას ფიქრობს იგი. კარგი ამბავი ისაა, რომ ეჭვიანობა დიდხანს არ გრძელდება. ბუნებით ლიდერია და ვერ აიტანს, თუ უღალატებენ. თავად თუ გიღალატათ, ამას ვერასდროს გაიგებთ.
მერწყული
ერთ-ერთი ამოუცნობი ნიშანია და მისი ნამდვილი ემოციების ამოხსნა რთულია. გარეგნულად ღია და მეგობრულია, მაგრამ ყურადღების მიქცევის მიზნით ნუ ეცდებით მასში ეჭვიანობის გამოწვევას, სამუდამოდ დაკარგავთ. მერწყული იმაზე კი არ იეჭვიანებს, რომ ფიზიკურად უღალატებთ, არამედ იმაზე, რომ ვიღაცასთან მასზე უკეთესი მეგობრული ურთიერთობა გაქვთ.
თევზები
მუდამ ჰარმონიისკენ მიისწრაფვის, არ უჭირს ადამიანის ემოციების გამოცნობა. პარტნიორისგან ერთგულებასა და ყურადღებას ითხოვს. მუდამ ცდილობს, საყვარელ ადამიანს იდეალური გარემო შეუქმნას. ეჭვიანობა არ ახასიათებს. თუ საყვარელ ადამიანს ღალატში ამხელს, მასთან ურთიერთობის გაწყვეტას არ იჩქარებს, მეორე შანსს აუცილებლად მისცემს.