თეგებით ძიება

წყალი პლასტმასის ბოთლებში უფრო საშიშია, ვიდრე აქამდე გეგონათ - Bloomberg

მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმულ წყალში ნანოპლასტმასას მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, რომელსაც უჯრედებსა და სისხლში შეღწევა შეუძლია, შესაბამისად, ეს საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევის თანახმად, ჩვეულებრივი, ერთლიტრიანი წყლის ბოთლი, საშუალოდ 240 000 პლასტმასის ფრაგმენტს შეიცავს.

ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პლასტმასის ფრაგმენტები, რომლებიც წყალში იპოვეს, 1 მიკრომეტრის სიგრძისაა. შედარებისთვის, ერთი მიკრომეტრი ადამიანის თმის ღერის სამოცდამეათედია. აღმოჩენამ აჩვენა, რომ დღესდღეობით ჩამოსხმული წყალი, შეიძლება 100-ჯერ მეტ პლასტმასის ნაწილაკს შეიცავდეს, ვიდრე ადრე იყო შეფასებული, რადგან ადრინდელი კვლევების მიხედვით, 1 ლიტრ წყალში მხოლოდ 5000 პლასტმასის ფრაგმენტს პოულობდნენ.

ნანოპლასტიკები უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე მიკროპლასტიკები, რადგან მათი ზომიდან გამომდინარე, საშუალება აქვთ, რომ ადამიანის უჯრედებში შეაღწიონ. ნანოპლასტიკებს აგრეთვე შეუძლიათ პლაცენტის გავლით შეაღწიონ ჯერ არ დაბადებული ჩვილების სხეულშიც. მეცნიერები დიდი ხანი ეჭვობდნენ, რომ ნანოპლასტიკები ჩამოსხმულ წყალში არსებობდა, მაგრამ მის აღმოსაჩენად აქამდე არ ჰქონდათ საჭირო ტექნოლოგიები.

ამ გამოწვევის დასაძლევად კვლევის თანაავტორებმა მიკროსკოპული ახალი ტექნიკა გამოიგონეს და 25 ლიტრი ჩამოსხმული წყლის ანალიზი მოახდინეს. მათ აღმოაჩინეს, რომ თითოეულ ლიტრში 110 000-დან 370 000 პაწაწინა პლასტმასის ნაწილაკი იყო. ნაწილაკთა 90% კი ნანოპლასტიკია.

„ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია ნანოპლასტიკებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად. ადრე ნანოპლასტიკური სამყარო ჩვენთვის სრულიად ბნელი ტერიტორია იყო, მაგრამ ცოდნის ამ მიმართულებით ამაღლება და თვალსაწიერის გაფართოვება ბევრ იმედს გვიჩენს“, - განაცხადა ნაიქსინ ქიანმა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 450 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასს აწარმოებენ, რომელთა დიდი ნაწილიც საბოლოოდ ნაგავსაყრელზე ხვდება. პლასტმასის აბსოლუტური უმრავლესობა ბუნებრივად არ იშლება, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი პატარა ნაჭრებად იქცევა. პლასტმასის პაწაწინა ნაჭრები კი თავის მხრივ რეგულარულად იშლება პლასტმასის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას.

იმის მიუხედავად, რომ პლასტიკური დაბინძურება დედამიწაზე ყველგან დიდ გამოწვევას წარმოადდგენს, პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული წყალი მუდამ დიდ დაინტერესებას იწვევდა მეცნიერებში.

უახლესი კვლევის თანაავტორები კი ამბობენ, რომ მათი კვლევა კვლავ გაგრძელდება და ისინი გეგმავენ ნანოპლასტიკების გამოკვლევას ონკანის წყალსა და თოვლის ნიმუშებშიც.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა