თეგებით ძიება
12. 01. 2024 პერსონა

როდესაც შარჟს ან პორტრეტს ვხატავ, თითქმის ათი წუთის განმავლობაში ქაღალდზე ფანქარს უბრალოდ ვუსვამ და ადამიანის სახის მიღმა არსებულს ვაკვირდები - ბესიკ დუღაშვილი

როგორც თავად ამბობს, ხატვის სიყვარული დაბადებიდან თან დაჰყვა - ნათლობის დროს, ხელში ფანქარი ეჭირა და აკვანში მწოლი თავთან დაკიდებული საშლელით ერთობოდა. ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელიც მსოფლიო კარიკატურისტთა ათეულში მოხვდა, მაგრამ საქართველოს მხატვართა კავშირში გაწევრიანება არ უნდა? TIA.GE მხატვარ ბესიკ დუღაშვილს ესაუბრა:

- ხატვის სიყვარული დაბადებიდან თან დამყვა. სამი თვისა მომნათლეს და ნათლობის დროს ხელიდან ფანქარი ვერ წამართვეს. მღვდელს უთქვამს, ოღონდ არ ატიროთ და ჰქონდესო. აკვანზე საშლელი მეკიდა თურმე, რომ არტახებიდან ახსნილს თამაში შემძლებოდა. ვერ ვიძინებდი, თუ ბალიშის ქვეშ ქაღალდი და ფანქარი არ მედო. ჩემი თეთრეული სულ ფანქრებითა და საღებავებით იყო დასვრილი. ასე, რომ თითქმის დაბადებიდან ვხატავ. პიონერთა სასახლეში, ჭოხონელიძესთან ცეკვაზე დავდიოდი, ქართულს ვცეკვავდი და იქაც უბეში ფანქარი და ქაღალდი მედო, რომ თავისუფალ დროს მეხატა. ერთხელ სკოლის მასწავლებელმა დედაჩემს უთხრა, ყურადღება მიაქციეთ, ხატვის განსაკუთრებული ნიჭი აქვსო და დედამ პიონერთა სასახლეში, ლულუ დადიანთან მიმიყვანა. ეს იყო ჩემი პირველი ხატვის მასწავლებელი, რომელმაც ხატვის ანაბანი მასწავლა. მერე  ნიკოლაძის სამხატვრ სასავლებელში ჩავაბარე. იქაც კარგი პედაგოგები შემხვდნენ: მიშა გაბუნია, ია ბეჟანიშვილი, ვანო ვეფხვაძე და ა.შ. მერე იყო სამხატვრო აკადემია და ასე მოვყვები ცხოვრებას.. 

- როგორც ვიცი, კარიკატურისტების საიტის კონკურსში 20-ზე მეტჯერ გაიმარჯვეთ და მსოფლიოს კარიკატურისტთა ათეულშიც მოხვდით. ამ მიმართულებით როდის და რატომ დაინტერესდით?

- კარიკატურით ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს დავინტერესდი და რამდენჯერმე მოსწავლეების და მასწავლებლების კარიკატურები დავხატე. ნიკოლაძეში, დიპლომის დაცვის დროს ია ბეჟანიშვილმა არაჩვეულებრივი კარიკატურისტი მიწოდა, მაგრამ  მაშინ ეს სერიოზულად არ აღმიქვამს.  ისე მოხდა, რომ 2006 წელს „ალიას“ კარიკატურისტი დასჭირდა, მივედი და ამიყვანეს. „ალიამ“ განვითარებისთვის კარგი ბიძგი მომცა და შარჟების სერიოზულად კეთება დავიწყე. მერე კონკურსები რომ გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე და აღმოჩნდა რომ არ ვყოფილვარ ცუდი კარიკატურისტი. 

- იქნებ ამ კონკურსებზე ცოტა მეტი გვიამბოთ..

- შემთხვევით გავიგე, რომ არსებობს ინგლისური საიტი „ვიტიგრაფი", სადაც ნახატები ორ-ორი კვირის ინტერვალით იდება, ანუ საიტის ადმინისტრაცია საშუალებას გაძლევს, ორ კვირაში დახატო წინასწარ შერჩეული პერსონაჟის კარიკატურა. კონკურსში მხოლოდ კარიკატურისტები მონაწილეობენ და ერთმანეთს ქულებს უწერენ. როცა შენი კოლეგები საუკეთესოდ გაღიარებენ, ეს რაღაცას ნიშნავს ხომ? გამარჯვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რეიტინგში მეშვიდე ადგილზე ვარ და დასახატი პერსონაჟის დასახელების უფლება მაქვს. დავასახელე სერგო ზაქარიაძე, რამაზ ჩხიკვაძე და მურმან ჯინორია. საბოლოოდ არჩევანი სერგო ზაქარიაძეზე შეაჩერეს, რადგან „ვატერლოოში“ მარშალ ბლუხერის როლი ჰქონდა შესრულებული და სამეულიდან ყველაზე ცნობილ მსახიობად ითვლებოდა. საბოლოოდ, კონკურსში გავიმარჯვე, მეორე ადგილი ცნობილმა ქართველმა კარიკატურისტმა კემომ აიღო და მესამეზე ინგლისელი გავიდა. მაგრამ იმის შემდეგ დრო გავიდა და კონკურსში მონაწილეობის ინტერესიც დავკარგე. 

- რატომ?

- სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი ვერ დავინახე და იმიტომ. როცა ვინმე გაიომარჯვებს, მოჭიდავე, ან მოფარიკავე... ამის აფიშირება ყველა რესურსით ხდება და როცა მხატვარი რაიმე წარმატებას აღწევს და ამ შესაძლებლობებს არავინ იყენებს, ნელ-ნელა შენც ინტერესს კარგავ, ამიტომ კონკურსებში აღარ ვმონაწილეობ.

- როგორ შეძლო კარიკატურისტმა ძამას ხეობის ბერმონაზონთა პორტრეტების შექმნა, რომლებიც თავისი სიღრმით და ემოციურობით ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს.

- მოდი იმით დავიწყოთ, რომ მე კარიკატურისტი არ ვარ, თუმცა გადმოცემის უნარი მაქვს და შემიძლია კარიკატურა გავაკეთო. საქართველოში იდეალური კარიკატურისტი ზალიკო სულაკაურია და მასზე დიდი არავინ გვყავს. იცით კარიკატურის და ზოგადად პორტრეტის შექმნის დროს რა მშველის? ნიკოლაძის სასწავლებელში ფსიქოლოგიას და პედაგოგიკას კარგად ვსწავლობდი და როდესაც შარჟს ან პორტრეტს ვხატავ, სახის მიღმა არსებულს ვაკვირდები. მაგალითად, მე ვიცი, რომ ყოველთვის მომღიმარი გია ჯაჯანიძის სახის მიღმა სევდიანი ადამიანი იმალება. როცა ადამიანს ნატურიდან ვხატავ, არ აქვს მნიშვნელობა ზეთში თუ ფანქარში, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ქაღალდზე ფანქარს უბრალოდ ვუსვამ და ადამიანს ვესაუბრები. ის ამ დროის განმავლობაში დუნდება, სავარძელში უფრო ღრმად ჯდება და თავისუფლდება. სახეც გაცილებით ბუნებრივი ხდება და თვალებსა და საუბარში იკვეთება როგორი პიროვნებაა. აი, ამის მიხედვით ვაკეთებ უკვე შარჟებსაც და პორტრეტებსაც. 

- იქნებ ბესიკ დუღაშვილის სახვითი ხელოვნების სტუდიაზე და თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაზეც გვიამბოთ. როგორც მხატვარს და მასწავლებელს ბავშვებთან ურთიერთობა რას გაძლევთ? 

- სტუდიის გაკეთება 2010 წელს გადავწყვიტე. რომ ვაკვირდებოდი, ვხედავდი, რომ სტუდიებში ძირითადად, თავისუფალი რეჟიმი იყო. ბავშვს რაც უნდოდა, იმას ხატავდა და მასწავლებლები უსწორებდნენ, მაგრამ ხატვის სწავლას თავისი წესები აქვს და გადავწყვიტე, რომ ხატვის ტექნიკა ზუსტად ისე მესწავლებინა, როგორც აკადემიური ხატვა მოითხოვს. ზუსტად ასე ვასწავლი ჩემს სტუდიაში და არ მინდა, კვეხნად ჩამომართვათ, მაგრამ საოცრად კარგი შედეგი მაქვს. ბავშვი ჩემთან ფანქრის თლით იწყებს და ჩემგან ჩამოყალიბებული მხატვარი მიდის. მან უკვე იცის რა უნდა აკეთოს აკადემიაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ბავშვს ვეუბნები, რომ მე მასწავლებელი და ბიძია კი არა, მისი უფროსი მეგობარი ვარ. ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, რომ ბავშვმა მომატყუა. დავისვი წინ და ყველას გასაგონად ვუთხარი -  ცუდია, მაგრამ შეიძლება დედას მოატყუო, მამას მოატყუო, მასწავლებელი მოატყუო, მაგრამ მეგობრის მოტყუება არ შეიძლება მეთქი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ბავშვს თავისებური ფენომენი და აზროვნების სასწაული დიაპაზონი აქვს. ის რაღაც უძირო სკივრივითააა, რომელიც იმდენად ღრმაა, რომ ბოლომდე ვერ ხედავ. ასე, რომ მათგან მეც ბევრ რამეს ვსწავლობ. 

- ქართველ თუ უცხოელ მხატვრებში ყველაზე მეტად ვისი ნამუშევრები მოგწონთ?

- ჩემი აზრით, უცხოელ მხატვრებში რემბრანდტს, რეპინს და პიკასოს ვერავინ შეცვლის. საქართველოში ბევრი მხატვარი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით უჩა ჯაფარიძის ნახატები  მიზიდავს, იმიტომ, რომ ძალიან თავისუფლად მუშაობდა. ძალიან მომწონს სერგო ქობულაძე და სამწუხაროდ,  საზოგადოებისთვის ცოტა უცნობი ნანა მესხიძე, რომელიც  ნიკოლაძის სასწავლებელში ასწავლიდა და არაჩვეულებრივი მხატვარი იყო.

- რას ურჩევდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა აპირებენ მხატვრის პროფესიაში შემოსვლას და იმ სირთულეებთან შეჭიდებას, რომლებსაც პროფესიონალი მხატვრები წლებია, ებრძვით?

- მთავარია მაქსიმალურად ისწავლო ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლება. ნუ შეეცდებიან, რომ მალე  დაირქვან მხატვრის სახელი. მხატვრობა იმდენად დიდი ტვირთია, რაც უფრო გვიან დაირქმევენ, მით უკეთესია მათთვის. შედეგის მიღწევას კოლოსალური შრომა და მოთმინება სჭირდება. სწავლა ბევრი რამის შეიძლება, მაგრამ ზერელედ არაფერი უნდა აკეთონ. 

თემას განვავრცობ და სახელმწიფოზე და მხატვართა კავშირზეც ვიტყვი.  ადრე საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები ტარდებოდა და ვისურვებდი, რომ მხატვართა კავშირმა კულტურის სამინისტროსთან ერთად ამ გამოფენების აღდგენა მოახერხოს.  ამასწინათ, ერთმა მხატვარმა მკითხა, მხატვართა კავშირში რატომ არ წევრიანდებიო და ვუპასუხე, რომ მხატვართა კავშირში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ და იმიტომ. კავშირის წევრობა არაფერს მაძლევს, თუ იქ ისეთი გამოფენები არ ჩატარდა, როგორიც ადრე ტარდებოდა, როცა ქართული მხატვრობა ასე თუ ისე ფასდებოდა. დღესდღეობით, მხატვართა კავშირში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელმაც ხელში ფუნჯი აიღო. ასე არ შეიძლება, პროფესია უნდა დაფასდეს. ვიცი, რომ კულტურის სამინისტრო ძალიან მონდომებულია და ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ ერთბაშად ყველაფრის გაკეთება ძნელია. ვისურვებდი, რომ მრგვალ თარიღებთან დაკავშირებით კონკურსი ან გამოფენა გამოაცხადონ, რომ მხატვრებმა ნამუშევრები შექმნან და  ეს ნამუშევრები საგამოფენო სივრცეებში გამოიფინოს.

- საუბრის ბოლოს იქნებ თქვენს სამომავლო გეგმებზე გვიამბოთ. გამოფენის ჩატარებას ხომ არ გეგმავთ?

- მინდოდა, მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც არ მაქვს. 4000 -მდე ნახატი მაქვს, მაგრამ ეს ის საეტაპო ნახატები არაა, რომლითაც მხატვარი საზოგადობის წინაშე უნდა წარსდგეს. გამოდის, რომ ყურძნების მხატვრად ვიქეცი, იმიტომ, რომ დღეს მოთხოვნა ამაზეა. 

- ქართული ფილმი „მზე შემოდგომისა“ და ოთარ მეღვინეთუხუცესის გმირი გამახსენდა, რომელიც იძულებული იყო, ყვავილები ეხატა. ეს ხომ მხატვრებისთვის ძველი პრობლემაა?  

- ძველია, მაგრამ ეს ფილმი რომ გადაიღეს მხატვარს ასე თუ ისე, ხელფასი ჰქონდა და მხოლოდ ნახატებზე დამოკიდებული არ იყო. ახლა ვითარება შეიცვალა და მხატვარმა აღარ იცის ოჯახი არჩინოს თუ შემოქმედებაზე იზრუნოს.  მხატვრობა დღეს დამოუკიდებლად ვერ იარსებებს - ან ბიზნესმენებმა უნდა დაუჭირონ მხარი ან კულტურის სამინისტრომ. ბიზნესმენებიდან ერთადერთი მხატვრობაზე შეყვარებული დავით ჯავრიშვილი ვიცი, რომელიც ადრე რაღაც კონკურსი გამოაცხადა და გამარჯვებულს 10 000 ლარი გადასცა. სხვა ბიზნესმენზე მსგავსი არაფერი მსმენია.  სპორტს პატრონი გამოუჩნდა, მუსიკას პატრონი გამოუჩნდა და უამრავი ფესტივალი ტარდება, მხატვრობა კი სამწუხაროდ, ასე დარჩა და როგორმე ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა