ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს - ადვოკატი
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.
ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.
„ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა მანიჟაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომ განაჩენის შემდეგ ოჯახი ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.