თეგებით ძიება

გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გვაქვს - ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორი

მარტის აქციებზე დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურას გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი აქვს. როგორც საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე განმარტავს, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული.

"ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები მოხსნა, მათ შორის, უარი თქვა, დასაკითხ პირთა სიაში მითითებული პირების დაკითხვაზე. ბრალდებულის პოზიციაცაა, რომ სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს. მოგეხსენებათ, ბრალდებული და მისი ადვოკატები, გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს საეჭვოდ ხდიდნენ და მათ შორის, ეს კითხვები გამომძიებლებთან ჰქონდათ. ასევე, გარკვეულ მოწმეებთან დაკავშირებით უთითებდნენ, რომ ეს მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ თქვა, რომ აღნიშნულ მოწმეებს არ დაკითხავდა.

რაც შეეხება ჩვენების მიცემაზე უარს, ლაზარე გრიგორიადისის უფლებაა, ჩვენებას მისცემს თუ არა. თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები, მისი მონაწილეობით არის ჩატარებული, რასაც ეჭვქვეშ აყენებს, ლოგიკურია, მასთან არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია.

სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოები გამოვიკვლიეთ. ბრალდების მხარის შეფასებით, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის სრულად საკმარისია. მტკიცებულებებს უფრო ვრცლად დასკვნით სიტყვაში გავშლით და ვისაუბრებთ. საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, არის პოლიციელთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, მოგეხსენებათ, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა იქნა ჩატარებული და ექსპერტიზამ დაადგინა ვიდეოჩანაწერებში ლაზარე გრიგორიადისის ყოფნის ფაქტი.

მტკიცებულებების შეფასებით, რომელიც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა და გამოვიკვლიეთ, გამამტყუნებელი განაჩენის გონივრული მოლოდინი გვაქვს“, - განაცხადა იაკობიძემ.

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი პროცესი 26 თებერვალს გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა