2024 წელი ნაკიანი წელიწადია - რატომაა ეს პერიოდი გამორჩეული და როგორ შეუძლია მას, თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალოს
ნაკიანი წელიწადი ისეთი კალენდარული წელია, რომელიც 366 დღე-ღამეს შეიცავს. ის ყოველ 4 წელიწადში ერთხელ დგება და როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანსა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. უძველესი დროიდან, ნაკიან წელს საყურადღებო პერიოდად თვლიდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დროს სირთულეების რისკი იზრდება და ცუდ მოსავალსა და წარუმატებლობას წინასწარმეტყველებდნენ.
2020 წელი ნაკიანი იყო. ამ წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის წინაშე აღმოჩნდა და სამწუხაროდ, მომაკვდინებელ დაავადებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ 2024 წლის შესაძლო სირთულეებს ამ წლის მთავარი მფარველი, მწვანე ხის დრაკონი გააბათილებს.
თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნაკიანი წელი ზედაპირზე ამოიტანს ყველაფერს, რასაც ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ, ყურადღებას არ აქცევდნენ, ან თვალის გასწორება არ უნდოდათ. მათ შორისაა, ჯანმრთელობის პრობლემებიც. თუ დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემის სხვადასხვა ნიშანი აღგენიშნებათ, მაგრამ ექიმთან მისვლასა და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას აჭიანურებდით, წელს პრობლემაზე ყურადღების მიქცევა აუცილებლად მოგიწევთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე მნიშვნელოვანი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებით. ჯობს, წინასწარ თადარიგი დაიჭიროთ და სხვადასხვა პრობლემა გამორიცხოთ.
ნაკიანი წელიწადი რადიკალური გადაწყვეტილებების წინაშე დაგვაყენებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს ბევრი ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. შესაძლოა, საბოლოოდ დაშორდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც ჰარმონიულად ვეღარ ხართ და თქვენს ურთიერთობაში გარკვეული ბზარია, ან კიდევ, დაქორწინება, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტოთ. ამავდროულად, ეს წელი ყველა ურთიერთობას სიცხადეს მიანიჭებს. შესაძლოა, ირგვლივმყოფების რეალური სახე დაინახოთ და საბოლოოდ მიხვდეთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ - მოჩვენებითი. ყველაფერს, რაც ყალბი, მიმალულია, ნებით თუ უნებლიეთ, ფარდა აეხდება და გაცხადდება.
ეს წელი შესაძლოა, ცხოვრების წესთან დაკავშირებითაც რადიკალური ცვლილებების დასაწყისი აღმოჩნდეს. დიდი შანსია, რომ თქვენი გარეგნობის ფორმირება გადაწყვიტოთ, წონის კორექციას ყურადღება მიაქციოთ, სტილი, იმიჯი შეიცვალოთ. გარდა ამისა, ნუ დაგავიწყდებათ გეგმიური გამოკვლევები და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ.
ნუ დაივიწყებთ მენტალურ ჯანმრთელობასაც. შესაძლოა, ამ წლის განმავლობაში მომატებულმა შფოთვამ და სტრესმა იმაზე ხშირად შეგაწუხოთ, ვიდრე აქამდე. შემოგიტიოთ უიმედობამ, წარსულში დაშვებული შეცდომების გამო სინანულმა და თავი ცუდად იგრძნოთ.
იმისათვის, რომ ეს პერიოდი მშვიდად გაიაროთ, განსაკუთრებული დრო ფიზიკურ აქტივობას დაუთმეთ. გაისეირნეთ, ივარჯიშეთ, საყვარელი აქტივობით დაკავდით და მოტივაცია კვლავ დაგიბრუნდებათ.
უარი თქვით მავნე ჩვევებზე და შეეცადეთ, ჯანსაღად იკვებოთ. რაციონში ბევრი ბოსტნეული, ხილი ჩართეთ და ზედმეტად ტკბილი და არაჯანსაღი საკვები შეამცირეთ.
დაარეგულირეთ ძილი. ეს სტრესის დონის შემსუბუქებაში ნამდვილად დაგეხმარებათ, თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება და ფიზიკურადაც თავს მხნედ იგრძნობთ.
შეეცადეთ, თქვენი სანაცნობო წრე გაზარდოთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს, გაიცანით ახალი ადამიანები, აზრები, შეხედულებები გაცვალეთ - ეს დაგეხმარებათ, რომ დრო მხიარულად გაატაროთ და დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ.
მიმართეთ მედიტაციას, ხშირად მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, დაინტერესდით იოგათი. ხოლო თუ ხვდებით, რომ მენტალურ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება გიჭირთ, სპეციალისტს მიმართეთ და შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეთ.
წყარო - beaumonde.ge