თეგებით ძიება

ვითხოვთ იძულებით გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებას, სანამ კანონმდებლობაში რაღაც შეიცვლება - სალომე შუბლაძე

23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი აქციისა და ხმაურის ფონზე გამოასახლა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა ბანკიდან 20 000 დოლარი ისესხა, სანაცვლოდ იპოთეკარებიანად 80 000 დოლარი გადაიხადა, მაგრამ სახლი მაინც დაკარგა. უახლოეს ხატიაშვილების ბედს კიდევ ორი ოჯახი გაიზიარებს - აღსრულების ბიურო კაკიაშვილებისა და ბალახაძეების გამოსახლებას გეგმავს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, კაკიაშვილების ოჯახს (დედა და ორი არასრულწლოვანი შვილი) მევახშეებმა ორი ბინა წაართვეს და ამჯერად მათი უკანასკნელი თავშესაფრიდან (მიშენებიდან) გამოსახლებას უპირებენ, ბალახაძეების შვიდსულიან ოჯახს კი, რომელიც ორსული, არასრულწლოვანი, შშმ პირისა და ხანდაზმული წევრებისგან შედგება, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უკანასკნელი საცხოვრისიდან ასახლებს. ხატიაშვილების შემთხვევაში, იკვეთება თუ არა მევახშის მხრიდან ბინის დასაკუთრების ინტერესი და მომავალში რა უნდა გაკეთდეს ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად? TIA.GE „სოციალური სამართლიანობის ცენტრის"იურისტს, სალომე შუბლაძე ესაუბრა:

- ქალბატონო სალომე, გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ოჯახი თანახმაა, ძირითადი ფინანსური დავალიანება დაფაროს, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ მევახშის ინტერესს ფინანსურ სარგებელზე მეტად კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბნის ხელში ჩაგდება წარმოადგენდა?  

- რა ინფორმაციაც ვრცელდება, იმის მიხედვით ბინის დაუფლების ინტერესი ნამდვილად იკვეთება და შემთხვევა გამონაკლისი არ გახლავთ. დიახ, მანკიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში კრედიტორთა უმთავრესი ინტერესი იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლებაა და ჩვენი კვლევაც აჩვენებს, რომ წარსულში, როდესაც ასეთი ხელშეკრულებები იდებოდა და ნაწილობრივ ახლაც იდება, ნამდვილად არის კაბალური პირობები და მევახშის ინტერესი, რომ მოვალემ ვალდებულების დაფარვა ვერ შეძლოს. მას ურჩევნია ბინა მიისაკუთროს, ვიდრე ის მიიღოს, რაც გაასესხა, თუნდაც სარგებლით. ამიტომ ეს ინტერესი ნამდვილად იკვეთება.

- ხატიაშვილებმა 20 000-იანი სესხის სანაცვლოდ 80 000 გადაიხადეს და მაინც ქუჩაში დარჩნენ. მევახშის მოქმედება რამდენად კანონიერია? 

- ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს. როდესაც ძირ თანხას ამდენჯერ აღემატება გადასახდელი თანხა და სარგებელი, რომელიც მევახშემ უნდა მიიღოს, აჩვენებს სასესხო ხელშეკრულების პირობების პრობლემურობას.  რაც შეეხება მევახშის მოქმედების კანონიერებას, სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ზედა ზღვარს არ აწესებს,  ამიტომ ამგვარი რეგულირება დაშვებულია და მევახშის მოქმედება კანონიერია. მევახშეები ბოროტად სარგებლობენ მსესხებლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რასაც წლების განმავლობაში, სასესხო ხელშეკრულებების კაბალური პირობებით დადება და საცხოვრისის დაკარგვის მომეტებული რისკები მოჰყვება. რა თქმა უნდა, გამოუვალი საჭიროება რომ არა, ადამიანები ასეთ მძიმე პირობებს არ დათანხმდებოდნენ.

- ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად რისი გაკეთება შეიძლება?

- ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის გამოსახლება ზამთარში, ძალის გამოყენებით ისეთი მძიმე გამოცდილება, რომელიც არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დამტკიცებულ საცხოვრისის უფლებას, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ მორატორიუმის დაწესებას იძულებით გამოსახლებაზე, სანამ კანონმდებლობაში რაღაც შეიცვლება. 

- კონკრეტულად, რომელ ცვლილებებს გულისხმობთ?

- კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზია, იმიტომ რომ საცხოვრისის პოლიტიკა არ აქვს. სანამ გამოსახლებამდე მივა საქმე, მანამდე უნდა ხდებოდეს ამ ოჯახებთან მუშაობა, ალტერნატიული ფართის შეთავაზება, განსახლება, შუამავლობა კრედიტორსა და მოვალეს შორის, რომ მორიგება შედგეს და ადამიანები უკანასკნელი საცხოვრისიდან არ გაასახლონ.

ჩვენ ვთავაზობთ, რომ ასეთი ხელშეკრულებები არ იდებოდეს და სახელმწიფოს იეთი საცხოვრისის პოლიტიკა ჰქონდეს, რომელიც სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. მაგალითად, გამოსახლებული ადამიანი შეიძლება გადაიყვანო საცხოვრისში, დაეხმარო, გააძლიერო, იმუშავო, რომ ღია ცის ქვეშ არ დარჩეს. გარდა იმისა, რომ საცხოვრისის პოლიტიკა უნდა დაიხვეწოს, საბინაო პოლიტიკაც უნდა არსებობდეს, რომელიც არა მარტო უსახლკაროებს, არამედ, ზოგადად, სოციალურად შეჭირვებულ ჯგუფებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის მიღებაში დაეხმარება. განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის უნდა არსებობდეს საცხოვრისის გამართული სერვისები. რაც დღეს გვაქვს, ერთი მხრივ არასაკმარისია და მეორე მხრივ, რაც არის იქაც უმძიმესი და ღირსების შემლახველი პირბებია. ორხევის საცხოვრისი საერთოდ, საფრთხის შემცველიცაა,  რადგან ჩამონგრევის პირასაა, ამიტომ ამ მიმართულებითაც არ არის საქმე კარგად და ესეც გამოსასწორებელია. 

- პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით მიმართვაზე არ გიფიქრიათ?

- არა, რადგან ამგვარ ცვლილებებს პოლიტიური ნება სჭირდება, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. საკითხებზე, რომლებზეც ყოველთვის ვადვოკატირებთ და სახელმწიფო თუ მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობა გვაქვს, ვერ ვხედავთ მზაობას, რომ საცხოვრისის პოლიტიკა გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს. ყველგან ყრუ კედელს ვაწყდებით, ამიტომ საკანონმდებლო ინიციატივაზე არ გვიფიქრია. ამას ჯერ შესწავლა, კვლევა, პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფის ჩამოყალიბება, პრობლემის მასშტაბის, ხასიათის გამოკვლევა სჭირდება და შემდეგ უკვე სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად ცვლილებებზე მუშაობა, რომ მომავალში ასეთი რაღაცეები აღარ მოხდეს. ის რაც გუშინ მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ამის გამეორება არ შეიძლება. 

 

 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა