თეგებით ძიება

ვინ იყო ქართველი თავადის ქალი, ვინც ლონდონელებს საცივის კეთება ასწავლა?

ის არც პოეტი იყო, არც მხატვარი, არც დიპლომატი, არც მსახიობი, თუმცა მის მეგობრებს შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილის მეუღლე კლემენტინა, კოკო შანელი, მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი, მსახიობი პიტერ უსტინოვი, მაქსიმ გორკის ყოფილი ცოლი, ბარონესა ბუდბერგი... მასთან მეგობრობას უფრთხილდებოდნენ, სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ. უმშვენიერეს სალომე ანდრონიკაშვილს მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსმა პოეტებმა „ვერცხლის საუკუნის უკანასკნელი მუზა“ უწოდეს...

1888 წელს აგრონომის, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალების გამომცემელის, ბათუმის ქალაქისთავის ნიკოლოზ ანდრონიკაშვილისა და მისი მეუღლის ლიდია პლიშევას ოჯახში გოგონა - სალომე ანდრონიკაშვილი დაიბადა. ამ დროისთვის მას უკვე ჰყავდა და - მარიამი და ძმა - იასე, რომელიც, თანამედროვეთა გადმოცემით, იშვიათი სილამაზის კაცი ყოფილა.

ფოტოზე: სალომე ანდრონიკაშვილი, გადაღებულია ქ. ბათუმში, მამამისის ბათუმის თავის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1902 წლიდან 1916 წლამდე.

ულამაზესი სალომეს პირველი ქორწინება უიღბლო გამოდგა. რუსი მემამულე პავლე ანდრეევი უზომოდ არასტაბილური და ეგზალტირებული ადამიანი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ის პირველი ცოლის ღვიძლ დაზე იყო შეყვარებული, რაც სალომემ არ აპატია და, ადვოკატ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის დახმარებით, განქორწინებას მიაღწია. ქართველი თავადის ასულს ანდრეევისგან ერთადერთი შვილი დარჩა, რომელიც მამას არასოდეს უნახავს.

ფოტოზე: სალომე ანდრონიკაშვილი, შვილთან ერთად

განქორწინების შემდეგ ჩიტივით თავისუფალი და მატერიალურად უზრუნველყოფილი სალომე პეტერბურგის ელიტარული საზოგადოებისა და რუსი პოეტების შემოქმედებითი მუზა გახდა.

რუსმა მხატვრებმა კუზმა პეტროვ-ვოდკინმა, ზინაიდა სერებრიაკოვამ, ვასილ შუხაევმა, საველი სორინმა და ალექსანდრე იაკოვლევმა სალომეს სახე ტილოზე გადაიტანეს.

იმ დროისთვის პოპულარული მწერალი იგორ ობოლენსკი სალომე ანდრონიკაშვილს ასე იგონებდა:

„ანდრონიკაშვილის ყურადღებას ეძიებდნენ, მასთან მეგობრობას უფრთხილდებოდნენ, სიყვარულზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ. არ იყო მხატვარი, რომელიც მისი პორტრეტის დახატვას არ ლამობდა. ანა ახმატოვამ წიგნი აჩუქა წარწერით „მეგობრობის იმედით“.

ბოლშევიკების გამოჩენის შემდეგ, პეტერბურგის იდილიური ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. რუსეთის იმპერიას რევოლუცია, სამოქალაქო ომი, ნგრევა და სიკვდილი დაატყდა თავს და ნევაზე მდებარე ქალაქში ცხოვრება სახიფათო გახდა. რუსი არისტოკრატია ნელ-ნელა ემიგრაციაში მიემგზავრებოდა.

სალომეზე უგონოდ შეყვარებული პეტერბურგელი ადვოკატი, დროებითი მთავრობის საქმეთა მმართველი და კერენსკის უახლოესი მეგობარი ალექსანდრე გალპერნი ქართველ ქალს ემუდარებოდა, რომ პეტერბურგიდან წასულიყო.

გალპერნი მალე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, სალომემ კი მეგობრის გონივრული რჩევა გაითვალისწინა და 1917 წელს, შვილთან ერთად, ბაქოს გავლით, თბილისში გამოემგზავრა.

ხარკოვში გამოვლისას სალომე ბოლშევიკების ხელში ჩავარდა და გარდაუვალი სიკვდილისგან მომავალმა მეუღლემ, საფრანგეთის არმიის მზვერავმა, მაქსიმ გორკის შვილობილმა და იაკობ სვერდლოვის ღვიძლმა ძმამ, ზინოვი პეშკოვმა იხსნა.

„მამა! დაურეკე ლენინს, ტროცკის, თუნდაც კარლ მარქსს, მაგრამ ხარკოვის ციხიდან იხსენი სალომე ანდრონიკოვა“, - წერდა ზინოვი გორკის.

მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ციხიდან განთავისუფლებული სალომე მალე თბილისში ჩამოვიდა.

პეტერბურგის მსგავსად, ანდრონიკაშვილის ქალი ქართველი ხელოვანების შემოქმედებით მუზად იქცა. გრიგოლ რობაქიძემ სალომეს ლექსი „ოფორტი“ უძღვნა.

გააგრძელეთ კითხვა 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა