რატომ არის სასარგებლო ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით გადავლება ანუ კონტრასტულ შხაპი?
ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით გადავლებას ანუ კონტრასტულ შხაპს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის სპორტსმენებს შორის.
კონტრასტული შხაპის არსი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაა. ცივი წყლის ქვეშ სისხლძარღვები ვიწროვდება (ვაზოკონსტრიქცია), ცხელი წყალი კი აფართოვებს სისხლძარღვებს (ვაზოდიალტაცია). ცხელი და ცივი წყლის სწრაფი მონაცვლეობისას, სისხლძარღვები იხსნება და იკეტება პულსირებული მოძრაობით, რაც ტუმბოს მუშაობას ჰგავს.
წყლის სხვადასხვა ტემპერატურა ასევე მოქმედებს გულის შეკუმშვებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ცივი წყალი იწვევს პულსის გახშირებას, ხოლო ცხელი წყალი ანელებს მას.
კონტრასტული შხაპი პასიური თერაპიის ფორმად ითვლება, რადგანაც ამ პროცედურისას არ ხდება ორგანიზმის ინტენსიური მოძრაობა და კუნთების გაჭიმვა. როგორც წესი, შედეგის მისაღწევად, პასიური ჩარევა აქტიური თერაპიის დანამატად უნდა იქნას გამოყენებული.
კონტრასტული შხაპი გარკვეული მდგომარეობისა და სიმპტომების დროს შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს.
- დაღლილობის შემცირება
სპორტსმენებში კონტრასტული შხაპი ამცირებს დაღლილობას ვარჯიშის შემდეგ.
- კუნთების მტკივნეულობის შემცირება
ინტენსიური ვარჯიში იწვევს კუნთის ბოჭკოების დაზიანებას. ჩვენ შეიძლება დაახლოებით ერთი დღის ან მეტი ხნის განმავლობაში ვერ ვიგრძნოთ ტკივილი, რასაც კრეპატურა ანუ კუნთების დაგვიანებული ტკივილი ეწოდება. კვლევებით დადგინდა, რომ კონტრასტული აბაზანით თერაპია მეტად ამცირებს მტკივნეულობას, ვიდრე პასიური დასვენება. ამასთან ცხელი წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 40° C.
- გამოჰყავს ჭარბი რძემჟავა
ინტენსიური ვარჯიშისას, ორგანიზმში გროვდება რძემჟავა, რაც ნომრალურ მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და კუნთების ტკივილი. კონტრასტული შხაპი ამცირებს ორგანიზმში რძემჟავას დონეს.
- ამცირებს შეშუპებას
ტრავმის მიღებისას, ორგანიზმის ნორმალური ანთებითი რეაქციის ნაწილს წარმოადგენს დაზიანებულ ადგილზე ექსუდატისა და ლეიკოციტების მოდინება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმის მიდამოზე ზეწოლა და ტკივილი. კვლევებმა აჩვენა, რომ კოჭ-წვივის სახსრის იოგების დაჭიმულობის შემთხვევაში კონტრასტული ჰიდროთერაპია ამცირებს შეშუპებას ტრავმის მიღებიდან დაახლოებით სამ დღეში.
რა რისკების შემცველია კონტრასტული შხაპი
ძირითადი რისკი კანის დაზიანებაა თუ წყალი ძალიან ცხელი ან ცივი იქნება. შესაძლებელია ასევე არითმიის განვითარებაც.
კონტრასტული შხაპი ყველასთვის უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს გულის პრობლემები, ღია ჭრილობები, მაღალი არტერიული წნევა და ღმრა ვენების თრომბოზი.
წყარო: მკურნალლი.გე