ახალი გადასასვლელი, სკვერი - როგორი იქნება სადგურის მოედნის ტერიტორია?
სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.
სადგურის მოედნის განახლებასთან დაკავშირებით, დანიური კომპანიის Ramboll-ს მიერ შემუსავებულ ტრანსპორტის გეგმაშიც არის საუბარი. ამ გეგმის თანახმად, რეკომენდირებულია ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი გადასასვლელი, საჯარო სივრცე, ასევე ველო და ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო გარემო.
„სადგურის მოედანი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია თბილისში, რომელიც მეტროს, რკინიგზას, საქალაქო და საქალაქთაშორისო ავტობუსებს აკავშირებს. თუმცა, არსებული სივრცე უსისტემოდ გამოიყენება, რაც ხერგილებს, რთულ სატრანსპორტო კვანძებსა და ქვეითებისთვის სახიფათო გარემოს იწვევს. გარდა ამისა, სადგურის მოედნის წინ მდებარე ფართო ტერიტორიაზე ბრუტალისტური ბეტონის დიზაინია.
ავტობუსების, ტაქსებისა და სხვა ავტომობილების ქაოტური მოძრაობა ტერიტორიაზე ხშირად ქმნის საცობებს. მაღაზიები, მთავარი მოედნის ქვემოთ, მუდმივად ვანდალიზებული და მეტ-ნაკლებად მიტოვებულია.
წარმოდგენილი სქემით სადგურის მოედნის ტერიტორიის მნიშვნელოვნად განახლებული დიზაინი, კეთილმოწყობა და რეაბილიტაციაა შემოთავაზებული, შემდეგი ელემენტებით:
საჯარო სივრცე: კეთილმოწყობილი, მწვანე და მდგრადი საჯარო სივრცე ქალაქის მთავარ კარიბჭესთან
მრავალმოდალური კვანძი: თავისუფალი, შეუფერხებელი და მისაწვდომი კვანძი მეტროს, რკინიგზას, ავტობუსებსა და ტაქსებს შორის.
ავტობუსის ტერმინალი: განახლებული ავტობუსის ტერმინალი, რომელიც TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
ფეხით და ველოსიპედით უფრო უსაფრთხო სიარულისთვის: უსაფრთხო და კომფორტული სივრცეები ტერიტორიაზე ველოსიპედით და ფეხით სიარულისთვის.
უკეთესი ვიტრინები: გაუმჯობესებული ადგილობრივი ბაზარი და მაღაზიები, რაც არ გამოიწვევს ადგილობრივი ბიზნესის გადანაცვლებას ან უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანების საარსებო წყაროზე.
TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, სარკინიგზო ხაზზე ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთ გადასასვლელი აშენდება. ხიდზე პრიორიტეტი მიენიჭება ავტობუსებს, ასევე, მიმდინარეობს ველოსიპედისა და ქვეითის ჩართვის ვარიანტების შესწავლა.
მოსალოდნელია, რომ ხიდი TBT (თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი) ქსელით მგზავრობის ხანგრძლივობას შეამოკლებს, გააუმჯობესებს ავტობუსით მგზავრობის დროს და შეამცირებს ავტობუსის ექსპლუატაციის ხარჯებს. მან ასევე შეიძლება უზრუნველყოს ახალი კავშირები ველოსიპედისტებისა და ქვეითებისთვის, რომლებმაც დღეს ან ბნელ და არაკომფორტულ საფეხმავლო ხიდს იყენებენ, ან გადასასვლელად გზას იგრძელებენ,“- ნათქვამია გეგმაში.
წყარო : bpn.ge