რომანოვების ასული, რომელმაც სამეფო ტახტს ქართველი თავადი არჩია
1979 წელს, როცა იერუსალიმის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დედა თამარი გარდაიცვალა, თითქმის არავინ იცოდა, რომ ის საერო ცხოვრებაში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი და ქართველი თავადის კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე იყო.
ტატიანა რომანოვა 1890 წელს სუსხიან რუსულ ზამთარში დაიბადა. მამა, დიდი კნიაზი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი რუსეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ, ხოლო დედა ელიზავეტა მავრიკიევნა - გერმანელი პრინცესა. ცოლ-ქმარს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდა, რაც დინასტიური ქორწინებებისას იშვიათობას წარმოადგენდა.
კონსტანტინე რომანოვი უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო. ახალგაზრდობაში ის ბერად აღკვეცასაც კი აპირებდა, თუმცა ამის ნება ბიძაშვილმა, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ არ მისცა: „კოსტია, ყველა რომ მონასტერში წავიდეთ, რუსეთს ვინ ემსახურება?“ - უთხრა მაშინ იმპერატორმა.
კონსტანტინე და ელიზავეტა რომანოვებმა ერთად 30 წელი იცხოვრეს და რვა შვილი გაზარდეს.
კონსტანტინე რომანოვს ძალიან უყვარდა ბუნება და ქალაქგარეთ მდებარე სასახლეები. სწორედ მოსკოვის გარეუბანში, ოსტაშევოში მდებარე ერთ-ერთ სასახლეში, 1910 წლის ზამთარში გაიცნო 20 წლის ტატიანა რომანოვამ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი - ქართველი თავადი, რომელმაც ტატიანას ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ტატიანას სილამაზით მოხიბლულმა ქართველმა თავადმა ოსტაშევოს სასახლეში ვიზიტები გაახშირა. კავალერიის პოლკის კორნეტი მშვიდ და მეფური თვისებებით შემკულ ტატიანას ქართველთა უპირველეს მეფეს თამარს ადარებდა. მალე შესამჩნევი გახდა, რომ არც რომანოვების ასული გახლდათ ქართველი თავადის მიმართ გულგრილი.
ტატიანას უმცროსი ძმა ოლეგი შეყვარებულებს ეხმარებოდა და ერთმანეთის წერილებს გადასცემდა, სამაგიეროდ, ამ ამბავმა ტატიანას მშობლებს თავზარი დასცა.
კონსტანტინე რომანოვი დინასტიის წესებს მკაცრად იცავდა, შესაბამისად, მისთვის თუნდაც წარჩინებულ, მაგრამ არასამეფო გვარის წარმომადგენელთან ქორწინება დაუშვებელი იყო.
როდესაც ტატიანას შეგონებით ვერაფერი გააწყო, კონსტანტინე რომანოვმა ქართველ თავადთან დალაპარაკება გადაწყვიტა:
„ახალგაზრდავ, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ რომანოვების გვარის წარმომადგენელს მხოლოდ თანაბარი წოდების გვარის წარმომადგენელზე შეუძლია დაქორწინება“, - მშვიდად უთხრა მან ბაგრატიონს.
პასუხად კი მიიღო:
„თქვენც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ბაგრატიონების გვარი რომანოვებზე არაფრითაა ნაკლები“.
ასეთი თავხედობა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი მეორე დღესვე სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გამოამგზავრეს. ტატიანა კი, ქართველი შეყვარებულის მალე დასავიწყებლად, ყირიმში, ბიცოლასთან - იმპერატორის ქვრივ მარია თედორეს ასულთან (Мария Фёдоровна) გაამგზავრეს.
„წლების შემდეგ მიხვდები, რომ სხვა ქორწინებისთვის ხარ შექმნილი“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა რომანოვი საკუთარ ქალიშვილს, თუმცა ცდებოდა...
***
ყირიმში ყოფნის დროს ტატიანას გვერდიდან არ მოუცილებია დედის მიერ ნაჩუქარი ნიკო მარის პატარა ბროშურა – „თამარ მეფე – საქართველოს აყვავების ხანა, მე–12 საუკუნე“.
გოგონა იმდენად განიცდიდა საყვარელ ადამიანთან დაშორებას, რომ მარია თედორეს ასულმა თავის ვაჟს იმპერატორ ნიკოლოზ II-ეს ახალგაზრდა კორნეტის კავკასიიდან ჩამოყვანა სთხოვა. ნიკოლოზ მეორეს არ შეეძლო დედის ნებას შეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ბაგრატიონ-მუხრანელს რუსეთში დაბრუნების ნება დართო.
მალე ქართველი თავადი ყირიმში, შეყვარებულთან ჩავიდა. ის ყოველ დილას ცხადდებოდა იმპერატორის სასახლეში და მთელ დღეს საყვარელი ქალის გვერდით ატარებდა, მაგრამ შეყვარებულების იდილია კონსტანტინე რომანოვის მოულოდნელმა გამოჩენამ დაარღვია. მონატრებული ქალიშვილის სანახავად ჩასული თავადის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასახლის ეზოში, ჰამაკში მოქანავე ტატიანას ფეხებთან ქართველი თავადი იხილა. ყველა შეცბუნებული და დაბნეული დუმდა, როცა ტატიანა მამის წინ მუხლებზე დაეცა და ცრემლების ღვრით ქართველ თავადთან ქორწინების უფლება სთხოვა: „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და უერთმანეთოდ ბედნიერები ვერ ვიქნებით“.