თეგებით ძიება
29. 01. 2024 მსოფლიო

თურქეთში ეკლესიაზე თავდასხმის ბრალდებით რუსეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს

თურქეთში სტამბოლში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი რუსეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან და კავშირები ჰქონდათ ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS).

 "ორივე ეჭვმიტანილი უცხოეთის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე რუსეთიდან. ჩვენი შეფასებით, მათ კავშირი აქვთ ისლამურ სახელმწიფოსთან". - თქვა თურქეთის შს მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

28 იანვარს შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს სტამბოლში მდებარე სანტა მარიას კათოლიკურ იტალიურ ეკლესიაში. დაიღუპა თურქეთის მოქალაქე, რომელიც წირვას ესწრებოდა.

თურქეთის შს მინისტრის თქმით, შემთხვევის შემდეგ პოლიციამ რეიდი ჩაატარა 30-ზე მეტ ლოკაციაზე და დააკავა 47 ადამიანი. მისივე თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილები სწორედ ერთ-ერთი უკანასკნელი რეიდის დროს დააკავეს.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შემთხვევასთან დაკავშირებით თანაგრძნობა გამოხატეს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და პაპმა ფრანცისკემ. ამას გარდა, თავდასხმა დაგმო იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ და აღნიშნა, რომ მოვლენებს თვალს ადევნებდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა