კადიროვის 23 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ქალიშვილი, 23 წლის ხადიჟატი (კარინა) ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მისი ქალიშვილი თანამდებობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გალას ტაიმასხანოვმა წარადგინა.
როგორც კადიროვი წერს, ტაიმასხანოვის "წინადადება მან მოიწონა".
ხადიჟატ კადიროვა აქამდე გროზნოს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გასული წლის ოქტომბერში კადიროვმა ხადიჟატს "დამსახურებული სოციალური მუშაკის" საპატიო წოდება მიანიჭა. იმავე თვეს ჩეჩნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა ხადიჟატის მეუღლე ადამ ალხანოვი, ჩეჩნეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვაჟი. 2021 წელს ხადიჟატ კადიროვა დაჯილდოვდა მედლით "ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის დამსახურებისთვის", ხოლო 2022 წელს მიიღო რეგიონის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი.
რამზან კადიროვს ოფიციალურად 14 შვილი ჰყავს, რომელთა უმეტესობა ჩეჩნეთის ხელისუფლებაში მაღალ პოზიციებს იკავებს.
მაგალითისთვის, ჩეჩნეთის მეთაურის უფროსმა ქალიშვილმა აიშატ კადიროვამ ჩეჩნეთის ვიცეპრემიერმინისტრის პოსტი სოციალურ საკითხებში 2023 წლის ოქტომბერში დაიკავა.
რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატი ნოემბერში გახდა ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროს უფროსის პირველი მოადგილე.
კადიროვის კიდევ ერთმა ვაჟმა, ადამმა ჩეჩნეთის გმირის წოდება მიიღო წინასწარი დაკავების იზოლატორში ნიკიტა ჟურავიელის ცემის შემდეგ. ჟურავიელი ყურანის დაწვის გამო მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.
2022 წლის თებერვალში ჩეჩნეთის მეთაურის მესამე ქალიშვილი, ხუტმატ კადიროვა რესპუბლიკის მეთაურის სამდივნოს უფროსის მოადგილე გახდა.