იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა - რატი ბრეგაძე
იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.
რატი ბრეგაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი პლატფორმა, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნა, ევროკავშირის სამართლის ცენტრის შექმნა და დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
„უკვე დაინერგა სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი პლატფორმა, რომელშიც ყველა შესაბამისი უწყება ასახავს ინფორმაციას. შედეგად, დამკვიდრდება ერთგვაროვანი პრაქტიკა და ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ ისაუბრა, აგრეთვე, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნის პროცესის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ამ აქტების სახელმწიფო ენაზე წვდომის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი.
სამინისტრო გააგრძელებს მჭიდრო დარგობრივ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
„ჩვენ დავნერგეთ სამართლებრივი ფორუმების პრაქტიკა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე, რეგიონის ქვეყნებთან. შედეგად, ქართველ იურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ პარტნიორი ქვეყნების სამართლებრივ სისტემებს... ეს ხელს უწყობს ქართული სამართლის კიდევ უფრო დაახლოებას როგორც ევროკავშირის სამართალთან, ისე ჩვენი პარტნიორების ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებსა და ქართულ სამართლებრივ სისტემაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.