თეგებით ძიება

ბასიანს“ დახურავ, „ხიდი“ დარჩება, „ხიდს“ დახურავ და ქუჩაში მოიხმარენ, ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია... - ზაზა ჩიქოვანი

საქართველოში ნარკოდანაშაული გაიზარდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომელიც 2023 წელს საქართველოში კრიმინალის აღრიცხულ სტატისტიკას და გახსნილ დანაშაულებს შეეხება. ნარკოლოგების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ქვეყანაში შემოსული ნარკოტიკი ფენტალინით დაბინძურებული და მომაკვდინებლია, ნარკოტიკით ზედოზირების შემთხვევები გახშირდა. 

29 იანვრის ღამეს კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგო შეუძლოდ გახდა და უგონო მდგომარეობაში მყოფი კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად,  მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115- მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რა გამოსავალი არსებობს ქვეყანაში არსებული ნარკოქაოსიდან და როგორ ავიცილოთ თავიდან ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული სასიკვდილო შედეგები? თემაზე TIA.GE  ნარკოლოგ ზაზა ჩიქოვანს ესაუბრა:

- ბატონო ზაზა, როგორც ჩანს ნარკომომხმარებლების გაფრთხილება ნაკლებად ეფექტურია. რა უნდა გააკეთოს მშობლებმა და საზგადოებამ, რომ ახალგაზრდები ნარკოტიკებს აღარ ეწირებოდნენ?

- ჩემი აზრით, პრობლემა აღზრდაშია. ახალგაზრდებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ და სიამოვნებას იქ ეძებენ, სადაც არ უნდა ეძებონ. მიზანი უნდა ჰქონდეთ, რომ რაღაც ისწავლონ და რაღაც გააკეთონ, მაგრამ როცა ხედავენ, რომ ვიღაც შრომის გარეშეც მშვენივრადაა, სწავლის და შრომის მოტივაციას კარგავს და მზამზარეულ სიამოვნებას ეძებს, რომელიც ზოგისთვის ნარკოტიკია. სრულიად ვეთანხმები ნათია ფანჯიკიძეს, რომ არასწორია ნარკოტიკის კლუბურად, მსუბუქად, სააფთიაქოდ დ ა.შ. დახარისხება. ნარკოტიკი ნარკოტიკია და მისი მოხმარება ადრე თუ გვიან ცუდი შედეგით მთავრდება.

- აღზრდის გარდა, ალბათ ხელმისაწვდომობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყველამ იცის, რომ თბილისში ნარკოტიკის შეძენა ინტერნეტითაც კი შეიძლება..

- კი, ასეა. ვოთსაპზე ან ვაიბერზე რეკავენ, ნარკოტიკებს და ნარკობიზნესში ჩართვას სთავაზობენ. ეს არის დართქნეტი - შავი ინტერნეტი ანუ არალეგალური საქონლით ვაჭრობა ინტერნეტში, სადაც ყველაფერი შეიძლება იყიდო და გაყიდო ატომური იარაღის და ნარკოტიკის ჩათვლით. ამას მარტო სახელმწიფო ვერ მოერევა, თუნდაც ამის დიდი სურვილი ჰქონდეს, ეს მსოფლიოს პრობლემაა. სამწუხაროდ, სანამ არის მოთხოვნილება, იქნება ბაზარიც, ამიტომაა რომ  მოგებით იარაღისა და ფარმაცევტული მრეწველობის შემდეგ ნარკოტიკი დგას. 

- გამოსავალი არ არსებობს?

- გამოსავალი სწორედ ისაა, რაც ზემოთ აღვნიშნე - აღზრდა. თუ 20-30 წლის წინ ახალგაზრდებში ნარკოტიკზე სხვანაირი შეხედულებები იყო, დღეს სრულიად განსხვავებულია. ქურდობა, შავი სამყარო და ნარკოტიკი რომანტიზირებული აღარ არის. პატარა თაობაში კაი ბიჭობით და კაიფით აღარ ამაყობენ და ამისკენ არ მიისწრაფიან. ვინც სწავლაზე და მომავალზე ორიენტირებულია, ყველამ იცის უკვე რა არის კარგი და რა ცუდი. იცის, რომ ნარკოტიკს სპორტი და ხელოვნება სჯობია და ამ მიმართულებით ვითარდება. 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაზარზე ახალი, ფენტალინით დამძიმებული ნარკოტიკი გამოჩნდა, რომლის ერთი მოხმარებაც კი შეიძლება საბედისწერო გახდეს. ვინ და სად ამზადებს ამდენ ახალ-ახალ ნარკოტიკს?

- თუნდაც ძველი იყოს. წარმოიდგინეთ, აფთიაქში ყიდულობთ წამალს, რომელსაც უზარმაზარი ანოტაცია მოჰყვება - ამას შეიცავს, იმასთან ერთად მიღება არ შეიძლება, ასეთი გვერდითი მოვლენა ახლავს და ა.შ. მაგალითად, კაფსულას ან აბს შეიძლება ეწეროს, რომ უწერია, რომ სახამებელს შეიცავს, რომ აბი შეიკრას და ფორმა მიიღოს. წარმოიდგინეთ, ნარკომანი ამ აბს რომ წყალში გახსნის და ვენაში გაიკეთებს, ამ სახამებლით ვენების ან სისხლძარღვების კედლებს რა მოუვა? რა თქმა უნდა, თრომბოფლებიტი და სისხლძარღვის კედლის ანთება დაემართება, მაგრამ ამას სად წაიკითხავენ, როცა არსად წერია? ან იმ ნარკოტიკში, რომელიც „ბარიგამ“ სახლში დააფასოვა და მოცულობის გასაზრდელად ათასი რამე გაურია, ვინ იცის საწყისი ნივთიერება რამდენი მოხვდა ან საერთოდ რა დაამატა. რაც შეეხება ახალ ნარკოტიკებს, დიახ, კრიმინალურ ლაბორატორიებში წელიწადში რამდენიმე ასეული ახალი ნარკოტიკი იქმნება. მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო ამბობს, ესა და ეს ნივთიერება  ნარკოტიკია და მისი შეძენა-შენახვა და გამოყენება არ შეიძლებაო. ამას მოჰყვება დანართი - აკრძალული ნივთიერებების სია. ამ სიაში რომ არ მოხვდეს, კრინალურ ლაბორატორიებში ამა თუ იმ ახალ ნივთიერებას რომელიმე ატომის ნაცვლად, სხვა ჯგუფს ამატებენ ან რომელიმე ატომს შეცვლიან და ეს უკვე ქიმიურად სრულიად ახალი ნივთიერებაა.

- ახალი ნარკოტიკი აკრძალული ნივთიერებების სიაში რამდენ ხანში ხვდება? 

- აკრძალულ სიაში მოსახვედრად ნარკოლოგებმა, კლინიცისტებმა და ფსიქოლოგებმა მთავრობას მონაცემები უნდა მიაწოდონ, რომ აი, ახალი ნივთიერება აღმოვაჩინეთ, რომელსაც ნარკოტიკად იყენებ  და გთხოვთ სიაში შეიტანოთო, მაგრამ ეს ყოველთვის ერთი ან ორი ნაბიჯით ჩამორჩება ბაზრის მიწოდებას. ასე, რომ სანამ ადამიანს უნდა, რომ მოიხმაროს, ის ლაბორატორია ყოველთვის რაღაც ახალს გააკეთებს. 

- კანონდებლობის გამკაცრებაზე ან ღამის კლუბების დახურვაზე რა აზრის ხართ?

- ნარკოტიკების გავრცელებაზე სინგაპურში სიკვდილით დასჯაა, მაგრამ ამაზეც კი მიდიან, ამიტომ აკრძალვა ნაკლებად ეფექტურია. მოთხოვნილებაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ბავშვებს სხვა რამეების მოთხოვნილება ჰქონდეთ. რაც შეეხება კლუბების დახურვას, „ბასიანს“ დახურავ, „ხიდი“ დარჩება, „ხიდს“ დახურავ, სხვა გამოჩნდება და  ბოლო ბოლო, ქუჩაშიც მშვენივრად მოიხმარენ. კლუბების ადმინისტრაციებს კონტროლი გამკაცრება და დაცვის დაყენება უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ეფექტური იქნება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა