პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილება მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტი დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარუდგინა.
კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმის შემოღება ხდება.
კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ.
კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.
ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.
ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
გასულ წელს პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიას გაეგზავნა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დასკვნა წარუდგინა, თუმცა გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნა დაცლილია სამართლებრივი არგუმენტაციისგან.
მისი თქმით, ცესკოს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა მხოლოდ ის მოიტანა შედეგად, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე მოსაზრებით, 6-თვიანი მოდელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს.
“ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს, ფაქტობრივად, 6 თვით ვირჩევთ. 6 თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე 5 წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი. არცერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი.
ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.