თეგებით ძიება

რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის ქალის ქანდაკება?

ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ ალუშტასთან ახლოს თვალწარმტაც კონცხ პლაკაზე, სადაც ოდესღაც თავადი გაგარინების სამფლობელო იყო, ულამაზესი ციხესიმაგრე დგას - მარადიული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ ქცეული შენობა, რომელიც ქართველი თავადის ასულს ეკუთვნოდა. „კნიაგინია“ ტასოს სიყვარულის ამბავს ყირიმელები დღემდე უყვებიან მათთან ჩასულ სტუმრებს...

1845 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორად ინიშნება რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-ლეიტენანტი, თავადი ალექსანდრე გაგარინი, რომელიც საქართველოში ახლად შერთულ ცოლთან - თავადის ასულ მარია ბოროზდინასთან ერთად ჩამოდის.

თავად გაგარინთან ქორწინებამდე მარია ბოროზდინას ბედისგან დიდი სიმწარე ჰქონდა გადატანილი.

მისი მამა, გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი ბოროზდინი პატივსაცემი პიროვნება იყო რუსეთში. თავადის ოჯახში სხვადასხვა დროს ხშირად სტუმრობდნენ პუშკინი და გრიბოედოვი. ლაღად იზრდებოდნენ გენერლის ქალიშვილები მარია და მისი და ეკატერინა.

როდესაც გოგონები წამოიზარდნენ, მაშას იტალიელი პოდპოლკოვნიკი იოსებ პაჯიო შეუყვარდა და, მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, ცოლად გაჰყვა.

მალე მარიას იტალიელი ქმარი დეკაბრისტების აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. პაჯიომ თითქმის ექვსი წელი შლისელბურგის ციხის სამარტოო კამერაში გაატარა. ანდრეი ბოროზდინი, რომელიც ძალიან განიცდიდა უქმროდ დარჩენილი ქალიშვილის მდგომარეობას, ცდილობდა, მაშა დაერწმუნებინა, რომ თუ გათხოვდებოდა, ამით ტუსაღი ქმრის მდგომარეობას შეამსუბუქებდა და იტალიელს, სიკვდილით დასჯის ნაცვლად, ციმბირში გადაასახლებდნენ. მარიამ მამას დაუჯერა და თავადი მიხეილ გაგარინის ცოლობას დასთანხმდა.

ქუთაისში, ქმართან ერთად ჩამოსული მაშა მალე დაუმეგობრდა ქართველი თავადის ასულ ანასტასიას, ანუ, უბრალოდ, ტასოს, როგორც შინაურები ეძახდნენ.

ანასტასია ორბელიანთა უძველესი გვარის წარმომადგენელი გახლდათ. მამა იყო დავით ივანეს ძე ორბელიანი (1801-1830), დედა კი - მანანა მირმანოზის ასული ერისთავი-ორბელიანი, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გავლენიან ქალად მიიჩნეოდა. გარეგნულად ტასო დედას ჰგავდა. ძალიან გონიერი, მხიარული და გულღია ადამიანი იყო, თუმცა პირად საიდუმლოს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს ანდობდა. ტასოს სწორედ ასეთად მიაჩნდა გაგარინის მეუღლე და მთელი გულით შეიყვარა ახლად შეძენილი მეგობარი.

იტალიელი ქმრის დაჭერის შემდეგ მაშა ხშირად ავადმყოფობდა და ქუთაისში ჩასვლიდან მალევე - 1849 წელს ფილტვების დაავადებით გარდაიცვალა.

მაშას სიკვდილი როგორც გაგარინისთვის, ისე ანასტასიასთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა.

ორი ადამიანი, რომელსაც მანამდე, მეგობრობის გარდა, არაფერი აკავშირებდა, საერთო ტკივილმა გააერთიანა და მათ შორის უდიდესმა გრძნობა გაჩნდა.

ამ დროს ანასტასია 27 წლის იყო, ხოლო თავადი - 52 წლის...

მარია ბოროზდინას გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ, 1853 წელს, ალექსანდრე გაგარინმა და ტასო ორბელიანმა იქორწინეს, თუმცა მათ ბედნიერებას დიდი დღე არ ეწერა.

1857 წელს ალექსანდრე გაგარინი სვანეთის მთავარმა - კონსტანტინე დადეშქელიანმა მოკლა.

ტრაგედია, რომელმაც გაგარინი შეიწირა, რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებულ პოლიტიკას მოჰყვა.

გააგრძელეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა