გახშირებული კრიმინალი, გამოსახლება, ძალადობა და სუიციდი უმეტეს შემთხვევაში, ამ უსინდისო და აღვირახსნილ ბიზნესს უკავშირდება - თამარ ჯაფარიძე
შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. 2022 წლის 1 მარტს, როცა სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და 25 წლამდე პირებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის (500 000 მოქალაქე) სათამაშო ბიზნესში ჩართვა აიკრძალა, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა შემცირების ნაცვლად, უმოკლეს დროში 10 მილიარდი ლარით გაიზრდებოდა და 52 მილიარდს მიაღწევდა. მთავრობის სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტი განიხილეს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაზარდას „კატასტროფული მაჩვენებელი უწოდა. რატომ არ იმუშავეს რეგულაციებმა და შექმნილ ვითარებაში როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ და მოსახლეობამ, ამაზე TIA.GE-ს ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების“ წინააღმდეგ დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე ესაუბრა.
- დავიწყებ იმით, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. 2022 წელს, როცა სათამაშო ბიზნესის წლიურმა ბრუნვამ ქვეყნის მასშტაბით 42 მილიარდ ლარს მიაღწია, განგაში ავტეხეთ და რეგულაციების შემოღება მოვითხოვეთ. 2022 წლის პირველ მარტს რეგულაციები მივიღეთ, მაგრამ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა შემცირების ნაცვლად, კიდევ 10 მილიარდი ლარით გაიზარდა და 52 მილიარდს მიაღწია.
- გამოდის, რომ რეგულაციების დაწესებამ სათამაშო ბიზნესის სასარგებლოდ იმუშავა?
- საქმე ისაა, რომ კანონში გაკონტროლების მექანიზმი არ ჩაწერეს. ყველაფერი შემოსავლების სამსახურს და ეროვნული კომუნიკაციების კომისიას დააწერეს, რომელიც პრობლემას თავიდან იცილებს,
მაგრამ მე სხვა ეჭვებიც მაქვს... ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ როგორც ამ საკითხში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანს, ჩვენს პატარა ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ასე კატასტროფულად მზარდი ბრუნვა წარმოუდგენლად მეჩვენება. წელიწადში 10 მილიარდით ბრუნვას ლას ვეგასი, ჰონკონგი და მაკაო ვერ ზრდიან. ამასთან, მაკაო მსოფლიოში აზარტული თამაშების დედაქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად ორიდან სამ მილიონამდე ვიზიტორი სტუმრობს. მაკაოს წლიური ბრუნვა 32 მილიარდია, თან ჩვენი და მაკაოს მოსახლეობა, ჩვენი და მაკაოს ინფრასტრუქტურა, ჩვენი და მაკაოს ვიზიტორები სრულიად განსხვავებულია. სახელმწიფოს ბიზნესთან არათანმიმდევრული, არაადეკვატური, არარაციონალური და არაეფექტური მიდგომის გათვალისწინებით, ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშებს წინააღმდეგ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ჩატარდეს კვლევები, რომლებიც საქართველოში სათამაშო ბიზნესის სრულფასოვან სურათს მოგვცემს.
- კონკრეტულად, რისი გაგება გსურთ?
- გვინდა გავიგოთ რა არის სათამაშო ბიზნესის წლიური შემოსავალი საქართველოს მოქალაქეებისგან, რამდენია მოგება უცხოელი ტურისტებისგან, რამდენი გაიცემა ფსონად, რამდენია წაგებული თანხა და რამდენი მოგებული. ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, რომ ადამიანებს ვუთხრათ, 52 მილიარდი ლარი რის საფუძველზე ბრუნავს საქართველოში. მარტო ის არ კმარა, ბატონმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ძალიან შეწუხებული სახით რომ განაცხადა, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 52 მილიარდზე ავიდა და ეს კატასტროფააო. პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაციები რომ სრულდებოდეს და სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებდეს, 52 მილიარდი არ გვექნებოდა. გაგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში კაზინო „აჭარაში“ ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. გამოძიება როგორ დასრულდა არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მიჩნდება, რომ ეს 52 მილიარდი შეიძლება ფულის არაკეთისინდისიერ ბრუნვას უკავშირდებოდეს.
- ფულის გათეთრებას გულისხმობთ?
- ძალიან ადვილი შესაძლებელია. 4 მილიონიც არ ვართ და 52 მილიარდიანი ბრუნვისთვის ყველა ჩვენგანი ახალდაბადებულების, მოხიცების და გარდაცვლილების ჩათვლით, მოთამაშე უნდა იყოს. ეს არარეალური ციფრებია..
- მეზობელი მუსლიმური ქვეყნებიდან, სადაც სათამაშო ბიზნესს რელიგია კრძალავს, სათამაშოდ საქართველოში, ძირითადად, ბათუმში ჩამოდიან.. შესაბამისად, 52 მილიარდში ტურისტების დახარჯული ფულიც უნდა იყოს..
- რა თქმა უნდა, იქნება და სწორედ ამიტომ ვითხოვთ, რომ სახელმიფომ და ფინანსთა სამინისტრომ გააჟღეროს, რა თანხაა ვიზიტორებისგან შემოსული. ქვეყანაში 20 სამორინეა, აქედან 14 არის აჭარაში. სლოტ კლუბებზე აღარ არის ლაპარაკი.. თურქეთიდან შემოსული ადამიანის გაკონტროლება ძალიან მარტივად შეიძლება, იმიტომ, რომ მისი იდენტიფიცირება ხდება და ბაზაში როგორც მოთამაშე შედის. ამ ბაზის ამოღება კი შემოსავლების სამსახურს შეუძლია. მაკაოს მაგალითზე, რომელსაც ყოველწლიურად 3 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს, გეტყვით, რომ ვერც ერთი ვიზიტორით დატვირთული ქვეყანა ამხელა მოგებას ვერ დადებს. 52 მილიარდიანი ბრუნვის გათვალისწინებით, თითო დაწესებულების წმინდა მოგება 30 -დან 100 მილიონამდეა. საჯაროდ მივმართავ ყველა მშობელს, ყველა მეუღლეს, ლუდომანების ოჯახის ყველა წევრს, გამოდით ილაპარაკეთ და თქვნი დარდი საჯაროდ გამოიტანეთ, თორემ ეს საკითხი არასოდეს მოგვარდება. ამ ბიზნესმა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში მფარველები იპოვა და მშვენივრად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. აი, ამიტომ ხდება კანონდარღვევებზე თვალის დახუჭვა და წაყრუება. ჩვენ ასეთი უამრავი ფაქტი გვაქვს: მამას ბავშვისთვის ძილის წინ ზღაპრების წაკითხვა უნდოდა. შევიდა ქართული ზღაპრების საიტზე და სათამაშო დაწესებულებების რეკლამები დახვდა და ასეთი იცით რამდენი ფაქტია?
- იაგო ხვიჩია ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ლუდომანია ისეთივე გამოგონილი დაავადებაა, როგორც ჰომოსექსუალობა იყო თავის დროზე და ის პარლამენტის წევრია.
- მე ბატონი იაგო ხვიჩიას გონიერებას ვაფასებ, მაგრამ მის პოლიტიკურ სტრატეგიას არა. თუ იაგო ხვიჩია ნარკომანიას და ლუდომანიას დაავადებად არ აღიარებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს და თუ ბატონი იაგო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ ეთანხმება, რატომ გვყავს პარლამენტში ადამიანი, რომელიც საერთაშოორისო ორგანიზაციებს არ ეთანხმება? ამიტომ უნდა გავიაზროთ არჩევნების დროს ვის ვაძლევთ ხმას და რატომ. ასე, რომ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმეტესობისთვისაც ბატონი იაგოს კომენტარები მიუღებელია. არა მარტო იაგო ხვიჩია, პარლამენტში ზის მარადიული დეპუტატი, „კრისტალბეთის“ პირდაპირი თუ ირიბი მფლობელი, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური გავლენები აქვს. დიახ, ისკო დასენს ვგულისხმობ, რომლის საწინააღმდეგო პიროვნულად არაფერი მაქვს. საინტერესოა, მან თუ იცის, რომ გამოსახლებული ოჯახებიდან ყოველი მეოთხე ქუჩაში აზარტული თამაშების გამო აღმოჩნდა? ასეთი გამღატაკებელი, სუიციდის ფაქტების გამომწვევი და გამაუბედურებელი ბიზნესის მფლობელს რომ სახელისუფლებო გუნდი პარლამენტში შეიყვანს, ადამაინებსა და ორგანიზაციებში, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
- როცა ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ შეწეობაზე ცხოვრობს, სათამაშო ბიზნესის აყვავება კრიმინალის ზრდას უკავშირდება იმიტომ, რომ წაგებულ ფულს შოვნა უნდა..
- რა თქმა უნდა, ეს არის ბიზნესი, რომელიც პირდაპირ კრიმინალთანაა დაკავშირებული. ეს არ არის ბიზნესი, რომელიც რაიმე პროდუქციას ქმნის, პირიქით, უკვე შექმნილს და აწყობილი იკარგება. ჩვენ უამრავი ბენეფიციარი გვყავს, რომელმაც აზარტული თამაშების გამო სახლ-კარი დაკარგა და ბევრჯერ ამ ადამიანებს გამოსახლებების დროს გვერდით დავუდექით. გარდა ამისა, არსებობს სახელმწიფო სტატისტიკა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 21-დან 40 წლამდე ასაკის 74 ადამიანი. აქედან 38 ნაპოვნია და დანარჩენზე ძებნაა გამოცხადებული. შარშან ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მიაგნეს ხაშურელ ახალგაზრდას, რომელმაც კაზინოში ძალიან დიდი თანხა წააგო და სასწარკვეთილი სახლიდან გადაიკარგა. სამწუხაროდ, ზოგი თავსაც კი იკლავს და ასეთიც ბევრი შემთხვევაა. გაიხსენეთ ბანკზე თავდასხმის შემთხვევები, როცა ზოგი სათამაშო იარაღით შედის, ზოგი ნამდვილით. ამ ადამიანების უმეტესობას ფული აქვს წაგებული. იცის, რომ ამ ფულს ვერ მიიტანს და ციხეში წასვლა ურჩევნია. დიახ, გახშირებული კრიმინალი, ძალადობა, სუიციდი, ადამიანების დაკარგვა და ქუჩაში ანგარიშსწორება უმეტეს შემთხვევაში, ამ უაზრო, უსინდისო და აღვირახსნილ ბიზნესს უკავშირდება. რომ არა „ქართული ოცნების“ მფარველობა, რომ არა ძალოვნების მფარველობა, რომ არა გავლებიანი პირების მფარველობა, ალბათ ეს ბიზნესი იმ რეგულაციებში მოექცეოდა, რომელიც 2022 წლის 1 მარტს იქნა მიღებული. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე, ყველა არასამთავრობო საერთაშრისო ორგანიზაციას და საელჩოების წარმომადგენლებს ვეკონტაქტებით, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის რეგულირების აღსრულების სტრატეგია მკვეთრი და ხელშესახები გახადოს.
ბატონი პაპუაშვილის სახელზე შეტანილი გვაქვს 100 მშობლის ხელმოწერა, სადაც ვითხოვთ კანონის აღსრულებას. ვითხოვთ, რომ სახმელეთო სამორიგნეებს, სლოტ კლუბებს და სამორინეებს მიეცეთ 2 წლის ვადა, რომ ქალაქის პერიმეტრიდან გავიდნენ. მთელ ქალაქში ბდღვრიალებენ კაზინოები, სლოტ-კლუბები და ტოტალიზატორები. არც ერთს არა აქვს რეგულაცია გათვალისწინებული, პირიქით, სათამაშო დაწესებულებებს თავზე აწერიათ გასართობი ცენტრი. მოვითხოვთ რომ მუნიციპალურმა სამსახურებმა გათიშონ ეს მანათობელი რეკლამები, რომ ადამიანებს თვალში ნაკლებად მოხვდნენ, მაგრამ წერილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მითხრეს, რომ წერილი დარგობრივ კომიტეტში გადაიგზავნა. დარგბრივი კოომიტეტიდან რა თქმა უნდა, არვინ გამოგვეხმაურა იმიტომ, რომ იციან რასაც ვითხოვთ, ასე, რომ ეს ჩემი წერილები პრეზიდენტიდან დაწყებული, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლებით დამთავრებული კაბინეტიდან კაბინეტში გადადის..
მე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გამოდით ადამიანებო, ერთად დავდგეთ შვილების გადასარჩენად. დედების ორგანიზაციას პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური ფიგურა არ მფარველობს, ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მხოლოდ ხალხის ინტერესების გამტარებელია და ამ ბრძოლაში ხალხთან ერთად ვდგავართ!