საპარლამენტო დელეგაციის წევრები ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავენ
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ნატო-ს შტაბ-ბინაში, საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, კარმენ რომეროს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე და მისიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, მხარეებმა საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ მიმდინარე ღონისძიებაზე და აღნიშნული მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე გამახვილდა.