თეგებით ძიება

„დარჩა ერთადერთი გზა - საზოგადოებრივი ზეწოლა და საყოველთაო აღშფოთება“ - რატომ ტოვებენ მოსწავლეები სკოლებს?

რამდენიმე დღის წინ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოველწლიური  პუბლიკაცია „ბავშვები და მოზარდები საქართველოში“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია. სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ 2022-2023 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით, სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 სასწავლო წელს იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, თითქმის 2-ჯერ აღემატება წინა სასწავლო წლის იმავე მაჩვენებელს. 

რა მიზეზები დგას გამოქვეყნებული ციფრების მიღმა, ანუ რამ აიძულა 15 000-მდე მოსწავლე, რომ სკოლა მიეტოვებინა და რა გავლენა მოახდინა არსებულ სურათზე ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკამ და განხორციელებულმა რეფორმებმა? ამ კითხვებით TIA.GE-მ განათლების ექსპერტს, მანანა ნიკოლაიშვილს მიმართა:

- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ყოველთვიური პუბლიკაციის თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლებიდან განთესილია 14 911 მოსწავლე. (განთესვა - გასვლა, გაბნევა რაიმე ჯგუფიდან) აქედან პირველ კლასში განითესა 832 მოსწავლე (6%), მეორე კლასში - 1 137 (7%), მესამეში 1 008 (7%), მეოთხეში 1 015 (7%), მეხუთეში 1 032 (7%), მე-6 978 (7%), მე-7 1 034 (7%), მე-8  946 (6%), მე-9 892 (6%). რაც  ჯამში 59,5% შეადგენს. ანუ 14 911 მოსწავლიდან 1-9 კლასებში განთესილი მოსწავლეების რაოდენობა 8874-ია (59,5%). ეს შთამბეჭდავი რიცხვია, რომელიც პუბლიკაციაში ჩაწერილი არაა. რატომ გამოვყავი 1-9 კლასი? იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 9 კლასი სავალდებულოა და როცა სავალდებულო სწავლებიდან 8874 მოსწავლის განთესვაზე ვსაუბრობთ, ეს საგანგაშო რიცხვია. მოსწავლის განთესვა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან დაბალი რიცხვები, ფაქტობრივად, ერთეულები უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა. არ არსებობს სფერო, სადაც სახელმწიფო კონსტიტუციის დარღვევას პატიობს.  ამისთვის ყველგან სერიოზული სასჯელია და აქ რა ხდება? ამ ბავშვების უფლებებს რატომ არავინ იცავს? აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლის მაჩვენებლები თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. 2021-2022 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით სწავლა 8846 მოსწავლემ შეწყვიტა და შემდეგ წელს ეს რაოდენობა 6065 მოსწავლით ანუ 41%-ით გაიზარდა. 

- თქვენი აზრით, სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლების ზრდა რას უკავშირდება?

- სამინისტრო ძირითადად, საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადასვლას უკავშირებს მაგრამ ეს ტყუილია. ქვეყნიდან ძირითადად, ოჯახის ერთი წევრი მიდის, ბავშვები კი მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან რჩებიან და სწავლას აგრძელებენ. თუ მთელი ოჯახი მიდის, ბავშვი სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებს. საინტერესოა, სტატისტიკის დეპარტამენტს ანგარიშში მიზეზები რატომ არ აქვს ჩაშლილი. ცნობილია, რომ მეცხრე კლასიდან ათასობით მოსწავლეს სკოლას ატოვებინებენ, მაგრამ ამის მერე, მეათე კლასში რომ გააგრძელა სწავლა, იმათგან 3808 ბავშვი ანუ თითქმის 26% განითესა.  ნახეთ, მე-11 კლასში არის 10%-იანი განთესვა, მე-12 კლასში 5%-იანი განთესვა და საერთო ჯამში, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში 41 %-იანი განთესვა. რა გამოდის?  1-9 კლასის 59,5%  ემატება მე 10-მე-12 კლასის 40,5% და გამოდის 100 პროცენტი ანუ 14 911 მოსწავლე. 

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ყველა „არა“ რომ იწერებოდეს და სკოლები რომ გამცდენ მოსწავლეებს არ ფარავდნენ, ეს რიცხვი - 14 911 გაასმაგებული იქნება. 

- ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თითოეული მოსწავლე ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება. გაკვეთილზე მოსწავეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე კი პასუხისმგებლობა საგნის მასწავლებელს ეკისრება.

- გიმეორებთ, სკოლები გამცდენ მოსწავლეებს ხელს აფარებენ, მაგრამ უანგაროდ თუ რამე ინტერესი აქვთ, ეს სხვა სტრუქტურების გასარკვევია. თუ გახსოვთ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ვწერდით, ასე თუ გაგრძელდა, სკოლის მესამე საფეხური მოსწავლეებისგან დაიცლება და მართლაც დაიცალა, მერე მე-7 მე-9 კლაების დაცლა დაიწყო და საქმე დაწყებითების დაცლამდე რომ მივიდა, გამოვარდა სააკაშვილი და CAT-ის გამოცდები და გაცდენებზე ექსტერნის გამოცდები დააწესა. „ქართულმა ოცნებამ“ რა ქნა? გამოცდები მოხსნა. ამიტომ გაქრნენ ბავშვები სკოლებიდან. სანამ მიზეზებზე ვისაუბრებთ, დავსვათ კითხვები - სად არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ძალოვანი სამინისტროები, პარლამენტი, სკოლა.. რას აკეთებდა განათლების სისტემა მოსწავლის განთესვამდე? რა ღონისძიებები გაატარა, რომ განთესვის ფაქტი არ დამდგარიყო? უამრავი კითხვაა და პასუხი არა, ამიტომ პირდაპირ მიზეზებზე გადავალ. მოსწავლის მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება იყოს საზღვარგარეთ ოჯახების გადინება, არასრულწლოვნების  პროსტიტუციაში ჩართვა და ამაზე მიუთითებს ნაადრევი აბორტების რიცხვის ზრდაც,  რომელიც ამავე სტატისტიკის დეპარტამენტიც ცნობაშია, ასევე, არასრულწლოვნების ონლაინთამაშებში და სხვადასხვა ჯგუფებში ჩართვა, რომლებიც ღია თუ დახურულ სივრცეებში, მიტოვებულ შენობებში, მიტოვებულ მშენებლობებსა და სკვერებში ბაღებში უკაცრიელ და მოფარებულ ადგილებში იკრიბებიან, სხვადასხვა საშიშ სექტებში და კრიმინალურ ჯგუფებში გაწევრიანება.. მოგეხსენებათ, რომ საგრძნობლად გაზრდილია არასრულწლოვნების მიერ  მაღაზიების, სავაჭრო ცენტრების, მანქანების და ბინების გაქურდვის შემთხვევები და ამას არაერთი ტელევიზია აჩვენებს. არასრულწლოვნები ჩართულები არიან ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების საქმეში, მუშაობენ სასწავლო საათებში და ა.შ. ერთი სიტყვით, მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი ყოველთვის არასასურველია. 

- ადრე ასეთ საკითხებზე არასრულწლოვანთა საქმის ინსპექცია მუშაობდა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა...

- მთავარია, სურვილი იყოს და სახელმწიფო სტრუქტურებს ამის კონტროლი დღესაც ადვილად შეუძლიათ. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ თავისი პრეზიდენტობის დროს თქვა, გაიტანთ ყველა კაზინო თბილისიდაო და ამის ნაცვლად, დედაქალაქი კაზინოებისა და არაოფიციალური საროსკიპოების ქალაქად იქცა.  წესით, ამის გამო მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. სამწუხაროდ, დღეს განათლების სისტემაში სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს, ზოგადი განათლების კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ სასკოლო სისტემაზე სრულფასოვანი და საჭირო სახელმწიფო კონტროლი განხორციელდეს სასწავლო, სააღმზრდელო, საფინანსო და ეკონომიკური მიმართულებებით.

წარმოიდგინეთ, ზოგადი განათლების კანონის თანახმად, მინისტრმა 20150 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის ანგარიში წელიწადში ორჯერ უნდა წაიკითხოს, რაც შეუძლებელია. დილის 6 საათიდან ღამის 1 საათამდე რომ იკითხოს, მაინც ვერ წაიკითხავს. „ქართულმა ოცნებამ“ ეს უტოპიური და დანაშაულებრივი კანონი არ შეცვალა და მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს დასჯერდა, ამიტომ სისტემაში სრული ქაოსი და განუთხაობაა. 14 911 მოსწავლე უგზო-უკვლოდ, განათლების უფლების გარეშე, გაურკვეველი მიზეზებით არის ჩამოცილებული სასკოლო სივრცეს, მაგრამ სკოლებში ზუსტი აღრიცხვა რომ ხდებოდეს, ეს რიცხვი ათჯერ მეტი იქნებოდა. საგანგაშო სიტუაციაა და გამოსწორება ხვალიდანვე უნდა დაიწყოს, თუმცა არა დღევანდელი კადრებით, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს.  ახლა დარჩა ერთადერთი გზა - საზოგადოებრივი ზეწოლა  და საყოველთაო აღშფოთება და რა თქმა უნდა, მოთხოვნა, რომ ყველა მოსწავლე დაუბრუნონ სკოლას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა