სომხეთი ჯერ კიდევ ირიდებს თავიდან სანქციებს: ვინ უწყობს ხელს ერევნის იმუნიტეტს?
მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი რუსეთის მიერ სამხედრო კომპონენტებზე წვდომის შეზღუდვაზე მუშაობენ, პარიზი „ეხმარება“ მოსკოვს, ერევნის მიმართ ლმობიერების გამოჩენის გზით, რაც უკრაინაში ომის გაგრძელებას უწყობს ხელს.
23 თებერვალს ევროკავშირმა შემოიღო სანქციების მე-13 პაკეტი, რომელიც აფართოებს რუსეთში ექსპორტზე გასატანი აკრძალული საქონლის ჩამონათვალს. მასში შევიდა 194 ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე 27 ორგანიზაცია, რომლებსაც ბრალი ედებოდათ კრემლთან სამხედრო თანამშრომლობაში დასავლური სანქციების გვერდის ავლით. სანქცირებულთა შორის მოხვდნენ კომპანიები ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, სერბეთიდან, ტაილანდიდან და შრილანკადან. თუმცა, პუტინის ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც 2 წელზე მეტი ხანია ეხმარება მას სანქციების თავიდან აცილებაში, კვლავ დაუსჯელი დარჩა. ჩვენ ვსაუბრობთ სომხეთზე, რომელსაც უნდა, რომ წყლიდან მშრალი გამოვიდეს. ერთის მხრივ, ერევანი ტოვებს დასავლური პოლიტიკის მატარებელი ქვეყნის შთაბეჭდილებას, ხოლო მეორეს მხრივ, კვლავ რჩება რეექსპორტის ქვეყნად.
პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა განაახლა სანქციების სია და დაამატა დაახლოებით 600 ფიზიკური და იურიდიული პირი 11 ქვეყნიდან, რომლებიც რუსეთის ხელშეწყობაში იყვნენ შემჩნეულები, თუმცა სომხური კომპანიები აშკარად არ აღმოჩნდნენ სანქცირებულთა შორის.
დასავლური საზოგადოება „შერჩევითი სამართლის“ გამოყენებით მრავალ კითხვას ბადებს. სანქციებში არსებული ხარვეზებისა და პრეტენზიების მიუხედავად, სომხეთის თანამონაწილეობა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში შეუმჩნეველი რჩებოდა მთელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში.
ამავდროულად, საკმარისზე მეტი ფაქტი არსებობს იმისა, რომ სომხეთი რუსეთის მთავარი არხია სანქციების გვერდის ავლით იმპორტის განსახორციელებლად. ამას, პირველ რიგში, ეკონომიკური მონაცემები მოწმობს: 2022 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინაში, სომხეთიდან რუსეთში ექსპორტი უპრეცედენტო 187%-ით გაიზარდა. მაშინ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანნისიანმა აღიარა, რომ „მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტით არის განპირობებული“. ამ ტენდენციის გაგრძელების შედეგად, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში საქონლის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა, საიდანაც 80%-ს რეექსპორტი შეადგენდა.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების განხორციელების შემდეგ, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი 430%-ით გაიზარდა. ეს მონაცემები 2024 წლის თებერვალში გამოაქვეყნა რობინ ბრუკსმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა და Goldman Sachs-ის ყოფილმა სტრატეგმა და აღნიშნა, რომ ასეთი დინამიკა ნიშნავს, სომხეთის გავლით, ევროკავშირისა და ჩინეთის საქონლის რეექსპორტს რუსეთში.
სომხეთის გავლით სანქცირებული საქონლის რეექსპორტის საკითხს ფართოდ აშუქებდნენ გლობალური მედია საშუალებები ბოლო ორი წლის განმავლობაში, მათ შორის პრესტიჟული გამოცემები, როგორიცაა Forbes, France 24, Financial Times და The Wall Street Journal. მედიის ყურადღების მიუხედავად, დასავლეთს არ განუხორციელებია რაიმე ქმედება სომხეთის იმ უკანონო რეექსპორტის აქტივობების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ უკრაინელ ხალხზე.
„ბრიუსელი და ვაშინგტონი, გაურკვეველი მიზეზების გამო, თვალს ხუჭავენ ერევნის მჭიდრო კავშირებზე კრემლთან“, აღნიშნავს უმსხვილესი რუმინული გამოცემა Digi24.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერებმა ყურადღება გაამახვილონ სომხეთის განმეორებით დარღვევებზე. პირიქით, ითვლება, რომ გაურკვეველი წყაროების პოლიტიკური მხარდაჭერა იცავს ერევანს რეპრესიებისგან. ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასა და სომხეთს შორის გააქტიურებულმა ურთიერთობებმაც მიიპყრო ყურადღება, განსაკუთრებით 2023 წლის მაისიდან ერევნისთვის ფრანგული იარაღის მიწოდებამ.
23 თებერვალს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ამიერიდან „სომხეთში მუდმივად იქნება ფრანგი სამხედრო მრჩეველი“.
მან ასევე განაცხადა, რომ წელს პარიზი სომხეთს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწოდებს და ადგილობრივი სამხედრო პერსონალის მომზადებას დაიწყებს. სომხეთისთვის ფრანგული იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი უკრაინული გამოცემა „ცენზორი“ 2023 წლის ნოემბერში აღნიშნავდა: „სომხეთის იარაღით მიწოდებით პარიზმა საბოლოოდ მოიპოვა ერევნის სამხედრო-პოლიტიკური მფარველის სტატუსი“.
„პარიზი ძირს უთხრის ვაშინგტონისა და ბრიუსელის ძალისხმევას“, - განმარტავს ბერძნული გამოცემა, Protothema.
იმის გამო, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვას, საფრანგეთის მიერ სომხეთის მხარდაჭერამ გააჩინა შეშფოთება მოსკოვის მიერ იარაღზე წვდომის თაობაზე.
საერთაშორისო მედია ხაზს უსვამს მაკრონის პოლიტიკასა და შეერთებული შტატების და ევროკავშირის კოლექტიური პოზიციის შეუსაბამობას. ძირითადი გამოცემები ამ საკითხს მთელი 2023 წლის მანძილზე ეხებოდა.
თუ მაკრონი მართლაც დგას სომხეთის „იმუნიტეტის“ უკან, მაშინ ასეთი პოლიტიკა ნამდვილად ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ინტერესებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში აწვდიდნენ უკრაინას მილიარდობით დოლარის იარაღს რუსული შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფაქტობრივად, პარიზი თავის მთავარ პარტნიორებს „ეთამაშება“.
უკრაინული ტელეგრაფი აღნიშნავს, რომ „მაკრონის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ემთხვევა პუტინის ინტერესებს“, ხოლო ლიტვურმა ალფამ აღნიშნა, რომ „მაკრონის მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ განსხვავდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისგან“.
„ფრანგული ავანტიურიზმი და ლიბანში კონტაქტების შენარჩუნების სურვილი მუდმივად აყენებს პარიზის ინტერესებს დასავლეთის ინტერესებზე წინ. სამხრეთ კავკასიის მსგავსად, საფრანგეთი აღმოჩნდა ირანისა და რუსეთის (და არა დასავლეთის) მხარეზე“, - განაცხადა National Interest-მა, რომელიც წარმოადგენს რესპუბლიკელებს აშშ-ში.
რუმინული Stiripesurse იტყობინება, რომ "საფრანგეთის პრეზიდენტმა აღიარა მისი განსხვავებული პოზიცია სომხეთის მიმართ დანარჩენ ევროპასთან შედარებით". აღსანიშნავია, რომ Forbes-ის ფრანგულმა სამმართველომ დასავლეთს 2023 წლის მაისში მოუწოდა, მიიღონ ზომები სომხური რეექსპორტის წინააღმდეგ. აქ ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის აღჭურვილობის უკანონო მიწოდების შეწყვეტის აუცილებლობა. მიუხედავად ამ მოწოდებისა და ორი წლის განმავლობაში სანქციების 13 რაუნდისა, მნიშვნელოვანი ქმედება არ განხორციელებულა.
იგორ ჩალენკო, უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ანალიზისა და სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელი (კიევი)