რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს ნორმალური მენსტრუაციული ციკლი და რა შემთხვევაში დგება ორსულობა ლაქტაციის პერიოდში - მანანა მგალობლიშვილის რჩევები
ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელშისაკუთარ გვერდზე სხვადასხვა აქტუალურ თემაზე გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს და ადამიანებს მნიშვნელოვან რჩევებსა და ინფორმაციას უზიარებს.
- როგორ უნდა გავიგოთ, მენსტრუაცია ხომ არ არის ჭარბი ან მცირე?
- მენსტრუაციის დროს ქალი, ჩვეულებრივ, დღე-ღამეში, დაახლოებით, 40-60 მლ სისხლს კარგავს. ხოლო, მთლიანად მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, დაახლოებით, 250 მლ-ს. ამის დათვლა, ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ ეს შესაძლოა იმ ტამპონების, საფენებისა თუ მენსტრუალური ჭიქის გათვალისწინებით შეაფასოთ, რომლებსაც იყენებთ. თუ მენსტრუაციის პერიოდში დღე-ღამეში დაახლოებით 5-6 ტამპონს, ან საფენს ხარჯავთ, მაშინ მენსტრუაცია ნორმალურია. თუ მოიხმართ 2-3 მენსტრუალურ ჭიქას, ესეც ნორმალურია. სხვა შემთხვევაში, მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგს.
- რამდენი დღე გრძელდება ნორმალური მენსტრუაცია?
- ნორმალური მენსტრუაციის ხანგრძლივობა 21-დან 35 დღემდე შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღემდე ინტერვალი 21-დან 35 დღემდე უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება მენსტრუაცია.
- შესაძლებელია თუ არა ორსულობა ლაქტაციის პერიოდში?
- ლაქტაციის პერიოდში, როდესაც ბავშვს ძუძუს აჭმევთ სრულად და დამატებით კვებას არ აძლევთ, ძირითადად, ქალებს მენსტრუაცია არ აქვთ და დაორსულების შანსი, ცხადია, მკვეთრად შემცირებულია და ის 2%-მდე შეადგენს. ხოლო, როდესაც შერეულ კვებას იწყებთ, ანუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე სრულად არ გყავთ, შეიძლება მენსტრუაციაც განახლდეს, მაგრამ რომც არ გქონდეთ მენსტრუაცია, ესეც ნორმალურია და ამ პერიოდში დაორსულების შანსი 10%-მდეა.
- როგორ ვუმკურნალოთ კლიმაქსის სიმპტომებს: ალებს, შეხურებებს...
- კლიმაქსის პერიოდში, როდესაც საკვერცხეები მუშაობს წყვეტს და არ გამოყოფს ჰორმონს - ესტროგენს, ორგანიზმი ესტროგენების ნაკლებობას განიცდის და სწორედ ამის შედეგია ის სიმპტომები, რომლებიც ხშირად ქალებს აწუხებთ: ალები, შეხურებები, ოფლიანობა, ნერვული გაღიზიანებულობა, დეპრესია, უძილობა და ასე შემდეგ. ეს სიმპტომები ხშირად აწუხებთ ქალებს 40-45-50 წლის შემდეგ. ეს დაკავშირებულია მენოპაუზასთან. მენოპაუზა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, როცა საკვერცხეები წყვეტს ფუნქციონირებას, ვინაიდან მასში ილევა კვრეცხუჯრედების მარაგი და ორგანიზმი განიცდის ესტროგენების ნაკლებობას. ესტროგენების დეფიციტი იწვევს აღნიშნულ სიმპტომებს, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ოსტეოპოროზის განვიტარების რისკს. მკურნალობა და მდგომარეობის გაუმჯობესება სპეციალური პრეპარატებითაა შესაძლებელი, რომლებიც ესტროგენებს შეიცავს. თუმცა, საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ჰორმონები ასუქებს. მკურნალობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც ქალი გარკვეულ კვლევებს ჩაიტარებს.
- რისი გაკეთება შეიძლება დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ, თუ ორსულობა დაგეგმილი არ არის?
- დაუცველი სქესობრივი აქტის შემთხვევაში, თუ არ გეგმავთ ორსულობას, შესაძლებელია, გამოიყენოთ ე.წ. გადაუდებელი კონტრაცეფცია. ეს იმას ნიშნავს, რომ სქესობრივი აქტის შემდეგ 72 საათის განმავლობაში სპეციალური აბი უნდა დალიოთ, რომელიც არასასურველი ორსულობისაგან დაგიცავთ. მაგრამ, გადაუდებელი კონტრაცეფციის მოხმარება ხშირად არ შეიძლება, რადგან ის მძიმე ჰორმონალურ დარღვევას იწვევს და დასაშვებია მხოლოდ წელიწადში 2-ჯერ, 5-6 თვეში ერთხელ გამოყენებით. უმჯობესია, თავი ორსულობისაგან სქესობრივ კონტაქტამდე დაიცვათ და არა შემდეგ.
- როგორ გამოვთვალოთ განაყოფიერების დღეები?
- განაყოფიერების დღეები არის ის პერიოდი, როცა ქალს აქვს დაფეხმძიმების ყველაზე მარალი შანსი. როცა ხდება კვერცხუჯრედის გამოსვლა განაყოფიერების მიზნით. ეს დღეები რომ გამოვთვალოთ, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა ხანგრძლივობისაა თქვენი ციკლი. ამის გამოთვლა იწყება მენსტრუაციის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, როდის დასრულდა მენსტრუაცია. ვთქვათ ეს პერიოდი გრძელდება 28 დღის განმავლობაში. ის პირობითად გაყავით შუაზე. სავარაუდოდ მე-14 დღეს ხდება ოვულაცია, პლუს-მინუს 2-3 დღე.