თეგებით ძიება

"ადამიანს ბოროტი შთააგონებს, გაიხსენოს წარსულში დაშვებული შეცდომები, რათა ის სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს..." - როგორ ვებრძოლოთ შფოთვებს

ჩვენს დროში ხშირია შფოთვები, შფოთვითი აშლილობა, აკვიატებული აზრები. ეს ბოროტისგან მოდის. ის ცდილობს ჩვენთან დიალოგში შემოსვლას და ავი აზრებით გვიწამლავს გონებას. ეს კი ჯერ სასოწარკვეთის, შემდეგ კი - ათასი უბედურების გამომწვევია. ამიტომ მათ არ უნდა ავყვეთ. მისი დამარცხება და უკუგდება მყისიერად უნდა შევძლოთ. ამის "რეცეპტად" კი, წმინდა მამა, ეფრემ კატუნაკელი "იესოს ლოცვას" გვთავაზობს.

ეფრემ კატუნაკელი: შვილო ჩემო, წარმოთქვი ლოცვა – “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე,” დღედაღამ განუწყვეტლივ. ლოცვა გვაძლევს ყველაფერს, ის თავის თავში მოიცავს ყველაფერს: თხოვნას, ნუგეშს, რწმენას, აღმსარებლობას, ღმრთისმეტყველებას და ა.შ. ლოცვა უნდა აღესრულებოდეს განუწყვეტლივ.

ლოცვა თანდათან მოიტანს მშვიდობის, სიტკბოების, სიხარულის ცრემლებს. მშვიდობა და ცრემლები კიდევ უფრო მეტ ლოცვას მოიტანს, ლოცვა კი კვლავ უფრო დიდ მშვიდობასა და სიტკბოებას მოგანიჭებს და ასე განუწყვეტლივ. ისეთი მომენტიც იქნება, რომ ლოცვის შეწყვეტისას თავს ცუდად იგრძნობ.

გონიერ ლოცვას თან და თან მიჰყავს ადამიანი ნათლობის პირველ მადლთან.

თვალყური ადევნეთ, რომ ერთმანეთი არ გაანაწყენოთ. როდესაც შენზე ძმა ნაწყენდება, მაშინ ლოცვა არ ძალგიძს, ლოცვა ქრება.

ბერი იოსებ ისიქასტი ეუბნებოდა თავის მორჩილებს: “მე თქვენგან არაფერი მინდა. მე გაგიმზადებთ ყველაფერს, მე მოგემსახურებით, თქვენგან მე მხოლოდ ლოცვა მინდა დღე და ღამე, სინანული, უმთავრესად ცრემლები. მეტი არაფერი მინდა, მხოლოდ ცხოვრება ლოცვაში ან ცრემლები დღე და ღამე”.

ჩვენთან სხვადასხვაგვარი აზრები მოდიან და იკავებენ გონებას, ამას ხშირად ვერ ვამჩნევთ. წარმოსახვები (მეოცნებეობა) ბოროტის ყველაზე ცბიერი იარაღია: წარსულის გახსენება, უკვე მომხდარი ამბის სხვაგვარი დასასრულის წარმოდგენა ან მომავლის წარმოსახვა, კეთილ საქმეებზე ოცნებით საკუთარი თავის განდიდება.

ის აზრები, რომლებიც გულში გამოძახილს ჰპოვებენ, მოქმედებენ მასზე, ხშირად შფოთის მომტანი ხდებიან. თუ ადამიანი ამ აზრების განდევნის იმედად, მათთან საუბარს იწყებს და ყურადღებას აქცევს მათ, ამით არსებობს საფრთხე, რომ მისმა გონებამ მეოცნებეობის მავნე ჩვევა შეითვისოს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტად ააშფოთებს გულს. როგორც ქარი აღელვებს ზღვის ტალღებს, ისევე აზრების ქარიშხალი აღელვებს სულს. აქ საჭიროა შინაგანი ყურადღება, რაც აუცილებელია ლოცვისთვის. ამიტომ საუბრობენ წმ. მამები ლოცვისა და სიფხიზლის განუყოფლობაზე. სიფხიზლე გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი გონება მუდმივი ყურადღების ქვეშ გვყავდეს. ამგვარი ლოცვით საღმრთო მადლი მკვიდრდება ჩვენში.

წყარო: Primetime


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა