რატომ აქტიურდება თმის ცვენა გაზაფხულზე და როგორ ვუშველოთ მას
იცოდით, რომ თმის ღერების რაოდენობა თავზე, სხვა საკითხებთან ერთად, დამოკიდებულია ფერზეც? ქერათმიანებს საშუალოდ - 140 000, წაბლისფერთმიანებს - 110 000, შავთმიანებს - 108 000, ხოლო ჟღალთმიანებს - 90 000 თმის ღერი აქვთ.
სტანდარტულად, ერთეული თმის ცხოვრების ციკლი დაახლოებით 2-5 წელია. მერე კი ის ბუნებრივად სცვივა ადამიანს და მის ნაცვლად ახალი ღერი ამოდის. შესაბამისად, თმის ცვენა ბუნებრივი მოვლენაა. ნორმაა, როდესაც ადამიანს ყოველდღიურად 30-დან 100 ღერამდე თმა სცვივა. ხოლო თუ დაცვენილი ღერების რაოდენობა 100-ს აღემატება, მაშინ ეჭვი ჩნდება ალოპეციაზე და სწორი და დროული ჩარევაა საჭირო.
თმის ცვენის მიზეზები მრავალფეროვანია. მისი პროვოცირება შეუძლია 300 მეტი დასახელების მედიკამენტს. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, ქირურგიული ჩარევა, არასწორად დაცული დიეტა, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება ცვლის თმის სიცოცხლის ციკლს. ხშირად, გოგონები ზედმეტად მჭიდროდ გადაწეული თმითა და სხვადასხვა ვარცხნილობით თავად უწყობენ ხელს თმის ცვენის პროცესს.
თმის ცვენა შეიძლება ნებისმიერ სეზონზე გააქტიურდეს. თუმცა ის განსაკუთრებით ხშირია გაზაფხულზე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კი ავიტამინოზი ანუ ვიტამინების ნაკლებობაა. ზოგადად, გაზაფხულზე ავიტამინოზის გამოვლენა უფრო ხშირია, რადგან ხილი და ბოსტნეული აღარ შეიცავს ვიტამინების დიდ მარაგს. ზამთარში ამ ვიტამინების ერთი ნაწილის დაშლა ხდება. შესაბამისად, ორგანიზმი ბუნებრივი გზით ვეღარ მარაგდება ვიტამინების სასურველი რაოდენობით.
რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ის ვირუსული ინფექციები, რომლის გადატანაც უხდება ადამიანს შემოდგომიდან გაზაფხულამდე. ესეც იმუნოდეფიციტის განმაპირობებელი გარემოებაა, რაც ავიტამინოზით ვლინდება.
უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, თმის ცვენას იწვევს ძირითადად შემდეგი ვიტამინებისა და მინერალების: B12, D, რკინისა და თუთიის ნაკლებობა.
D ვიტამინს დიდი როლი მიუძღვის კანის საფარველის, ფრჩხილისა თუ თმის განახლებაში. ზამთარში კი როდესაც, მზის სხივი ნაკლებადაა, ორგანიზმში ვიტამინის რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება და გაზაფხულზე უკვე დეფიციტის სახით იჩენს თავს.
რკინის უკმარისობა თმის ცვენის პარალელურად, იწვევს მუდმივ დაღლილობას. ამ უკანასკნელს ხშირად გადაღლას აბრალებენ და პრობლემას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, ვიდრე თმის ცვენა განსაკუთრებულ ზღვარს არ გადააჭარბებს.
თუთიის უკმარისობა კი თმის ცვენასთან ერთად, იმუნური სისტემის დათრგუნვას, ჭრილობების რთულად შეხორცებასა და ყურადღებისა/კონცენტრაციის დეფიციტსაც იწვევს.
თმის ცვენის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია კვების რაციონის დარეგულირება, მისი სათანადოდ გამდიდრება ხილითა და ბოსტნეულით.
გადამწყვეტია, სწორად შეარჩიოთ თმის მოვლის საშუალებები, რათა მათი დახმარებით თმის ზრდის სტიმულირება და ცვენის პრევენცია მოახდინოთ. ამასთან, პერიოდულად და განსაკუთრებით გაზაფხულზე, სასურველია მიიღოთ ვიტამინების კომპლექსი ჯანსაღი თმისთვის. არ დაგავიწყდეთ, თმის მიკროსისტემა ფაქიზია და ისეთივე მოვლას საჭიროებს, როგორსაც სახის კანი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია, როდესაც ის ნორმის ფარგლებში ჯდება. თმა ყველაზე სქელია 20 წლისათვის, შემდეგ ნელ-ნელა თხელდება და 70 წლისთვის ისეთი სისქე აქვს, როგორც ახალშობილს. თუ გსურთ, რომ თქვენი თმა ადრეულ ასაკში არ გათხელდეს, სწორად შეარჩიეთ მოვლის საშუალებები და საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაიწყეთ საკვები დანამატის მიღება.