ევროკომისია საქართველოზე გამავალ წყალქვეშა კაბელს „ურთიერთინტერესის პროექტის“ სტატუსს დაჩქრებულად მიანიჭებს
ევროკომისიამ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთ-უნგრეთიის „მწვანე“ ენერგეტიკული დერეფნის (Black Sea Energy) შექმნის პროექტს შესაძლოა „ურთიერთინტერესის პროექტის“ სტატუსი დაჩქარებული წესით მიანიჭოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.
„ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შავი ზღვის გასწვრივ „მწვანე” ენერგეტიკული დერეფნის პროექტისთვის „ურთიერთინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭების პროცესი დავაჩქაროთ,“ - წერს მინისტრი.
პროექტ Black Sea Energy-ის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. საუბარია კასპიის ზღვის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, ძირითადად, ქარის ელექტროსადგურებიდან შავი ზღვის გავლით რუმინეთისთვის, ბულგარეთისა და უნგრეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
ცნობისთვის: 2022 წლის 17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც 1000 მეგავატ სიმძლავრისა და 1195 კმ სიგრძის წყალქვეშა ელექტროკაბელ Black Sea Energy-ის გაყვანას ითვალოსწინებს. კაბელით აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთს მიეწოდება, რომ შემდგომ უნგრეთსა და დანარჩენ ევროპაში ტრანსპორტირდეს. მის გაყვანას 3-4 წელი დასჭირდება. კაბელის ასაშენებლად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი იქნება, ევროკომისია 2,3 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს.
2023 წლის ივნისში გამოცხადდა, რომ პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. ამასთან, პროექტში მონაწილეობის ინტერესი სერბეთმაც გამოხატა, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ აზერბაიჯანი-ევროკავშირის „მწვანე“ დერეფნის მეშვეობით ენერგორესურსების შეძენას მოლდოვის მომხმარებელიც შეძლებს. ამის შესახებ მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრ ვიქტორ პარლიკოვმა Trend-თან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანი მდიდარია ტრადიციული ენერგორესურსებით, ქვეყანაში „მწვანე“ დღის წესრიგი სულ უფრო მყარდება.
„გეოგრაფიულად ასეთ პროექტთან მოლდოვას დაკავშირება რთული იქნებოდა, ამიტომ ეს პროექტი ჩვენზე ირიბად, ანუ რუმინული ბაზრის მეშვეობით მოახდენს გავლენას. ჩვენ რუმინეთის ენერგოსისტემასთან ახალ მძლავრ ხაზებს ვაშენებთ და 5-6 წელიწადში მოლდოვა ევროპის ენერგეტიკული ბაზრის სრულფასოვანი ნაწილი გახდება. ჩვენ იმავე რუმინეთთან ერთად, ფაქტობირვად, ერთი ბაზარი ვიქნებით,“ - აცხადებს პარლიკოვი.
წყარო : bpn.ge