სასჯელი რიჩარდ გირის კოცნითვის - ინდოელ მსახიობ ქალს უხამსი ქცევისთვის ბრალი წაუყენეს (ვიდეო)
ეს ამბავი 2007 წელს დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის მსახიობმა, რიჩარდ გირმა ნიუ დელიში, აივ-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე წამყვან ქალს აკოცა. აკოცა და აკოცა, მერე რა მოხდაო, იტყვით ალბათ და შეცდებით, რადგან ამ კოცნის გამო საბრალო ქალი 15 წელი სასამართლოდან სასამართლოში ატარეს.
საქველმოქმედო ღონისძიებას რიჩარდ გირი და ბოლივუდის ვარსკვლავი შილპა შეტი ერთად უძღვებოდნენ. ღონისძიების მიმდინარეობისას რიჩარდმა თავისი ცნობილი ფილმიდან „მოდი ვიცეკვოთ“ ერთ-ერთი სცენის გამეორება გადაწყვიტა, შილფა მკლავზე გადაიწვინა და აკოცა. თუ არ დაიზარებთ და ვიდეოს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ რიჩარდ გირს კეთილგონიერების საზღვრები არ დაურღვევია ქალს მხოლოდ ლოყაზე ეამბორა, თუმცა ინდოეთში შილპას თავს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქალმა რიჩარდი სიცილით გააფრთხილა - „ეს მეტისმეტია“, ჰოლივუდის მსახიობმა ჰინდის ენაზე ნათქვამიდან ვერაფერი გაიგო. საბოლოოს, ქალს ბრალად დასდეს, რომ მისმა ქცევამ მამაკაცის „უხამსი საქციელი გამოიწვია“.
მომხდარის შემდეგ რიჩარდ გირმა შილპას ბოდიში მოუხადა. მსახიობის თქმით, არ იცოდა, რომ ინდოეთში უწყინარ კოცნას ასე მკაცრად შეაფასებდნენ და მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია.
თავდაპირველად სასამართლომ უხამსობის ბრალდება ორივე მსახიობს წაუყენა. ბოდიშის მოხდის შემდეგ გირს ბრალდება მოუხსნეს, შილპას - არა..
უსამართლობაა? ეს კოცნა ხომ მთლიანად მამაკაცის ინიციატივა იყო, ბრალი კი ქალს დაეკისრა. იცით, რას ეფუძნება ბრალდება? იმას, რომ კოცნის დროს შილპას პროტესტი არ გამოუთქვამს ან არასაკმარისად გამოთქვა.
საქმე ის გახლავთ, რომ ინდოეთში აკრძალულია სიტყვები ან საჯარო ქმედებები, რომლებიც სხვა ადამიანების გაღიზიანებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში მამაკაცები ხელჩაკიდებულები დადიან და ეს არავის აღიზიანებს, გოგონა და ვაჟი კი საჯარო ადგილებში კოცნისთვის შეიძლება სამი თვით საპყრობილეში მოათავსონ.
„შილპას საქმე“ სასამართლოში 15 წელი გაჭიანურდა, რადგან მოსამართლეს გაუჭირდა იმის განსაზღვრა, რაში მდგომარეობდა შილპას მხრიდან უხამსობა.
თუ სხვამ გაკოცა, გამოდის, რომ უხამსობის მონაწილე ხარ, მაგრამ არა დამნაშავე, თუმცა პროკურორი ვარაუდობდა, რომ შილპამ თავისი უმოქმედობით მამაკაცს უხამსობისკენ უბიძგა.
ქალს ბრალდება მომხდარიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ მოუხსნეს - სასამართლომ დაადგინა, რომ თუ შილპას მისი ნების საწინააღმდეგოდ აკოცეს, ის დამნაშავე არაა. სინამდვილე კი ისაა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, ინდოეთში სოციალური ცნობიერება და თანასწორობის გაგება ოდნავ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა კანონმდებლობა იგივე დარჩა.