„ამ წლის განმავლობაში, შესაძლოა, მოხდეს მნიშვნელოვანი გარდატეხა“ - თინა ხიდაშელი რუსეთ-უკრაინის ომზე
„ამერიკის არჩევნები გავლენას ახდენს არა მარტო უკრაინაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. როდესაც საუბარია სუპერ-სახელმწიფოზე, იქ მიმდინარე არჩევნების შედეგებს უდიდესი ფუნქცია, ძალა და გავლენა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატების გამარჯვებას“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან იურისტმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
რაც შეეხება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს, რომელიც მედიის ნაწილმა აღიქვა ისე, რომ საფრანგეთს შესაძლოა უკრაინაში ჯარებიც გაეგზავნა, ხიდაშელის აზრით მაკრონს ეს არ უგულისხმია.
„ნუ შევალთ შეცდომაში, მაკრონმა ისაუბრა ინსტრუქტორებსა და მხარდამჭერ პერსონალზე და არა ჯარზე. მე ძალიან გამიხარდებოდა თუ ნატო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან ევროპის შუაგულში მიმდინარე ომი მათი პრობლემაცაა, თუმცა სამწუხაროდ ამჟამად საკითხი ასე არ დგას“, - განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის დახმარება დასავლეთის მხრიდან არ შესუსტებულა და ამის არანაირი მონაცემები არ არსებობს.
„არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება შესუსტებულია. ამას არ ადასტურებს არანაირი მონაცემი, თუმცა კმაყოფილი არავინ ვართ რადგან ყველას გვეჩქარება და გვინდა სწრაფად დასრულდეს ეს ომი“-ამბობს ხიდაშელი.
ყოფილი მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ არ არსებობს პროგნოზი თუ როდის დასრულდება ომი.
„ამ წლის განმავლობაში ვფიქრობ, შესაძლოა, მოხდეს მნიშვნელოვანი გარდატეხა, თუმცა ეს სამწუხაროდ არ ნიშნავს იმას, რომ ომი დასრულდება“, - ამბობს თინა ხიდაშელი.