თეგებით ძიება

„მილიონი იგებს არჩევნებს, მილიონზე მეტი უნდა აიღოს ხელისუფლებამ ან ჯამურად ოპოზიციამ, რომ მოიგოს არჩევნები" - დავით ბერძენიშვილი

„ქართული ოცნების ელექტორალური ბაზა 40%-ის მიდამოებშია, სახელისუფლებო რესურსისა და მანიპულაციების ჩათვლით. 2020-ისა და 2021-ის არჩევნების ოფიციალური შედეგებიც კი არის 45%-ის მიდამოში, თბილისა და რამდენიმე დიდ ქალაქში 40%-ის. მას მერე მათ თუ მოაკლდებოდათ, თორემ ნამდვილად არ მოემატებოდათ“ - ამის შესახებ Tia.ge-სთან საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანალიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მოსაგებად პარტიებს 1 მილიონი ხმა დასჭირდებათ.

„მილიონი იგებს არჩევნებს, მილიონზე მეტი უნდა აიღოს ხელისუფლებამ ან ჯამურად ოპოზიციამ, რომ მოიგოს არჩევნები“, - ამბობს ზურაბიშვილი.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა აქტივობაც, რადგან რაც უფრო მაღალია იგი მით მეტია ოპოზიციის შანსები.

„აქტივობა 2 მილიონი შეგვიძლია ავიღოთ ზღვრად, რაც უფრო გადაცდება ამ ნიშნულს იზრდება ოპოზიციის გამარჯვების ალბათობა, ხოლო რაც უფრო ჩამოცდება პირიქით“, - ამბობს ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილის აზრით, ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა ოპოზიციურადაა განწყობილი, თუმცა ოპოზიციური სუბიექტები ვერ ვერ აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს. ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს სათანადო კომფიგურაცია, რაც სერიოზული პრობლემაა 5%-იანი ბარიერის პირობებში.

„ყველა ხმა, რომელიც 5%-იანი ბარიერის ქვევით იქნება, გაიყოფა და ნახევარზე მეტი მოხმარდება სახელისუფლებო მანდატებს. ფორმულა ასეთია, ხდლისუფლების წინააღმდეგ მიცემული ხმები, გადაიქცევა სახელისუფლებო მანდატებად“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ე.წ. „არანაცურ“ და „შუაშისტურ“ ოპოზიციურ პარტიებზეა, ტექნიკური/დე-ფაქტო კოალიციები კი ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობაა. ბერძენიშვილის თქმით, სწორედ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ იბრძვის და იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს „ქართული ოცნება“. 

 „როგორც კი ოპოზიციური სუბიექტები 4-ზე მეტი იქნება, ყოველი მომდევნო ხელისუფლებისთვის გამარჯვების დამატებითი შანსია. სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობას აქვს თავისი ელექტორატი, მართალია მათი შედეგი შესაძლოა ორიანით ვერ დაიწყოს, თუმცა 20%-ის მიდამოებში იქნება. საპირისპირო ოპოზიციურ ფლანგზე გახარიას პარტია რჩება 5%-ისთვის მებრძოლ სუბიექტად, რომელიც არჩევნებზე მარტო გავა. მე მას ვურჩევ შეივსოს საკუთარი რიგები ოცნებიდან წასული სოლიდური ხალხით მაგალითად: თამარ ჩუგოშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ა.შ. თუ ეს პიროვნებები გახარიას სიაში იქნებოდენ, ამით მხოლოდ მოიგებდა იგი“, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, წინასაარჩევნოდ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებასაც და ამბობს, რომ თუ მელია პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივებულ სახეებს არ შემოიკრებს, შესაძლოა, ე.წ. შუაშისტური ამომრჩევლების ხმებიც მიიღოს. ის ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოში მინიმუმ 400,000 ე.წ. შუაშისტური ამომრჩეველია. 

 „მელია და გვარამია ალბათ ერთად იქნებიან. მელიას აქვს უნარი არანაცური ამომრჩევლის მიზიდვის, ამას ადასტურებს ბოლო ორი არჩევნებიც. თუ მელიას პარტიაში სათანადო ადგილას აღმოჩნდებიან ნაციონალური წარსულის არმქონდე ცნობილი პიროვნებები, მაგალითად არასამთავრობოს წარმომადგენლები, ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ კონკურენციას 5 ნომერთან, მეორე მხრივ კი შუაშისტური ამომრჩევლის ნაწილის ხმების მიღებას“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ასევე ამბობს, რომ ზოგიერთი პარტია მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებისთვის იბრძვის და  ის შეგნებულად დატოვა ხელისუფლებამ 1%-იან ბარიერზე. მისი აზრით ასეთი პარტიები ამომრჩეველმა უნდა გაანულოს.

 „მე ვგულშემატკივრობ ყველას და მინდა ჯამურად ოპოზიციურმა პარტიებმა დადონ 50%-ზე მეტი, რათა შეიქმნას ახალი სახელისუფლებო კოალიცია. ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შანსი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ აღმოჩნდება იმაზე უფრო ჩამოუყალიბებელი ვიდრე აქამდე ყოფილა. ერთ მაგალითს გავიხსენებ 1995 წელს მოქალაქეთა კავშირმა მიიღო 24%, თუმცა ბარიერს მიღმა დარჩა დაახლოებით 60%, ეს ხმები გადანაწილდა და მოქალაქეთა კავშირმა 24%-თ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო“, - ამბობს ბერძენიშვილი და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია შეძლებს ოქტომბრამდე გარკვეულწილად ჩამოყალიბებას. 

„მე იმედი მაქვს, რომ ორ ძირითად შუაშისტურ გაერთიანებაში გადანაწილდებიან და ერთნიშნა იქნება ბარიერ გადაულახავთა ჯამი, თუ ორნიშნა იქნა ეს იქნება პოლიტიკური ოპოზიციის ბრალი. მე თავს ვერ დავდებ რომ ძალიან ჭკვიანურად მოიქცვიან. მაგრამ ვეცდები ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო პროცესში“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა