პუტინის მე-5 საპრეზიდენტო არჩევნები და მისი მართველობის 24 წელი
15-17 მარტს, რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მეხუთედ გაპრეზიდენტებისთვის რუსეთის 71 წლის მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონაწილეობს. არჩევნები პირველად ტარდება ელექტრონულად. პუტინის ყველა რეალური ოპონენტი ან მკვდარი, ან დაპატიმრებული ან ქვეყნიდან გაქცეულია. ყოფილი უშიშროების მაღალჩინოსანი, 1999 წლის აგვისტოდან 2000 წლის მაისამდე პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო უკვე 24 წელია პრეზიდენტია.
როგორი იყო პუტინისთვის გასული არჩევნები?
1999 წლის 31 დეკემბერს, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ, 2000 წლის 26 მარტს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა, როგორც მოქმედმა პრემიერმინისტრმა ხმათა 53.4%-თ გაიმარჯვა. ის ოფიციალურად დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. მთავარი კონკურენტი კომუნისტი გენადი ზუგანოვი იყო, რომელმაც ხმათა 29.5% მიიღო. პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს შედგა.
პირველი ვადის განმავლობაში მას დასავლეთთან სტაბილური და მშვიდი ურთიერთობა ჰქონდა, მეტიც დასავლეთში მის მიმართ კარგადაც კი იყო განწყობილი. გაიჟღერა იმ აზრმაც, რომ პუტინი არ იყო წინააღმდეგი რუსეთი ეხილა ნატოში. 2000 წლის აგვისტოში, კურსკის წყალქვეშა კატასტროფამ პუტინის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. წყალქვეშა გემზე მყოფი 118-ივე ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლეების ნელი მოქმედებებიც იყო, რაც შვებულებაში მყოფი პუტინის გულგრილობას მიაწერეს. პუტინმა გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის გაძლიერებისთვის, მიაღწია ე.წ. "დიდ გარიგებას" ოლიგარქებთან, რომელთაც შეუნარჩუნდათ პრივილეგიების ნაწილი ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ. 2002 წელს ე.წ. ნორდოსტის ტერაქტის შედეგად პუტინის პოპულარობა კვლავ დაზიანდა. მან მოახერხა სასტიკად ჩაეხშო ჩეჩნეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ჩაატარა 2003 წლის რეფერენდუმი, რომლითაც ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილად გამოცხადდა, ფართო ავტონომიით.
2004 წლის 14 მარტს, პუტინი ხმათა 71%-თ მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი. მალევე მას კიდევ ერთი ტერაქტი მოუწევს ბესლანის სკოლის სახით, სადაც არ წავა მოლაპრაკებებზე და 330 ადამიანის სიცოცხლეს გასწირავს. 2005 წელს სსრკ-ის დაშლას აღწერს, როგორც მე-20 საუკუნის მსოფლიოს უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას. 2006 წლის 7 ოქტომბერს, საეჭვოდ მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ამხელდა პუტინის დანაშაულებს კორუფციასა და ჩეჩნეთის ომში. ამ ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
2007 წლის თებერვალში მიუნხენის უსაფღთხოების კონფერენციაზე მისმა აგრესიულმა გამოსვლამ შეაშფოთა დასავლელი ლიდერები. პუტინი გმობდა ამერიკის გლობალურ დომინაციასა და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას.
2007 წლის 19 სექტემბერს პუტინის ატომურმა ბომბდამშენებმა დაიწყეს წვრთნები შეერთებულ შტატებთან ახლოს, პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
2008 წლის აგვისტოში განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოში და მისმა საუკუპაციო ჯარებმა დაიკავეს შიდა ქართლის სოფლები, ყოფილი ცხინვალის რეგიონის ტერიტორია.
2012 წელს არჩევნების გაყალბების შედეგად, პუტინმა ხმათა 63% მიიღო. ოპოზიციამ ქუჩაში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში, მომიტინგეთა სასტიკ დაკავებებსა და პოლიტიკურ რეპრესიებში. ამ პერიოდიდან ავტორიტარიზმი უფრო მკაცრი გახდა. პუტინმა დაიწყო საუბარი დასავლეთის გარყვნილებასა და ქრისტიანობის დაცვის მნიშვნელობაზე. ამავე პერიოდში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ,რომელიც პოპულარული ადვოკატი და აქტივისტი იყო.
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია, შედეგად დასავლეთმა მასშტაბური სანქციები დაუწესა ქვეყანას და არ სცნო ის. 2015 შეიჭრა სირიაშიც.
2018 წელს ხმათა 76%-თ პუტინი კვლავ გახდა პრეზიდენტი. 2020 წელს ნოვიჩოკით მოწამლეს ალექსეი ნავალნი, რამდენიმე თვეში კი სამშობლოში დაბრუნებული დააპატიმრეს, ის ციხეში გმირულად დაიღუპა 16 თებერვალს.
2022 წლის 24 თებერვალს განახორციელა, გაუმართლებელი და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ხელისუფლების დამხობისა და აღმოსავლეთ უკრაინის შეერთების მიზნით. დიქტატორმა ვერ გატეხა უკრაინული წინაარმდეგობა და ვერ მიაღწია გადამწყვეტ წარმატებას უკვე 2 წელია, თუმცა მოკლა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე, მასზე 2023 წელს ჰააგის სასამართლომ გამოსცა დაკავების ორდენი. საერთაშორისო სანქციებმა ეკონომიკა შეარყია და რუსეთი სულ უფრო იზოლირებული ხდება მსოფლიოსგან.
ავტორი: გიორგი აბულაძე