თეგებით ძიება

სად ქრება წყალში ჩაყრილი მონეტები? - 11 საინტერესო ფაქტი ტრევის შადრევნის შესახებ

როცა ტურისტი ტრევის შადრევანში მონეტას აგდებს და სურვილის ასრულებას სთხოვს, წარმოდგენა არ აქვს, რომ ამ დროს ძველ ბერძნულ ღვთაებებს და ქალაქის ღარიბ ადამიანებს ასაჩუქრებს.

„წყლისკენ ზურგით მიბრუნდი, მონეტა ზურგს უკან გადააგდე და სურვილი ჩაიფიქრე... ოღონდ სურვილი მხოლოდ რომში დაბრუნება უნდა იყოს“ - ასე ასწავლის ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გმირი მეგობარს ტრევის შადრევანში მონეტის „სწორად“ ჩაგდებას.

ამ ჩვეულების შესახებ მე-19 საუკუნიდან ცნობილია, თუმცა მასობრივი სახე 1954 წლიდან მიიღო, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „სამი მონეტა შადრევანში“. როგორც ჩანს კოლექტიურ არაცნობიერში საკრალური რიცხვის - სამის გავლენა ძალიან დიდია, ამიტომ გაჩნდა "რიტუალის" ახალი ვარიანტი უკვე სამი მონეტით და სურვილით: ერთით რომში დაბრუნებას ნატრობენ, მეორეთი რომში სიყვარულის პოვნას და მესამეთი რომში დაქორწინებას. სპეციალური კომუნალური სამსახურების თანამშრომლები შადრევნიდან ყოველდღიურად, დაახლოებით, 3000 ევროს იღებენ, რაც ღარიბების დახმარებას ხმარდება. კერძო პირებს შადრევიდან მონეტების ამოღება ეკრძალებათ.

***

წყალში ფულის და ძვირფასი ნივთების გადაყრის ჩვეულება უძველესი დროიდან მოდის. ამ გზით ღვთაებებს შესაწირს უგზავნიდნენ და გასაკვირი არაა, რომ შადრევნის ისტორიაც ანტიკურ ხანაში იწყება. ამ ადგილზე რომაული აკვედუკი (წყლის მილი) მდებარეობდა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე აუშენებიათ.

რენესანსის დროს აქ შადრევანი გაჩნდა, რომელსაც წყალი აკვედუკის საშუალებით მიეწოდებოდა.

ტრევის მოედანზე შადრევნის მშენებლობა 1732 წელს, ნიკოლა სალვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ქვაში განსხეულებული ჰიმნი სამი ათწლეულის განმავლობაში იქმნებოდა. სახელწოდება „ტრევი“ სავარაუდოდ იტალიური tre vie-დან მომდინარეობს, რაც „სამ გზას“ ნიშნავს - მოედანი ხომ სამი ქუჩის შერწყმის ადგილზე გაჩნდა.

***

ტრევის შადრევნის ქანდაკებები და მათი განმარტებები:

1. ოკეანე - სალვის პროექტის მიხედვით, შადრევნის ცენტრალური ფიგურა არა ზღვების ღმერთი ნეპტუნია, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ბერძნული მითოლოგიის ღმერთებიდან - ტიტანებიდან ყველაზე უფროსი - ოკეანე. ის ყველა წყლის მბრძანებელი იყო, რომელმაც სამი ათასი ქალიშვილი-ოკეანიდი და ამდენივე ვაჟი-მდინარე შვა.

2. ქანდაკებები სვეტებზე - წვიმის წყლის მიერ მოტანილი სიკეთეების ალეგორიები: "ნაყოფთა სიმრავლე", "მარცვლეულის მოსავალი", "შემოდგომის საჩუქრები“ და "ბაღების ხვავი".

3. წყაროს აღმოჩენა - სცენა ლეგენდიდან, რომელიც განმარტავს, თუ რატომ ეწოდა აკვედუკს Aqua Virgo (ქალწულად ქალიშვილი). წყურვილით დატანჯული რომაელი ჯარისკაცები შეხვდნენ გოგონას, რომელმაც მათ წყარო აჩვენა - აკვედუკის მომავალი საწყისი.

4. აკვედუკის შექმნა - რელიეფზე გამოსახულია მხედართმთავარი მარკ ვიფსანიუს აგრიპა, რომელიც წყაროდან მარადიულ ქალაქის აბანოებამდე მილების გაყვანას ბრძანებს. წყალსადენის სიგრძე 20 კილომეტრზე მეტი იყო.

5. გერბი - შადრევნის მშენებლობის ინიციატორმა, რომის პაპმა კლემენტ XII-მ იზრუნა, რომ მისი გერბი უფრო მაღლა ყოფილიყო, ვიდრე შადრევნის უკან მდგარი სასახლე - პალაცო პოლი, რომლის მფლობელები მისი წინამორბედის, ინოკენტი XIII-ის ნათესავები იყვნენ. ფარის ქვემოთ პაპის ძალაუფლების სიმბოლოები - დიადემა და გასაღებებია გამოსახული.

6. წარწერები - ამოკვეთილია იმ პაპების მითითებით, რომელთა დროსაც შადრევანი აშენდა:

„დიდმა პონტიფიკოსმა კლიმენტი XII-მ, 1735 წელს, პაპობიდან მეექვსე წელს იშვიათი დახვეწილობით შეამკო სამკურნალო ძალის მქონე ღვთისმშობლის წყარო“;

"დიდი პონტიფიკოსი ბენედიქტ XIV წინამორბედის საქმიანობის გამგრძელებელია“;

„ქანდაკებები და რელიეფები დიდი პონტიფიკოსის, კლიმენტ XIII-ის ბრძანებით განთავსდა 1762 წელს“.

გააგრძელეთ კითხვა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა