35 წელი საბედისწერო ლიხნის კრებიდან - რა მოხდა აფხაზეთში 1989 წელს?
1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში რეფორმატორი მიხეილ გორბაჩოვის მოსვლით, იმპერიაში ცვლილებების ტალღა დაიწყო "გლასნოსტის" და "პერესტროიკის" პოლიტიკის სახით. ეს ყველაფერი დასასუსტებული სსრკ-ს დემოკრატიზაციასა და ეკონომიკურ გარდაქმნას ისახავდა მიზნად. მეტმა თავისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ნაციონალიზმის გამოღვიძებას შეუწყო ხელი. 1988 წლის შემოდგომიდან საქართველოს სსრ-ში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა ეროვნულმა მოძრაობამ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი 1988 წლის ნოემბერში.
1989 წლის 18 მარტს, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზების დიდი შეკრება გაიმართა, რომელშიც 30,000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ეს აფხაზებისთვის ერთგვარი საკრალური და ტრადიციული ადგილი იყო. მასზე მიიღეს მიმართვა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის სახელზე და ამ მიმართვაში საბჭოთა კავშირის ფარგლებში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისგან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფა მოითხოვეს. ლიხნის წერილს ხელს აწერდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბაც. ამას უკიდურესად მძაფრი რეაქციები მოჰყვა ქართულ საზოგადოებასა თუ აკადემიურ წრეებში.
3 აპრილს სოხუმის ცენტრში მოეწყო დიდი მიტინგი, მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ვოვა ვეკუა (რომელიც მალევე მოკლეს სოხუმში). მიტინგის დასრულების შემდეგ ლიდერები შეთანხმდნენ 4 აპრილიდან დაწყებულიყო მასობრივი პოლიტიკური აქციები დედაქალაქში. აქციების მიზანი აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის სოლიდარობის გამოცხადება და ლიხნის შეკრების ორგანიზატიორების დასჯის მიღწევა უნდა ყოფილიყო. თბილისში საპროტეტო აქციები ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” თაოსნობით დაიწყო. ადლეიბას გათავისუფლებით ლიხნის პეტიციის ავტორების ერთგვარი დასჯა მოხდა. ეს თითქოსდა უნდა გამხდარიყო რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე აქციის დაშლის საბაბი, თუმცა მოგვიანებით მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა. ეროვნულ მოძრაობაში ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი საბჭოთა კავშირის წაქეზებით ხდებოდა და მთავარი იყო სწორედ მის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მოვლენების საკვანძო ეტაპი 9 აპრილის ტრაგედია გახდა, საბჭოთა კავშირის ჯარებმა სასტიკად დაარბიეს დემონსტრანტები რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაძაბული ვითარება 1989 წლის ივლისშიც გაგრძელდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში რექტორ გვარამიას გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ხელს აწერდა ლიხნის წერილს. საბოლოოდ უნივერსიტეტი ორ სექციად გაიყო, ქართული გამოეყო აფხაზურს. სოხუმის ქუჩებში სამოქალაქო არეულობის დასახშობად, ქალაქში საბჭოთა ჯარები შევიდა. ტრაგიკული დღე პირველი მსხვერპლით დასრულდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში...