თეგებით ძიება
23. 03. 2024 მსოფლიო

მღელვარე "არაბული გაზაფხული" 13 წლის შემდეგ

  არაბული გაზაფხული, ასევე ცნობილი როგორც პანარაბული რევოლუცია - იყო საპროტესტო აქციებისა და სამოქალაქო არეულობების სერია 2011-2012 წლებში არაბულ სახელმწიფოებში, რომელმაც სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. ყველაფერი ტუნისში დაიწყო, როდესაც 26 წლის გარემოვაჭრემ, მუჰამად ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ ფორმით მუჰამადმა თავისი საკუთრების კონფისკაცია და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან შეურაცხყოფა გააპროტესტა. პროტესტი სწრაფად გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომით დასრულდა. ტუნისიდან საპროტესტო ტალღა მთელ არაბულ სამყაროში გავრცელდა, მოიცვა ეგვიპტე, ალჟირი, იორდანია, იემენი, ბაჰრეინი და ლიბია. მცირე ინციდენტებით აღინიშნა მავრიტანიაში, საუდის არაბეთში, ომანში, სუდანში, სირიაში, ერაყში, მაროკოში, ჯიბუტში.

 საპროტესტო აქციების ორგანიზება მეტწილად ხდებოდა ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, რაც სიახლე იყო. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ავტორიტარულმა რეჟიმებმა საპოლიციო და ზოგჯერ სამხედრო ძალები გამოიყენეს. ამან სიტუაციის გამწვავებას შეუწყო ხელი და ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო ომშიც კი გადაიზარდა. 

 2010 წლის ბოლოსათვის არაბულ სამყაროში მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები არსებობდა. რომელთა ძირითადი თავისებურებებიც ავტორიტარული მმართველობა, პოლიტიკური კორუფცია და ეკონომიკური პრობლემები იყო. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, დასავლეთის ქვეყნებში, არაბული გაზაფხული თავდაპირველად რომანტიზებული ფორმით აღიქვეს, როგორც არაბული ქვეყნების მოსახლეობის გამოსვლები, რომელთა მიზანიც პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია იყო.

 ძლიერ მღელვარება 2011 წლის იანვარ-თებერვალში მოჰყვა ჰოსნი მუბარაქის გადადგომა თანამდებობიდან 11 თებერვალს, რომელიც ასიათასობით ეგვიპტელმა იზეიმა. თუმცა ამ წერტილამდე ეგვიპტის ქუჩებში ტრაგიკულ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, როგორც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, ისე მუბარქის მხარდამჭერებსა და მოწინაღმდეგეებს შორის. მართალია პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, თუმცა დემოკრატიის დამყარება ამას არ მოჰყოლია. Human Rights Watch-ის გამოთვლებით, 2014 წლიდან დღემდე, ეგვიპტეში 60 000 ადამიანი დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. 

 2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში ამბოხება დაიწყო, ამბოხებულები კადაფის 40 წლიან სასტიკ დიქტატურას აპროტესტებდნენ. აჯანყებულებმა აღმოსავლეთ ლიბია დაიკავეს, დასავლეთიდან კი კადაფი სამხედრო ძალით უპირისპირდებოდა მოწინაღმდეგეებს. გაეროს რეზოლუციის შემდეგ, ნატოს ჯარებმა ლიბიაზე წერტილოვანი დარტყმები განახორციელეს. ქვეყანამ ორი სამოქალაქო ომი გადაიტანა.

 ერთადერთი ქვეყანა, სადაც არაბული გაზაფხულის შედეგად კონსტიტუციური და შედარებით სტაბილური პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდა ტუნისი იყო. ლიბიაში, სირიაში და იემენში სამოქალაქო ომები მრავალმხრიან კონფლიქტად იქცა, რომელშიც არაერთი საერთაშორისო და რეგიონული ძალა ჩაერთო. სუდანში, ლიბანში, ალჟირში და ერაყში 2019-2020 წლებში მომხდარი მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები კი შეფასდა როგორც არაბული გაზაფხულის გაგრძელება ანდაც მეორე ტალღა.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა