ვინ იყო წვერიანი ქალი, ვინც მე-17 საუკუნეში მხატვრების მუზად იქცა?
2017 წლის 13 დეკემბერს ლონდონის Wellcome Collection-ის მუზეუმმა გამოაცხადა, რომ თავისი კოლექცია ახალი შედევრით შეავსო. საუბარია 1640 წელს უცნობი მხატვრის მიერ შესრულებულ ნახატზე, რომელზეც იმდროინდელი მსოფლიოსთვის კარგად ცნობილი, წვერიანი ქალი ბარბარა ვან ბეკია გამოსახული.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლო მე-17 საუკუნეში ასეთი უჩვეულო გარეგნობის ქალმა ცხოვრება, თუმცა უფრო საოცარია, რომ ბარბარა ვან ბეკმა წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობასაც მიაღწია, საყვარელ ადამიანზეც დაქორწინდა, შვილიც შეეძინა და ცნობილი მხატვრების მუზადაც იქცა.
ბარბარა ურსლერი 1629 წელს ბავარიაში დაიბადა. სულ პატარა იყო, როცა სახეზე თმის ამოსვლა დაეწყო და შუბლი, ლოყები და ცხვირი მთლიანად დაუფარა.
მეცნიერების აზრით, ბარბარას ძალიან იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება ჰიპერტრიქოზი ჰქონდა. ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როცა ადამიანების (ძირითადად, მამაკაცებს) სახე და სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი მთლიანად თმის საფარით იფარებოდა.
მე-17 საუკუნეში ისეთი უჩვეულო გარეგნობის ადამიანის ხვედრი, როგორიც წვერიანი ქალია, მხოლოდ საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა და მონსტრის როლის შესრულება იყო. ამიტომ ბარბარას მშობლებმა გოგონა გასართობ ცენტრს გადასცეს, რათა შვილის გამორჩეული გარეგნობით ფული ეშოვათ.
30 წლის განმავლობაში ბარბარა, ცირკის დასთან ერთად, მთელ ევროპაში მოგზაურობდა. გასტროლებზე გამომუშავებული ფულით ქალმა კარგი განათლება მიიღო, რამდენიმე ენაზე საუბარი და კლავისინზე დაკვრა ისწავლა და მალე თავისი ცხოვრების სიყვარულსაც შეხვდა.
წვერიანმა ქალმა ჰოლანდიელი იოჰან ვან ბეკის მოხიბვლა მოახერხა და ცოლადაც გაჰყვა.
ქორწინებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ ეს ქორწინება სიყვარულთან კი არა, ანგარებასთან იყო დაკავშირებული და ჰოლანდიელი ბარბარაზე ქონების გამო დაქორწინდა, თუმცა, ჭორების მიუხედავად, წყვილი ბედნიერად გრძნობდა თავს. მალე ცოლ-ქმარს სრულიად ჯანმრთელი შვილი შეეძინა, რომელსაც დედის დაავადებამ გვერდი აუარა.
ბარბარას მთელი მსოფლიო იცნობდა, რადგან ქალი გამუდმებით მოგზაურობდა. წვერიანმა ქალმა მოახერხა, თავისი ნაკლი უპირატესობად და შემოსავლის წყაროდ ექცია. თუმცა ყველაზე გასაოცარია, რომ ქალი სახელოვანი მხატვრების მუზად იქცა. ბარბარა, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელთა მსგავსად, მოდური აბრეშუმის კაბებში პოზირებდა და ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს ნახატები მაღალი ხარისხის ტილოები იყო და არა კარიკატურები.
იტალიელი მხატვრის მიერ 1640-იანი წლების ბოლოს შექმნილი ტილო, რომელიც Wellcome Collection-ის მუზეუმმა შეიძინა, ახლახან აღმოაჩინეს.
სურათზე აღბეჭდილი ქალის ფერადი გამოსახულება სრულიად შეესაბამება ინგლისელი მწერლის ჯონ ეველინდის მიერ 1657 წელს აღწერილი წვერიანი ქალის გარეგნობას:
„წარბები ზემოთ ჰქონდა ავარცხნილი, შუბლზე ისეთივე თმა ეფინა, როგორც თავზე. განიერი წვერი კი ყურებიდან და ცხვირის შუა ნაწილიდან ეზრდებოდა...“
ბარბარა ვან ბეკის პორტრეტი Wellcome Collection-ის მუზეუმში 2018 წლის დასაწყისში გამოიფინა.
წყარო: ფანთაიმი