თეგებით ძიება

სვირინგები, ჟარგონი, ქურდული სიმღერები... - როგორ ხდებოდა საბჭოთა კავშირში ქურდული სამყაროს გაიდეალება?

თუ ფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირში, კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის არსებობის დროს დანაშაულებრივი სამყარო არ არსებობდა და დანაშაული არ ხდებოდა, ცდებით. არა მარტო არსებობდა, სსრკ-ს მთელი არსებობის მანძილზე, დანაშაულებრივი სამყაროს გაიდეალება მიმდინარეობდა, მაგრამ იმ დროს, ამაზე არავინ საუბრობდა. 

მთავარი ფაქტორი, რომელიც ზემოთ ხსენებულ პროცესს ხელს უწყობდა, ტოტალიტარული საბჭოთა სახელმწიფოსა და ქურდული სამყაროს იდეოლოგიის მსგავსება იყო. სახელმწიფოც და დანაშაულებრივი სამყაროც გამორიცხავდნენ ლიბერალიზმსა და დემოკრატიას და აღიარებდნენ ძალასა და თავდადებას. ამავდროულად, დანაშაულებრივი სამყარო სახელმწიფოს იდეას ეწინააღმდეგებოდა და თავისი კანონებით ცხოვრობდა. ის ღიად უარყოფდა საზოგადოებაში მიღებულ  წესებს და ბევრისთვის ეს პროტესტის ერთგვარი ფორმა გახდა. საბჭოთა მოქალაქეები დანაშაულებრივი სამყაროს წევრებს აღიქვამდნენ, როგორც მეამბოხეებს, რომლებსაც პიროვნული თავისუფლების საკუთარი თეორია ჰქონდათ.

ცხადია, ასეთმა „თავისუფლებამ“ ბევრი ახალგაზრდა, მორალურად უმწიფარი პირი მიიზიდა. ისინი ცდილობდნენ შეერთებოდნენ სამყაროს, რომელიც მათთვის ცრურწმენებისა და სტერეოტიპებისგან თავისუფალი იყო და საკუთარი წესებით ცხოვრობდნენ. საბოლოოდ, იმედებს იმედგაცრუება ცვლიდა, მაგრამ ამ დროს „რომანტიკოსი“ უკვე ციხეში იჯდა და საზოგადოებაში დასაბრუნებელი გზა მოჭრილი ჰქონდა.

1920-იან წლებში კრიმინალური სუბკულტურა გახდა ერთადერთი ძალა, რომელიც ოფიციალურ პოლიტიკურ სისტემას ღიად დაუპირისპირდა. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დაპირისპირების მიზეზი იდეოლოგიების განსხვავებები კი არა, პირიქით, მათი გასაოცარი მსგავსება გახდა. კრიმინალური სამყარო ტოტალიტარული სახელმწიფოს მგავსად, კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებას ერთმანეთისგან არ ყოფდა. დიახ, ციხის სტრუქტურები და საბჭოთა სოციუმი ერთმანეთს წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ, მაგრამ „ქურდულ კანონებს“ საბჭოთა  კანონებთან შედარებით ბევრი უპირატესობა ჰქონდათ.  „გაგებით“ ცხოვრება გაცილებით მიმზიდველი ჩანდა, რადგან ერთგვარი ღირსების კოდი ახლდა, რომელიც თითქმის რაინდულად გამოიყურებოდა. ქურდულ  სამყაროში მოტყუება, ღალატი და დაბეზღება აკრძალული იყო. ამ სამყაროში კარიერისტები და მლიქვნელები სძულდათ, როცა საბჭოთა საზოგადოებაში ისინი მშვენვრად გრძნობდნენ თავს. დანაშაულებრივი სამყაროს  ხელოვნებაში გაიდეალება თითქმის სსრკ-ს შექმნისთანავე დაიწყო. ამ ტენდენციის ერთ-ერთი პიონერი ოდესელი მწერალი ისააკ ბაბელი გახლდათ, რომელმაც 1920-იან წლებში ზღვისპირა ქალაქის დანაშაულებრივი სამყაროს შესახებ თავისი ცნობილი "ოდესის ისტორიები" დაწერა. ბაბელის გმირი, ოდესელი ყაჩაღი მისი დანაშაულებრივი საქმიანობის მიუხედავად, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ კეთილშობილ რაინდს ჰგავდა.

კრიმინალური სისტემის მზარდმა პოპულარობამ განაპირობა ის, რომ 1930-იან წლებში ქვეყანაში თითქმის არ დარჩა ოჯახი, რომელსაც ციხეში ნამყოფი წევრი არ ჰყავდა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ადამიანები  სასჯელს პოლიტიკური თუ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდნენ, მთავარია, რომ მათ ოჯახში ახალი, აკრძალული და შესაბამისად, მიმზიდველი კულტურა შეჰქონდათ - ციხის სვირინგები, ჟარგონი, ჩაცმის წესი და რა თქმა უნდა, ქურდული სიმღერები. ომის შემდგომ წლებში „ქურდების“ პოპულარობამ პიკს მიაღწია. ქურდულ სიმღერებს თითქმის ყველა ოჯახში, ქუჩაში თუ დუქანში მღეროდნენ. სწორედ ასეთი სიმღერებით დაიწყეს მოღვაწეობა ვლადიმერ ვისოცკიმ და ალექსანდრე როზენბაუმმა. 

დანაშაულებრივი სუბკულტურის პოპულარობას „ციხის ინსტიტუტების“ გარდა, ხელი იმანაც შეუწყო, რომ დამნაშავეთა სამყარომ საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ის საბჭოთა სისტემის ანტიპოდი გახდა და ბევრი ადამიანი, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონდა, მაგრამ დისიდენტობისთვის განათლება არ ყოფნიდა,  დანაშაულებრივი სამყაროს წევრი გახდა. 

1980-იანი წლების ბოლომდე დანაშაულებრივ სამყაროს საზოგადოებაში ტაბუ ედო. ტაბუს მოხსნა „რკინის ფარდის“ გახსნას დაემთხვა. ამის შემდეგ დაიწყო დანაშაულებრივი სამყაროს შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ციხეებიდან რეპორტაჟები და ფილმების გადაღება, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მედიამ შეასრულა.  „ყვითელი პრესა“ დანაშაულებრივი სამყაროს ახალბედა წევრებისთვის ნამდვილი გზამკვლევი გახდა, თუმცა ხშირად ავიწყდებოდა აღენიშნა, რომ ეს ახალი ტენდენციები კი არა, საბჭოთა ეპოქის უსიამოვნო მემკვიდრეობაა, რომელიც დღემდე შემორჩა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა