ვინ იყო საბჭოთა ლამაზმანი, რომელიც ამერიკელ ჩოგბურთელ ქალზე დაქორწინდა და როგორ ცხოვრობდნენ სექსუალური უმცირესობები სსრკ-ში?
დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირში სექსუალური უმცირესობები არ არსებობდნენ და „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ, „გარყვნილი დასავლეთის“ გავლენით გაჩნდნენ, მაგრამ ასე არაა. სსრკ-ში გეები და ლესბოსელები არსებობდნენ, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, საკუთარი ორიენტაციის დემონსტრირებას ერიდებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცს ბუნების შეცდომად და ცოდვილად მიიჩნევნდენ, რომელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს, თუმცა ლესბოსელების მიმართ უფრო ლომობიერები იყვნენ. მაგალითად, რუსეთში არავის აინტერესებდა რას აკეთებდა ქალი სახლის დალაგებისა და ბავშვების მოვლისგან თავისუფალ დროს. არსებობს ინფორმაცია, რომ მეფის რუსეთის დროს ქალებს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისთვის 40-დღიანი მარხვით სჯიდნენ.
მე-19 საუკუნეში ლესბოსელი ქალბატონების მიმართ დამოკიდებულება გამკაცრდა, თუმცა სასჯელის დაწესებამდე საქმე არ მისულა. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირში ერთსქესიანთა შორის სიყვარული გარყვნილებად კი არა, დაავადებად მიაჩნდათ, ამიტომ ყველაფერი ლესბოსელის ფსიქიატრთან სამკურნალოდ გაგზავნით მთავრდებოდა. მე-19 საუკუნეში, პეტერბურგელ და მოსკოველ მეძავებს შორის ლესბოსელებსაც ნახავდით, რომელთა მომსახურებით მდიდარი ქალბატონები სარგებლობდნენ. ასეთ მეძავებს „კატებს“ ეძახდნენ და ისინი ჩვეულებრივ მეძავებზე მეტ ფულს შოულობდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი სექსმუშაკების კლინიკაში, სამკურნალოდ გაგზავნა თავში არავის მოსდიოდა.
პირველ პოსტრევოლუციურ წლებში ბოლშევიკებს ლესბოსელებისთვის არ ეცალათ, მხოლოდ 1928 წელს გაიხსენეს და მათი ქირურგიული გზით მკურნალობა დაიწყეს - რომელიღაც მეტისმეტად გამჭრიახმა მედიკოსმა მოიფიქრა, რომ აკრძალული სიყვარულისგან განსაკურნად ქალს მარჯვენა მკერდის ქვეშ ცხოველის საკვერცხის ნაწილი უნდა გადაუნერგონ და პირველი ოპერაციაც ჩატარდა...
ქალს, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს ძალიან გაუმართლა - მიუხედავად იმისა, რომ "მანკიერი" სიყვარულისგან არ განიკურნა, ცოცხალი გადარჩა, თუმცა ლესბოსელობისგან განკურნების ეს ხერხი აღარასოდეს გამოუყენებიათ. 1933 წელს, სსრკ-ში შემოიღეს სისხლის სამართლის კანონი, რომელიც ლესბოსელებისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით სამთვიან მკურნალობას ითვალისწინებს. ამით სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ რეპრესიული ზომების გატარება დაიწყო.
ბევრი ლესბოსელი იძულებული გახდა, რომ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად, გათხოვილიყო. მიუხედავად იმისა, რომ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების დემონსტრირება მათთვისაც საშიში იყო, ლესბოსელებს გეებთან შედარებით, ნაკლები საფრთხე ემუქრებდათ. ლესბოსელ ქალს კოლონიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში აგზავნიდნენ, თუ ფსიქიატრთან მკურნალობაზე უარს იტყოდა, გეებს კი არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები შეიძლება კარიერის განადგურებად და თავისუფლების დაკარგვად დაჯდომოდათ.
რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს, ლესბოსელები სოფლებში განსაკუთრებით კარგად გრძნობდნენ თავს - აზრად არავის მოსდიოდა, რომ კოლმეურნეობაში მომუშავე, მეზობლად მცხოვრებ ორ ქალს შორის მეგობრობის გარდა, შეიძლებოდა სხვა ურთიერთობაც ყოფილიყო, ამიტომ ზედმეტი კითხვებით არავინ აწუხებდათ.
ლესბოსელების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გორბაჩოვის გარდაქმნის პერიოდამდე გაგრძელდა.
პირველი გოგონა, რომელმაც ღიად აღიარა, რომ მამაკაცებზე მეტად ქალები მოსწონდა, 1990 წელს სსრკ-ში ჩატარებული სილამაზის კონკურსის მეორე ადგილზე გასული იულია ლემიგოვა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზმანმა სამშობლოში საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ განაცხადა, საცხოვრებლად მაინც აშშ-ში წავიდა. ლემიგოვამ იქ ჩოგბურთის ვარსკვლავზე, მარტინა ნავრატილოვაზე იქორწინა, რომელიც თავის სექსუალურ ორიენტაციას არასოდეს მალავდა.