თეგებით ძიება

ქართველი ერის გოლგოთა და აღდგომა - 35 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

 35 წელი გავიდა ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღიდან, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა საქართველოს ბედი. "საქართველოს ეროვნული სულისკვეთების ძლიერი ტრადიცია აქვს" - წერდა 10 აპრილს გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post. მაშინ ამ მოვლენამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. 1989 წლის 9 აპრილს, დილის 4 საათზე საბჭოთა ჯარებმა, გენერალ-პოლკოვნიკ იგორ როდიონოვის მეთაურობით მშვიდობიანი დემონსტრაციის სამაგალითო სისასტიკით დაშლა დაიწყეს. ჯავშანტექნიკის, მხუთავი აირის, სასანგრე ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად ადგილზე დაიღუპა 16, საავადმყოფოში კიდევ 4 ადამიანი, ხოლო ერთიც კომენდანტის საათის დარღვევის დროს. ყველაზე უმცროსი მსხვერპლი 15 წლის იყო. დაშავდა ასობით. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1985 წელს მიხეილ გორბაჩოვმა დასუსტებული საბჭოთა კავშირი ჩაიბარა, რომლის გადასარჩენად ე.წ. "გლაზნოსტი" და "პერესტროიკა" გამოაცხადა. სისტემის შედარებით ლიბერალიზაციას, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობა მოჰყვა. 1988 წლიდან სხვადასხვა მიზეზით საქართველოში ტარდებოდა ხალხმრავლი საპროტესტო აქციები. მღელვარებამ პიკს 1989 წლის 18 მარტს "ლიხნის ანსამბლეის" შემდეგ მიაღწია, როდესაც აფხაზი ხალხის ნაწილმა საქართველოს სსრ-დან გასვლა მოითხოვა. ქართულ საზოგადოებაში ეს აღიქვეს, როგორც კრემლის მიერ წაქეზებული სეპარატიზმი და პროვოკაცია. შედეგად ჯერ სოხუმში გაიმართა გამოსვლები, ხოლო 4 აპრილიდან ეპიცენტრმა თბილისში, მთავრობის სახლის წინ გადმოინაცვლა. რამდენიმე დღეში აქციების მთავარი მოთხოვნა - საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა, დემონსტრანტთა რიცხვმა 20,000-ს მიაღწია. საქართველოს სსრ-ის მთავრობამ სიტუაციაზე კონტროლის აღდგენისთვის მოსკოვს მიმართა.

8 აპრილის დილას რუსეთიდან გადმოსხეს საბჭოთა არმიის 2,500-ზე მეტი ჯარისკაცი. იმავე დღის სარამოს პროტესტი 10,000-მდე დემონსტრანტმა განაახლა და გადაწყვიტა მთელი ღამე დარჩენილიყო რუსთაველის გამზირზე. ხალხს დაშლისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოუწოდა, თუმცა ადამიანები კრიტიკულ მომენტში უკან დახევას არ აპირებდნენ. დილის 4 საათზე ალყა შემორტყმულ მოქალაქეებზე ჯარისკაცებმა გაუფრთხილებლად მიიტანეს იერიში. რუსულ ტანკკებს ახალგაზრდები ცეკვითა და სიმრერით ეგებებიან. დაახლოებით 15 წუთში მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა, ხოლო ქალაქში ადამიანებს დილამდე დასდევდნენ. ღამით როდიონოვმა კომენდანტის საათი შემოიღო.

9 აპრილის დილით საზოგადოებამ "ბოროტების იმპერიის" ნამდვილი სახე იხილა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იყო და განმატკიცა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ერთადერთი გამოსავალი მისგან თავის დახსნა იყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ დღემ ახალი საქართველო დაბადა. ამ დღეს უკავშირდება პროცესების ორი მიმართულებით განვითარება: ერთს დამოუკიდებლობის აღდგენამდე მივყავართ, მეორე მიმართულებამ კი ნაციონალიზმის გამძაფრებას შეუწყო ხელი. ტრაგიკულ ღამეს დაცემული გმირების თავგანწირვამ შედეგი გამოიღო და 1991 წლის 9 აპრილს, იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღდგა. 

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა