თეგებით ძიება

თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის

ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში რუსული კანონის ადგილი არ არის! - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარული სხდომაზე.

როგორც ბოკუჩავამ განმარტა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაპირისპირების წყაროა“.

„ხომ ხედავთ, რამხელა პროტესტი გამოიწვია მორიგ ჯერზე რუსული კანონის შემოტანის მცდელობამ. რამხელა ვნებათაღელვაა. რუსული კანონი არის დაპირისპირების წყარო ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“. ქართველი ხალხის არჩევანმა, ამ არჩევანის დაცვამ, მათ შორის, გასული წლის აქციებით მოუპოვა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. ახლა, მორიგ ჯერზე, ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, ეს დიდი მონაპოვარი წაართვას, გზა ჩაუხერგოს ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. შეაჩერეთ რუსული კანონის განხილვა! შეაჩერეთ განხილვის პროცესი! არ გამოიტანოთ ეს კანონი არც დღეს, არც ხვალ და არც მომავალ სესიაზე, მომავალ წელს. ერთხელ და სამუდამოდ გაიწვიეთ რუსული კანონი! საქართველოში, რუსული კანონის ადგილი არ არის! საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არის ევროპა“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, განმარტა, რომ „ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს“.

„შეისმინეთ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებები. სასაცილოდ არ გყოფნიდათ გერმანიის კანცლერის უკიდურესად კრიტიკული განცხადებები, რომელიც გეუბნებათ, რომ ეს არ არის ევროპული კანონი. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები სრულიად სამარცხვინოდ დასცინიან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, სამარცხვინოა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს ეხება ეს. კი არ უნდა დასცინოდეთ საერთაშორისო პარტნიორებს, კი არ უნდა უგულებელყოფდეთ მათ მოწოდებებს, ქართველი ხალხის არჩევანს ფეხქვეშ კი არ უნდა თელავდეთ. უნდა უსმენდეთ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაემატა. საკითხი განსახილველად პირველი მოსმენით გადის. მასთან ერთად, პარლამენტს განსახილველად ორი ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი - „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ასევე - „გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები წარედგინება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნება". ის შინაარსით გასულ წელს ინიციირებული და საპროტესტო აქციების შედეგად „ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა