თეგებით ძიება

2023 წელს, ხელისუფლების შესაცვლელად სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმებოდა, მათ შორის, ქვეყნის გარედან - სუსის ანგარიში

2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რაც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

როგორც სუსში აღნიშნავენ, ასევე იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი.

„2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა. აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები. მათ შორის, იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 

სუსის განცხადებით, აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებდა ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს.

„საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანებას, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს“, - ნათქვამია ანგარიშში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა