რუსთავის სამშენებლო გამოწვევები და ურბანული მომავალი
"მიმაჩნია, რომ რუსთავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განახლებული გენერალური გეგმა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთავში ახალ მშენებლობებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, აუცილებელია, განახლებულმა დოკუმენტმა არსებულ გამოწვევებს უპასუხოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ქაოტური განაშენიანება.
მამუკა სალუქვაძე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში სამშენებლო რესურსი იწურება და დეველოპერები პერიფერიებზე გადიან, მნიშვნელოვანია, რუსთავმა სწორი პოზიცია დაიკავოს და კონკრეტული შეზღუდვები ჰქონდეს.
„მიმაჩნია, რომ რუსთავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განახლებული გენერალური გეგმა. ჩემი აზრით, ეს ძალიან დროული იქნება და ბევრ საკითხს გასცემს პასუხს. თბილისის გენგეგმის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავის გენერალური გეგმის არსებობაც.
ჩვენ ხომ უკვე მივადექით ამ პრობლემას, როგორი ურთიერთობები იქნება ამ ორ ქალაქს შორის, რა პერსპექტივა არსებობს და ხომ არ არსებობს რუსთავისა და თბილისის შეერთების გარკვეული საშიშროება?! რამ შეიძლება, რომ ამას ხელი არ შეუწყოს და შეიძლება თუ არა, ეს ყველაფერი აისახოს გენგეგმაში?!
თვითონ ქალაქშიც, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგროვდა. ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით მოთხოვნები გაიზარდა და სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსთავის გენგეგმა ძალიან დროული და საჭირო იქნება.
ვიცი, რომ რუსთავის გენგეგმა არსებობს, თუმცა გარკვეული წლების შემდეგ ეს დოკუმენტები უნდა გადაიხედოს და იმ ახალ გამოწვევებს უპასუხოს, რაც დროთა განმავლობაში დგება.
ფაქტია, რომ მოთხოვნები გაიზარდა და სამშენებლო ინტენსივობამ მოიმატა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ პროცესებს უნდა დაასწროს გენერალურმა გეგმამ და ხელი შეუწყოს მათ დარეგულირებას. არავინ ამბობს, რომ არ უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი და საჭიროა.
მთავარი საფრთხეა, რომ ქაოტურობა არ დაიწყოს და რუსთავშიც არ განმეორდეს ის პროცესები, რაც ბევრ სხვა ქალაქში დავინახეთ. თბილისი ამ ქაოტურობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო, რის გამოც გახდა საჭირო გენგეგმის შემუშავება.
ჩვენი დოკუმენტის ფარგლებში, რაც კი შესაძლებელი იყო, შევეცადეთ, ეს პროცესი მაქსიმალურად შეგვეჩერებინა, შეგვემცირებინა და უფრო ორგანიზებულ მდგომარეობაში გადაგვეყვანა, თუმცა, რა თქმა უნდა, 100%-ით ეს არ გამოდის.
ნებისმიერი ქალაქი შეიძლება გახდეს თბილისის პატარა ანალოგი. რუსთავი საკმაოდ ახლოს არის დედაქალაქთან, რის გამოც მას სხვანაირი დატვირთვა გააჩნია. შესაძლებელია, ის გამოყენებული იყოს როგორც სატელიტი ქალაქი და პრაქტიკულად, ასეთი არის კიდეც.
როდესაც თბილისში მშენებლობების რესურსი იწურება, დეველოპერები უკვე პერიფერიებში გადადიან და გადიან განაშენიანების მიღმაც. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთავს სწორი პოზიცია ჰქონდეს.
ქალაქმა შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს და მიანიშნოს, სად შეიძლება განვითარდეს განაშენიანება და სად არა. თუ ეს არ გაკეთდა, რა თქმა უნდა, რისკი ძალიან დიდია“, - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.