თეგებით ძიება

პროექტი, რომელიც მხოლოდ ინვესტორის მერკანტილური ინტერესებისთვის შეიქმნა და ქვეყანას აზიანებს, უნდა შეჩერდეს და მიხარია, რომ ასე მოხდა - არჩილ გუჩმანიძე

ბათუმის კუნძულის (შპს ამბასადორ აილენდი) პროექტი გზშ დახარვეზდა. მადლობა საქართველოს სოფლის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებისთვის. ეს ჩვენის საერთო გამარჯვებაა ამ უმსგავსობისგან ბათუმის გადასარჩენად - ამის შესახებ გარემოს დაცვის ექსპერტი, იქთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს. გუჩმანიძე  ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი მავნებლობად მიაჩნია და მისი შეჩერების მოთხოვნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. რა გახდა პროექტის დახარვეზების მიზეზი და საბოლოოდ, მოხდება თუ არა ბათუმში ხელოვნური კუნძულის აგება - ამ კითხვებიით TIA.GE არჩილ გუჩმანიძეს დაუკავშირდა. 

- პროექტის დახარვეზების მიზეზი გახდა ის, რომ ანგარიში ძალიან სუსტი იყო და მთელი რიგი შეუთავსებლობები ჰქონდა. არ იყო გათვალისწინებული საფრთხეები, მთელი რიგი მიმართულებით არ იყო ჩატარებული სათანადო კვლევა, მოკლედ, ანგარიშს ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა და ვფიქრობ, სამინისტრომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ კვლევა, რომელიც პროექტის ავტორებმა წარმოადგინეს, ყველაფერი იყო კვლევის გარდა. ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ასეთი დონის კვლევებზე, ასეთ გათვლებზე და ასეთ შეფასებებზე დაყრდნობით არ კეთდება. ამას კორექტული კვლევა ჭირდება. ჩემთვის რთული სათქმელია, ეს მიზანმიმართულად თუ არაკომპეტენტურობის გამო მოხდა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები კრიტიკასაც არ ექვემდებარებოდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამხელა პროექტები, ასეთი გათვლებით და ასეთი კვლევებით იგეგმებოდა და ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

- ეს გადაწყვეტილება ხელოვნური კუნძულის იდეაზე მთლიანად უარის თქმას ნიშნავს თუ ხარვეზების გასწორების შემდეგ პროექტი ისევ დაბრუნდება?

- მათ აქვთ ორთვიანი ვადა. ამ ორ თვეში უნდა გაითვალისწინონ ყველა  შენიშვნა, რომელიც არის წარმოდგენილი და შემდგომ ვნახავთ, რა იქნება გათვალისწინებული, რას წარმოადგენენ და რას ვერა. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იქ არის საკთხები, რომლებსაც უბრალოდ, ვერ გაითვალისწინებ, ამისთვის ხელახალი კვლევის ჩატარებაა საჭირო. იქ არ არის ისეთი შენიშვნები, რომ რაღაც რიცხვი ან სიტყვა ჩაასწორო. ძალიან ბევრი შინაარსობრივი შენიშვნაა, რომელიც საერთოდ ახალი კვლევების ჩატარებას ან კვლევების ხელახლა ჩატარებას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ორთვიან პეროდში ამის გაკეთება შეუძლებელია. ამას ჭირდება ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდი და საკითხისადმი უფრო სერიოზული მიდგომა. 

- იმის მოლოდინი არ გაქვთ, რომ პროექტზე საერთოდ უარს იტყვიან?

- ეს პროექტი არავის სჭირდება - არც ბათუმს, ზღვისპირეთს, არც ტურიზმის სექტორს, ბათუმის პორტს, არ სჭირდება არც საქართველოს. ეს პროექტი მხოლოდ და მხოლოდ რომელიღაც ინვესტორის ვიწრო, მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება, ქვეყანას კი მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს. მერწმუნეთ, ის დააზიანებს ბათუმის პორტს და ბათუმის უბეს, მთლიანად გაანადგურებს ამ მონაკვეთს და სერიოზულ რისკებს შექმნის ზღვისპირეთში ტურიზმის განვითარების კუთხით იმიტომ, რომ ნავთობით დაბინძურების და ეკოლოგიური ზიანის სერიოზულ რისკების ქმნის. ერთი სიტყვით, ეს პროექტი არავის სჭირდება და იმედს ვიტოვებ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ამ საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგებიან, როგორც ახლა გააკეთეს ამისთვის მადლობელი ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომავალშიც. შეიძლება უარი არ თქვან და რაღაც დამატებითი პერიოდი მისცენ იმიტომ, რომ ეს კვლევა არ იყო, ეს იყო კომიქსი ამ სიტყვის სრული მნიიშვნელობით. ამხელა პროექტზე, რომელმაც ძირეულად უნდა შეცვალოს ჩვენი ქალაქი, კომპანიამ წარმოადგინა კომიქსი და დაარქვა კვლევა. ეს კადრეს ბათუმს, ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას. თან გამოდიოდნენ და გვატყუებდნენ, რომ ამას საერთაშორისო, მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო სტრუქტურები ჩაატარებდნენ და საბოლოოდ გამოვიდა, რომ კვლევა გარემოს ეროვნულ სააგენტომ ჩაატარა - სტრუქტურამ, რომელიც თავად არის ნებართვის გამცემი. ეს ხომ პირდაპირ კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა? ჩემთვის წარმოუდგენელია, ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს უმსგავსობა და საერთოდ, ვის ინტერესებშია პროექტი, რომელიც გაცილებით მეტ პრობლემას ქმნის, ვიდრე სარგებელს.  შეიძლება, რომ ერთი ინვესტორის გასამდიდრებლად ბათუმის პორტი, ბათუმის უბე, ამხელა აკვატორიის ეკოლოგია და ტურიზმი რისკის ქვეშ დავაყენოთ? დაველოდოთ, ორ თვე წინაა და შემდგომ კიდევ ჩავერთვებით. რა თქმა უნდა, ამ საქმეს არ მოვეშვები და ბოლომდე მივყვები. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა