უსაფრთხოების დარგში პარტნიორობას გვთავაზობენ, რომელიც ამერიკას მხოლოდ ისრაელთან აქვს. არ ვიცი მეტი რა შეიძლება შემოგვთავაზონ - ვახტანგ ძაბირაძე
აშშ-ის კონგრესში განსახილველად შედის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსის ცვლილების შემთხვევაში მიმზიდველ შეღავათებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს. „ქართული ოცნება" ჯო უილსონის საკანონმდებლო ინიციატივას ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებად და შეურაცხმყოფელ შანტაჟად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფოს მიმართ მეტი პატივისცემაა საჭირო. როგორ აისახება ამერიკის კონგრესში კანონპროექტის განხილვა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დაძლევს თუ არა პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე დადებულ ვეტოს და რა მომავალი აქვს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს? ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა:
- ჩვენი ყველა პარტნიორი ერთად თუ ცალ-ცალკე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ანტიდემოკრატიულ კანონზე უარი თქვას და პასუხად, კალაძე, კობახიძე და სხვები ევროპას აქედან ასწავლიან როგორია ევროპელობა. სავარაუდოდ, ასეთ ვითარებაში ზეწოლა გაგრძელდება. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ ვეტო დაძლიოს და კანონი მიიღოს. აქ ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს: ერთმხრივ, ვხედავთ ქუჩაში რა ხდება, ზონდერები როგორ მოქმედებენ აქციაში მონაწილეთა მიმართ და მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ საარჩევნო კოდექსში ისევ ცვლილებები შეაქვთ. ცვლილებების შედეგად, გადაწყვეტილებებს ორი მესამედის ნაცვლად, ერთი მესამედი ანუ ჩვეულებრივი უმრავლესობა მიიღებს. გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ სრულმასშტაბიანი მონოპოლიისა და არჩევნების კონტროლისთვის ემზადება. ასეთ ვითარებაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან რა რა თქმა უნდა, ძალიან მკვეთრი პასუხი იქნება ყველაფერზე, რასაც „ქართული ოცნება“ დღეს აკეთებს. მე არ მახსენდება, რომ შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში ოდესმე ასეთი კანონპროექტი მომზადებულიყო და განხილულიყო. აქ ყველაფერია იმისათვის, რაც ჩვენ შეიძლება ამერიკას ვთხოვოთ. უსაფრთხოების დარგში პარტნიორობას გვთავაზობენ, რომელიც ამერიკას მხოლოდ ისრაელთან აქვს. არ ვიცი მეტი რა შეიძლება შემოგვთავაზონ.
- „ქართული ოცნების“ პასუხს როგორ შეაფასებთ?
- „ოცნება“ ყველაფერზე უარს ამბობს და როგორც ჩანს იმისთვის ემზადება, რომ მთელი სიტუაცია აკონტროლოს და ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წაიყვანოს. აქ გამჭვირვალობაზე ლაპარაკი აღარ არის, ლაპარაკია იმაზე, იმ მყიფე დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს, შევინარჩუნებთ თუ ბელორუსს დავემსგავსებით.
- საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციით არის გამყარებული, ამიტომ ბუნებრივია, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება..
- შარშანდელი კანონის გაუქმების შემდეგ, მთელი წელია, ქვეყანაში ღია ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს. მანამდე „ხალხის ძალა“ ლაპარაკობდა და უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, მაგრამ ერთი წელია, გაერთიანდნენ და ერთ ხმაში ლაპარაკობენ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ომის პარტიაზე, ომის პარტია მასონებთანაც გააიგივეს და მოკლედ, ხელისუფლების განცხადებებში სრული ვაკხანალიაა. გასაგებია, რომ მეგობრების მიმართ ასეთი განცხადებები არ კეთდება.
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე რას გვეტყვით? რა ხდება ამ კანონში ისეთი, რომ თითქმის მთელი ევროპა და ამერიკა დაგვაპირისპირა?
- რაც შეეხება გამჭვირვალეობას, გამჭვირვალეობის წინააღმდეგი არავინ არაა, მაგრამ ეს უფრო სატყუარაა, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება ცდილობს ამ კანონის მიღებას. ლაპარაკია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკაშიც მუშაობს. კი მუშაობს, მაგრამ რუსეთშიც ხომ მუშაობს? ამასთან, ამერიკაში და რუსეთში სხვადასხვაგვარად მუშაობს, იმიტომ, რომ ამერიკაში დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებულია, ამიტომ იქ დამზღვევი მექანიზმები მუშაობს, რუსეთში კი ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობაა, ამიტომ იქ ეს კანონი მუშაობს ისე, როგორც მუშაობს და ჩვენთაც იგივეა. ჩვენთან ხომ დღეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობაა? სამწუხაროდ, რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მას შემდეგ ყველა ხელისუფლება ასე იყო, მაგრამ დღესაც ასეა. ამასთან ქართული ოცნება ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე დგას და 60% და 80% კი არა, 30%-იანი რეიტინგის იმედიც არ აქვს. გვახსოვს, რომ 2020 წელს, პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ 46% მიიღეს, ანუ უმრავლესობის დაკარგვის შიში აქვთ და ცდილობენ ყველაფერზე კონტროლი დაამყარონ. 2020 წელს ეს არ სჭირდებოდათ იმიტომ, რომ შერეული სისტემა იყო და დღევანდელი უმრავლესობა მაჟორიტარების ხარჯზე შეიქმნა. ამიტომ „ოცნებას“ ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ ძალაუფლების შესანარჩუნებლლად სჭირდება. ეს რომ რუსეთის ინტერესებში შედის, კიდევ ცალკე თემაა. მე არ ვამბობ, რომ კრემლიდან ურეკავენ და მითითებებს აძლევენ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? თუ დემოკრატიული ინსტიტუტები არ განვითარდა, თუ ივანიშვილი პუტინივით მუდმივად ხელისუფლლებაში უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს ვინმე ურეკავს თუ თვითონ უნდა? მთავარია, რომ ამის განხორციელებას აპირებს და ამ სურვილს ყველა ვხედავთ. ესაა პრობლემა.
- ამაში გარკვეული „დამსახურება“ ოპოზიციასაც ხომ არ მიუძღვის? ახლახან გუბაზ სანიკიძემაც აღნიშნა, რომ აქციებზე მყოფი ახალგაზრდები ტრიბუნაზე პოლიტიკოსების გამოჩენას ოვაციებით არ ხვდებიან. ოპოზიციას რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა არ აქვს, ეს რაზე მიუთიითებს?
- ოპოზიცია რა თქმა უნდა, ვერც სტრატეგიაში და ვერც ტაქტიკაში ვერ ჩამოყალიბდა. რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ პოლიტიკოსები ამ აქციას სათავეში მოქცეოდნენ და ეს მცდარი ნაბიჯია. ოპოზიციამ აქციები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არა იმისთვის, რომ ტრიბუნები დაიკავოს და მოწოდებები აკეთოს, არამედ საარჩევნო შეხვედრებზე, საკუთარ ამომრჩეველს უნდა დაანახოს, რა ხდება რუსთაველზე და როგორ იქცევა ხელისუფლება. ანუ თავისი პიარისთვის უნდა გამოიყენოს, მაგრამ როგორც კი ეს აქციები პარტიული გახდება, ორ დღეში იქ კაცის ჭაჭანება არ იქნება.. მარტო პარტაქტივი დარჩება. ოპოზიციას დღეს მნიშვნელოვანი თემები აქვს გადასაჭრელი, თუ მართლა უნდა ის, რაზეც საუბრობენ. მე ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას არ ვგულისხმობ. ჩემთვის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა უკვე ერთი მედლის ერთი მხარეა, მცირე დეტალებით თუ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამასთან, ნაციონალებს ვუწოდებ ნაციონალური ორგანიზაციებიდან წარმოშობილ პოლიტიკურ ძალებს ჯამურად. შესაბამისად, რამდენიმე პოლიტიკურრი ჯგუფი რჩება, რომელმაც უნდა შეძლოს გაერთიანება და ჩამოყალიბება თუ მართლა ქვეყნის ბედი აინტერესებს და არა საკუთარი კეთილდღეობა. ეს არის გახარია, ეს არის „ლელო“, ეს არის ანა დოლიძე, ეს არის ალეკო ელისაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატების პატარა ჯგუფი პარლამენტში. ეს ხალხი თუ გაერთიანდება, მაშინ ვიტყვი, რომ აქ მართლა ქვეყანაზე იფიქრებენ და არა საკუთარ თავზე. თუ ასე დანაწევრებულები გავლენ, 5% იანი ბარიერის შემთხვევაში საკმაოდ რთულად იქნება საქმე და „ქართულ ოცნებას“ მიეცემა საშუალება უფრო მეტი მანიპულირება განახორციელოს. რას მოიტანს ეს მანიპულირება ვერ გეტყვით, მაგრამ ქვეყნისა და ოპოზიციისთვის კარგი და სასიამოვნო რომ არ იქნება, ეს გასაგებია.
- საქართველოს პოლიტიკურ კურსზე რამდენად ახდენს გავლენას ახლო აღმოსავლეთში თუ უკრაინაში განვითარებული მოვლენები?
- ჩვენთან მიმდინარე პროცესებზე ძირითად გავლენას უკრაინა-რუსეთის დაპირისპირება ახდენს. თუ პროცესი ისე წავიდა, რომ ომიდან რუსეთი გამარჯვებული გამოვიდა, მაშინ ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმე იქნება, თუ პირიქით მოხდა, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ის, რომ ახლა ინიციატივა რუსეთს აქვს და სრულმასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება ქართულ პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, განსაკუთრებით უმრავლესობიდან, ნამდვილად მოქმედებს. თუ ეს შეტევა რუსეთიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ ჩვენთან ვითარება საკმაოდ დამძიმდება, თუ პირიქით, მაშინ შეიძლება არჩევნებზე, რომელიც კარს მოგვადგა მშვიდობიანი და რეალური გამოსავალი მოვძებნოთ.
- იქნებ ხელისუფლება „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიას“ პრინციპით მოქმედებს?
- იცით რა, წინასწარ კაპიტულაციის გამოცხადება არ შეიძლება! ის, რაც კეთდება ხომ წინასწარი კაპიტულაციაა? მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ომი რუსეთის უპირობო გამარჯვებით დასრულდება, იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენზე კი არა, მთელ დასავლეთზე იმოქმედებს. რუსეთის გამარჯვება მსოფლიოში ავტორიტარიზმის გაძლიერებას ნიშნავს. თუ ამ პროცესებს უფრო ფართო სპექტრით შევხედავთ, ეს არის პროცესები ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის და უკრაინის დამარცხდება ავტოკრატიის გამარჯვებას ნიშნავს. დასავლეთი ამას აცნობიერებს, ოღონდ ისე სწრაფად ვერ მოქმედებს, როგორც რუსეთი. ავტოკრატიულ რეჟიმებს სწრაფად მოქმედების უპირატესობა ნამდვილად აქვთ - ერთი კაცი გადაწყვეტს და მეორე წუთში გადაწყვეტილების განხორციელება იწყება. დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გარკვეულ დროს მოოითხოვს, მაგრამ ვფიქრობ, მსოფლიო ნელ-ნელა მიხვდება, რომ უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება და აღჭურვილობა სჭირდება და ამასობაში ნელ- ნელა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებიც შედეგს მოიტანს. რუსეთს პრინციპში, ეს ომი წაგებული აქვს, მაგრამ მოგებული დასავლეთი კი არა შესაძლოა, ჩინეთი აღმოჩნდეს. ეს კიდეც ცალკე სასაუბრო და ძალიან რთული თემაა და ბევრი წახნაგი აქვს. რეალობა ასეთია და ვფიქრობ, ეს დასავლეთს ესმის, ამიტომ არ დაუშვებს, რომ ეს ომი უკრაინამ წააგოს.