თეგებით ძიება

პირიქით ჰგონიათ, მაგრამ დეპუტატების კოშმარი სწორედ ღილაკზე თითის მიჭერის შემდეგ დაიწყება - დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვეტოს დაანონსებულ დაძლევას ეხმაურება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ზოგადად არ არის მომხრე ადამიანების მორალური ჩაქოლვის, მაგრამ უმრავლესობის დეპუტატებს უნდა ესმოდეთ, რომ ღალატის შემდეგ, მათი ცხოვრება შეიცვლება და ამ იარლიყს ვეღარასოდეს მოიშორებენ.

"ყველა დეპუტატს, ვინც დღეს ხელს მოაწერს ქვეყნის ღალატს, გარდა იმისა, რომ თავს იდებილებს და იმშვიდებს, ამას ღალატს მარტო ნაცები ეძახიან და ბატონ ბიძინას ყველაფერი გათვლილი აქვსო, ერთგვარად ანუგეშებს იმის განცდა, რომ აი, მიაჭერენ ახლა ღილაკს თითს, ორი დღე აგინებენ ნაცები და გლობალური ომის პარტიის აგენტები და მერე ყველაფერი ჩადგება კალაპოტში: ივლიან სტუმრად, გააგრძელებენ ურთიერთობას მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან... დიდი დიდი ამერიკაში და შესაძლოა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვეღარ წავიდეს და მაგასაც გადაიტანს როგორმე. სამაგიეროდ ბიძინა დაუფასებს ერთგულებას და რამეს უწყალობებს.

ამ ხალხმა რომ იცოდეს, რუსული კანონისთვის ხმის მიცემა რეალურად გამოიწვევს მათი მორალური რეპუტაციის განადგურებას და საზოგადოებისგან გარიყვას, კიდევ ასჯერ დაფიქრდებოდნენ, მაგრამ არ ჰგონიათ ასე. პირიქით ჰგონიათ, რომ გადააგორებენ და კოშმარიც დამთავრდება.

ჰოდა ასე რომ ჰგონიათ, ისიც უნდა ვუთხრათ, რომ მათი კოშმარი სწორედ ღილაკზე თითის მიჭერის შემდეგ დაიწყება. პირადად მე ერთ-ორ მათგანს ვიცნობ პოლიტიკის გარეთაც და აქვე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა: არასდროს მათ ამას არ ვაპატიებ და ყველგან და ყოველთვის შევახსენენ ქვეყნის ღალატზე რომ აქვთ ხელი მოწერილი.

საერთოდ არ ვარ ადამიანების მორალური ჩაქოლვის მომხრე, მაგრამ მოღალატეები და ქვეყნის მომავლის დამხურდავებლები ერთი პარანოიკის ძალაუფლებაში, ამას ნამდვილად იმსახურებენ", - დაწერა ზურაბიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა